„ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ის ტემპი, რაც გვქონდა გასულ პერიოდში და კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები. ახალ ადმინიტრაციას უნდა დავანახოთ ჩვენი ფუნქცია რეგიონში, რომ საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ პოლიტიკაში სერიოზული მოთამაშეა. ეს საპრეზიდენტო არჩევნები უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. ამერიკელი ხალხის ეს არჩევანი ორიენტირებულია ცვლილებებზე. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს საერთო პრინციპებზე და საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა. გვაქვს ქარტია, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებს. ეს მიმართულებები იქნება მთავარი პრიორიტეტები.
კარგი საფუძველია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები, გვქონდა ისტორიული ვიზიტიც, როდესაც სახელმწიფო მდივანი იან კელი იმყოფებოდა საქართველოში. ამ ვიზიტებს მოჰყვებოდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგი. ამ შედეგებზე უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობა ახალ ადმინისტრაციასთან. ბოლო არჩევნები ამერიკული თანამეგობრობის მხრიდან იქნა შეფასებული, როგორც წარმატებული. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო, მყარი ორპარტიული მხარდაჭერა. ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობები და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მრავალმხრივ ფორმატში იქნება თანმიმდევრული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ტრამპის პირველი განცხადებები, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან,“–განაცხადა ზალკალიანმა.
მანანა ღოღობერიძე