მსოფლიო დიდი ომის მოლოდინშია, სირიაში სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, სირია სრულ მზადყოფნაშია, წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, თუმცა ექსპერტების აზრით, ასადი განწირულია. ,,რეფორმატორთა კლუბის” ექსპერთა აზრით, ამ სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია, როგორც ,,ნიუპოსტს” დიმიტრი შაშკინმა განუცხადა, საუბარია იმაზე, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები.
,,სიტუაციამ სირიასთან დაკავშირებით გაიარა დაბრუნების წერტილი, სამხედრო ოპერაცია არის გარდაუვალი, ასადი არის განწირული. ამ სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია, ფაქტობრივად, ნულის ტოლი. ის შეარაღება, რომელიც ამ წუთისთვის კონცენტრირდება გვაძლებს 100%-იან გარანტიას იმისას, რომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რა სახის სამხედრო ოპერაცია იქნება ჩატარებული სირიაში”, – აცხადებს შაშკინი.
ექსპერტების ვარაუდით, სამხედრო ოპერაცია გასტანს მინიმუმ სამ დღეს და იქნება შესაბამისად, სამ ეტაპიანი: ,,არის ორი ვარიანტი – ერთი არის სახმელეთო, რომელიც ნიშნავს საოკუპაციო კონტიგენტის შეყვანას, რომელიც არ იქნება და მეორე ვარიანტი, თუ როგორ დაარტყამენ სირიას. სირიას ამ დღეებში პირველ დარტყმას მიაყენებენ წყალქვეშა ნავები, ბრიტენთის და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე წყალქვეშა ნავი უკვე შესულია, ესენი პირველ რიგში დაარტყამენ იახონტებს და ბასტიონს, რომლებიც კონცენტრირებული არიან სირიის სანაპიროზე. ეს არის რუსული წარმოების. იახონტის რაკეტის სიჩქარე არის 3000 კმ საათში, და აქვს შესაძლებლობა, რომ იფრინოს დაბალ სიმაღლეებზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფლოტს, ამიტომ სანამ ფლოტი შევა იახონტის რადიუსში, მანამდე წყალქვეშა ნავები დაარტყავენ. ეს იქნება პირველი დღე, მეორე დღეს ფლოტი ჩაერთვება და ტამაგავკები დაბომბავენ აეროდრომებს. სირიას აქვს 400-მდე თვითმფრინავი, ძირითადად მიგ-21, რომელიც ძველი, მაგრამ რაოდენობრივად დიდია, ამიტომ ამის განადგურების შემდეგ ჩაერთვება უკვე ავიაცია, რომელიც გააგრძელებს ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ეს გაგრძლედება მინიმუმ სამი დღე”, – აცხადებს შაშკინი.
მისივე განმარტებით, სირიის დაბომბვის შემდეგ დგება საკითხი, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს ამერიკას და მის პარტნიორებს?
,,პირველი, მათ შეუძლიათ შექმნან დახურული ზონა და საჰაერო სივრცე ჩაკეტონ. მეორე, შესაძლოა წავიდნენ ბუფერული ზონების შექმნაზე, სადაც ვერ შევა ასადის ჯარი და მოაქცევენ თავიანთი პროტექტორატის ქვეშ – გაწვრთნიან ოპოზიციის ძალებს, გადაიარაღებენ და მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს. მესამე – შეუძლიათ ოპოზიციას მისცენ იარაღი, მაგრამ ძალიან საშიშია, რადგან ეს იარაღი შესაძლოა მოხვდეს ალ-ქაიდას ხელში. სწორედ ესაა მიზეზე, რის გამოც არ აძლევენ ანტისაჰაერო იარაღს, და მეოთხე – შეიძლება აიღონ ასადის ქიმიური იარაღის ქარხნები და საცავები კონტროლის ქვეშ მოაქციონ. პირველი და მეორე მარტივად შესრულებადია, მესამე კი სახიფათოა დასავლეთისთვის. მეოთხე უკვე დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისას, მცირე, მაგრამ გარკვეული კონტიგენტი უნდა შეიყვანონ, რომელიც ამ კონკრეტულ წერტილებში განლაგდება”, – აცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება ირანის საკითხს, მისთვის სირია რეგიონში ერთადერთი მოკავშირეა. ექსპერტები საუდის არაბეთის ფაქტორსაც განიხილავენ, რომელიც რეგიონში დომინანტობის პრეტენზიას აცხადებს. სულ ცოტა ხნის წინს საუდისტების პრინცი ჩასული იყო პუტინთან, სადაც საკმაოდ მძიმედ წარიმართა მოლაპარაკებები, ადგილი ჰქონდა მუქარას, შანტაჟს, თუმცა საუდისტები ამ პროცესის ავანგარდში არიან.
,,თუკი ირანი ჩაერთვება სირიის სასარგებლოდ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში. ირანს აწყობს, რომ სირიის დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდეს, რაც უფრო დიდხასნს გასტანს ეს პროცესი, მით უკეთესი ირანისთვის, ბუნებრივი მიზეზების გამო – ერთადერთი მოკავშირე ირანს დარჩა სირია. გარდა ამისა, ირანის ჩართვიე შემთხვევაში საკითხი დგას შემდეგნაირად: ირანი ჩაერევა ღიად, როგორც მხარე, თუ ირანი ჩაერევა ისე, როგორ საბჭოთა კავშირი ვიეტნამის ან კორეის ომის დროს? ჩემი აზრით ირანი ჩაერევა მეორე გზით”, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
შაშკინი სირიის პროცესების განხილვისას პარალელს ავლებს ერაყის მოვლენებთან: ,,სიტუაცია არის, ასე ვთქვათ ,,პატური” – ასადი განწირულია, მაგრამ ამავდროულად პროცესი ძალიან ჰგავს ერაყის პროცესს, დაახლოებით ისე, როგორც მამა ბუშის დროს ვითარდებოდა მოვლენები ერაყთან დაკავშირებით, არც მაშინაც იყო პოლიტიკურ ნება, არც ფინანსურ-პოლიტიკური რესურსები, რომ საოკუპაციო ჯარი შესულიყო ერაყში და არც ეხლაა. ამ ეტაპზე იქნება დაბომბვა, რომ გაანადგურონ, შეასუსტონ ასადის ძალები. მიამიტია ის, რომელიც ფიქრობს, რომ სირია შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას, ეს არის სრული სისულელე, ასადის ჯარის დემორალიზება დაიწყება პირველი ტამაგავკის დაცემის შემდეგ, ეს ვნახეთ ჩვენ ერაყში, ვნახეთ ლიბანში, ეს ვნახეთ იუგოსლავიაში, სერბეთში, ეს იქნება სირიაშიც. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ისრაელის საკითხი, რომელსაც სირია უკვე სამხედრო იერიშით ემუქრება. ისრაელმა თავის მხრივ სრული მობილიზება გამოაცხადა და მზად არის სირიის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საპასუხო იერიში მიიტანოს. ისრაელი თავს დაიცავს. ასადი განწირულია. ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და მათი მოკავშირეები, მეზობლად ისრაელი, თურქეთი, ქვემოთ კი საუდისტები… სირიას შანსი აღარ აქვს.
30.08.13