ქართულ-ეზიდურ ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს. საქართველოში ისინი მე-18 საუკუნიდან ფიქსირდებიან და დღეს უკვე თავისი სალოცავი და კულტურის სახლი გააჩნიათ. მათი იდენტობის განმსაზღვრელი რელიგიაა, რომლის დაფუძნებაც შეიხ ადის სახელს უკავშირიდება.
ვინ არიან ეზიდები? რას ეფუძნება ეზიდიზმი, როგორც რელიგია? რა რაოდენობის მრევლი ჰყავთ და რამდენად დაცულია მათი უფლებები საქართველოში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ დიმიტრი ფირბარს ესაუბრა.
ბატონო დიმიტრი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეზიდებს სუბ-ეთნოსად მოიაზრებს, ზოგიერთი კი სუბ-ეთნიკურ ჯგუფად. მოკლედ განგვიმარტეთ ვინ არიან ეზიდები?
– მეცნიერულად სხვადასხვა მიდგომა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის დროს ეზიდებს პასპორტში ეროვნებით „ეზიდი“ ეწერათ. 1926 წ. სსრკ-ში საყოველთაო აღწერის დროს ეზიდები და ქურთები ცალ-ცალკე იყვნენ მოხსენიებულნი. 30–იანი წლებიდან სსრკ-ს პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, მეცნიერებაც მარქსისტულ ჭრილში განიხილავდა ეთნოსების დეფინიციას და მათი იდენტიფიცირება ხდებოდა ლინგვისტური ნიშნით, რამაც ენით მონათესავე ეთნოსების უნიფიკაცია გამოიწვია. შედეგად დაიწყო ეზიდების იდენტიფიცირება როგორც ქურთთა ნაწილის, რაც არ იყო მისაღები ეზიდითა მასისთვის, გარდა ინტელიგენციისა, რომელიც სახელმწიფოში არსებულ ოფიციალურ ხაზს მიყვებოდა. სსრკ-ის დაშლისას, მოსახლეობის აღწერის დროს ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევდა ქურთების ნაწილად, ისინი ეროვნებაში უთითებდნენ „ქურთს“, ხოლო ვისაც ეზიდური იდენტობა ჰქონდა, შეეძლო დაეწერა „ეზიდი“. ეზიდები წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ეფუძნება რელიგიას, რისი დამადასტურებელია ის რომ „ეზიდი“ ვერ გახდები, „ეზიდად“ იბადებიან დედითაც და მამითაც. ესაა ეთნორელიგიური თემი, როგორც დრუზები, სიქჰები, ებრაელები, ინდუსები.
ეზიდების იდენტიფიცირების მთავარი განმსაზღვრელი რელიგიაა, თუმცა აქაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს მას აქვს პრე-ისლამური წარმოშობა, წარმოადგენს ისლამისა და ქრისტიანობის შერწყმის შედეგს, თუ ზოროასტრიზმის საფუძველზე წაროქმნილ რელიგიას. რეალურად რას ეფუძნება ეზიდიზმი, როგორც რელიგია?
– ეს არის დამოუკიდებელი რელიგია, რომლის საფუძვლები ძველ მესოპოტამიამდე მიგვიყვანს. ეზიდები თვლიან რომ არიან პირველი მონოთეისტები, იმ პირველი ერთღმერთიაობის მიმდევრები, რომელიც ბრაიმმა (აბრაამმა) მიიღო ღმერთისგან და რომელიც ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა თაობებს. ისტორიის მანძილზე ეზიდები სხვადასხვა სახელით მოიხსენიებიან. მაგლითად: ჰანიფები ეწოდებოდათ – ანუ ერთი ღმერთს ხალხი; ისლამურ ეპოქაში ისინი უკვე დერვიშების სახელით მოიხსენიებიან. დერვიშებს მოგვიანებით სუფიებს უწოდებდნენ, რამაც ეზიდების და სუფიების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოჰყვა, რადგან სუფიზმი ისლამის ჩარჩოში მოექცა, ხოლო ეზიდები დამოუკიდებელ რელიგიად. საბოლოოდ, მივიღეთ სრულყოფილი რელიგია, ჩამოყალიბებული თავისი დოგმატიკით, ლიტურგიით, მსოფლმხედველობით.
რა არის ეზიდური რელიგიის მთავრი არსი, მრწამსი. რას აღიარებს და რით განსხვავდება იგი სხვა რელიგიური მიმდინარობებისგან?
– ეზიდებს სწამთ ერთი ღმერთის, რომელიც გვევლინება მარავლი სახელით. ისინი ამბობენ რომ არსებობს ღმერთის ათას ერთი სახელი. მთავარი ღმერთის გამოვლინება ხდება სამი სახით: ტაუსი მალაკი – მთავარანგელოზი, რომლის სიმბოლოცაა ფარშევანგი, მეორე ჰიპოსტასი არის ეზიდი და მესამე შიხადი ანუ შეიხი ადი, წმინდანი, ეზიდებისთვის განკაცებული ღმერთი, რომელმაც გააერთიანა თავისი მიმდევრები და ეს მოძღვრება ჩამოაყალიბა. ეზიდებს სწამთ, რომ ღმერთმა თავისი სიყვარულისა და სინათლისგან შექმნა ეს სამყარო. ეზიდთა რწმენა ეფუძნება ყავლებს-წმინდა ტექსტებსს, რაც ღვთის სიტყვას ნიშნავს. აღსანიშავია, რომ ეზიდურ რელიგიაში წმინდანებს ხატების სახით არ გამოვსახავთ, თუმცა დიდი ყურადღება ეთმობა ორნამენტებს, ასევე ნივთებს, რომელთანაც შეხება ჰქონდა ამა თუ იმ წმინდანს, მათი სამოსელის, ჯვალოს ნაწილი იქნება ეს, თუ ლალიშიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა. ეზიდური რელიგიის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი სხვა დენომინაციებისგან არის ის, რომ ჩვენ ბოროტების პერსონიფიცირებას არ ვაღიარებთ. თუ ვამბობთ რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, მაშინ შეუძლებელია არსებობდეს ცალკე ბოროტი ძალა, რომელსაც ღმერთის გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლია. ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა.
არის თუ არა ეზიდურ რელიგიაში ნათლობა, აღსარება, ზიარება და როგორ ასრულებთ მათ?
– არსებობს სამი სახის ნათლობის ექვივალენტი ეზიდურ რელიგიურ ტრადიციაში. ესენია: თმის შეჭრა-დაახლოებით ერთი წლის მამრობითი სქესის პატარას პირველად ოჯახის შეიხმა უნდა შეაჭრას თმა. ეს არის დალოცვა ბავშვისა და ოჯახის. ბიჭების წინადაცვეთა-მნიშვნელოვანია ეზიდურ რელიგიაში. ტრადიციის თანახმად, ღმერთის ნებით არიან შექმნილები და ერთღმერთიანობის შენარჩუნების გამორჩეული მისია აქვთ აღებული, რასაც ანგელოზების მფარველობის ქვეშ აკეთებენ. მორკერენ – წყლის გადასხურება თავზე, როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. სრულდება მაშინ, როდესაც ისინი ჩადიან ლალიშში. დღეს უკვე არის შესაძლებლობა ეზიდების წმინდა ადგილიდან წყლის ჩამოტანის, რომლითაც სრულდება ნათლობა. ყველა ეზიდს ჰყავს მოძღვარი, სულიერი დამრიგებელი, რომელთაც ანდობენ თავიანთ ტკივილს, განცდებს, თუკი ამას საჭოროდ მიიჩნევენ და მათგანაც იღებენ დალოცვას, რჩევას.
რა სახის ღვთისმსახურებაა დამახასიათებეი ეზიდური რელიგიისთვის? როდის და როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს?
– ეზიდურ რელიგიას არ ახასიათებს საერთო ლოცვები. მიიჩნევა რომ ყველამ განმარტოებით უნდა ილოცოს. ტაძარში მოსვლა და ლოცვის აღვლენა ყოველ დღეს შესაძლებელია, ხოლო სამშაბთს, მზის ჩასვლისას, ეზიდებისათვის წმინდა დღე, ოთხშაბათი იწყება, რომლისთვისაც განსაკუთრებით ვემზადებით. ღვთისახურებას თან ახლავს ლოცვა, გალობა, ბოლოს კი ტარდება ქადაგება. დიდ პატივს ვცემთ მიცვალებულების ხსოვნას. კეთდება მათ სახელზე ნაკურთხი საჭმელი, იკითხება მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვები და ა.შ. ეზიდები იულიანური კალენდრით ხელმძღვანელობენ. ყველა მორწმუნისთვის აუცილებელია 3 დღიანი მარხვის „როჟი“-ს დაცვა, ხოლო 40 დღიან მარხვას ბერები და უმაღლესი სასულიერო პირები იცავენ ლალიშში. არის გამორჩეული დღესასწაულები, აიდა ეზიდი და აიდა ხიდრნაბი, რომელსაც აღვნიშნავთ დეკემბერსა და თებერვალში. მნიშვნელოვანია ასევე მომლოცველობის დღეები, 6-13 ოქტომბრამდე, როცა სხვადასხვა მხრიდან ეზიდები ჩადიან ჩვენს მთავარ ტაძარში ლალიშში (ჩრდილოეთ ერაყში). ასევე, ვზეიმობთ ამ ტაძრის დღესასწაულს, რომელიც 2015 წელს თბილისში აშენდა.
როგორც ვიცით ეზიდები სამ კასტად იყოფიან, განგვიმარტეთ თითოეული მათგანს რა დატვირთვა აქვს და რა ფუნქციას ასრულებს?
– ეზიდური თემი არის თეოკრატიული საზოგადოება. ჩვენი ცხოვრება მუდამ რელიგიასთან არის დაკავშირებული. არსებობს შეიხების, ფირებისა და მრიდების კასტა, მათ შორის სულიერი, და-ძმური ურთიერთობა არსობს. ამის გამო მათ შორის ქორწინება ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება და და-ძმის ერთმანეთზე ქორწინების ტოლფასია. შეიძლება შევადაროთ ქრისტიანებში ნათლიის და ნათლულს შორის ქორწინების დაუშვებლობას. შეიხები და ფირები – სასულიერო პირები არიან, რომელებიც ეზიდი წმინდანების შთამომავლებად მოიაზრებიან. ევალებათ დაიცვან რელიგიური ტრადიციები და აღავლინონ ღვთისმსახურება. ორივე წოდება შთამომავლობით გადაეცემა, თუმცა იმისთვის რომ გახდე სრულყოფილი სასულიერო პირი საჭიროა სწორად იცხოვრო, შესაბამისი ცოდნა და სურვილი. ყველა ოჯახს ჰყავს თავისი მრევლი, მრიდების (მრევლის) გარკვეული რაოდენობა. მრიდები შეიძლება გახდნენ ბერები, მქადაგებლები და სწავლული ღვთისმეტყველები, რაც უმაღლესი სასულიერო საბჭოს მხრიდან უნდა იყოს აღიარებული.
რამდენი წლის ისტორია აქვს ეზიდურ რელიგიას საქართველოში, როგორ შემოვიდა და გავრცელდა იგი ჩვენს ქვეყანაში?
– პირველად ქართულ-ეზიდური ურთიერთობები ფიქსირდება მე-18 საუკუნის ბოლოს, როცა ოსმალეთის იმპერაში ეზიდებისა და სხვა პატრა ჯგუფების დევნა დაიწყო. ეზიდები საქართველოს პირველად 1777 წელს დაუკავშირდნენ, როდესაც შედგა მიწერ-მოწერა ერეკლე მეორესა და ეზიდ ბელადთა ჩობან-აღას ოჯახს შორის. მათ სურდათ შეექმნათ ანტი-ოსმალური კოალიცია. არის ვარაუდი, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად გადმოსახლდნენ პირველად ეზიდები საქართველოში. 1834 და 1877 წელსაც იყო მსგავსი გადმოსახლება, ხოლო ეზიდების მასობრივი და ბოლო გადმოსახლება 1918 წელს მოხდა, როცა რუსეთის იმპერია დაიშალა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ შეიფარა ისინი.
ქვეყნის ტერიტორიაზე ძირითადად სად არიან დასახლებულნი ეზიდური თემის წარმომადგენლები, მიახლოებით რამდენია თქვენი მრევლი?
– ეზიდების რაოდენობამ იკლო, ზოგიერთი გავიდა ქვეყნიდან, ზოგიერთმა შეიცვალა სარწმუნოება. არიან ისეთებიც, ვინც აღმსარებლობის შეცვლის მიუხედავად ახდენენ იდენტიფიცირებას, როგორც ეროვნებით ეზიდები, თუმცა ისინი ეზიდური რელიგიის, თემის ნაწილად აღარ მოიაზრებიან. ბოლო 2014 წ. აღწერის მონაცემებით ეზიდები, რომლებმაც შეინარჩუნეს წინაპრების რელიგია მათი რიცხვი დაახლოებით 8 500-მდეა. ეზიდური თემი იყო განსახლებული ასევე თელავში, წნორის რაიონში, ბათუმსა და გურიაშიც. ჩვენ შორის კავშირი არსებობს, ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით ვდგავრთ ყოველთვის. ეზიდური ტაძარი მხოლოდ თბილისშია და ბოლო პერიოდში თელავიდან საკმაოდ ხშირად ჩამოდის სამრევლო.
როდის დარეგისტრირდა ოფიციალურად ეზიდური თემი, რა დახამრება გაგიწიათ სახელმწიფომ, რეილიგიის საბჭომ თუ რელიგიის სააგნეტომ თქვენი სამლოცველო სახლის მშენებლობის საქმეში და ზოგადად როგორ შეაფასებდით თქვენ შორის არსებულ თანამშრომლობას?
– ოფიციალურად როგორც რელიგიური ორგანიზაცია დავრეგისტრირდით 2011 წელს. ტაძრისათვის მიწის ნაკვეთი 2009 წელს გამოგვიყო მთავრობამ, ამისათვის არაერთხელ მიმართეს თემის წარმომადგენლებმა მთავრობას, სახალხო დამცველსა და რელიგიათა საბჭოს. მათი დიდი მადლიერნი ვართ დახმარებისათვის. ეზიდთა სასულიერო საბჭომ მოახერხა რესურსების მოძიება. ერთ-ერთი ბიზნესმენისა და ეზიდთა თემის ერთობლივი ძალებით 2015 წელს, ვარკეთილში დასრულდა ეზიდთა ტაძრის და მასთან არსებული სათემო ცენტრის მშენებლობა.
სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შსს, მერიამ და რელიგიის საკითხთა სააგენტომ უდიდესი ყურადღება და თანადგომა გამოიჩინა ტაძრის გახსნის ცერემონიალის ორგანიზებისთვის, ჩვენი უმაღლესი რანგის სასულიერო პირების ჩამოსაყვანად ერაყიდან, მათთვის ვიზების გაცემაში, საპატრიარქოში პატრიარქმა მიიღო ერაყიდან ჩამოსული სტუმრები. და ეს მაშინ, როდესაც ორი დღით ადრე თბილისში 13 ივნისის ტრაგედია იყო მომხდარი, რომელმაც ვერეს ხეობის დატბორვა გამოიწვია. ვთანამშრომლობთ რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ არსებულ პრობლემებს. ასევე უკვე დიდი ხანია ვართ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები. ვიტყოდი, რომ ეს ორგანიზაციები არაჩვეულებრივი პლატფორმაა ურთიერთანამშრომლობისა და დიალოგისთვის, როგორც სახელმწიფოს, ასევე სხვა რელიგიურ დენომინაციებთან.
გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არც ერთ ქვეყანაში ეზიდურ რელიგიას არ აქვს ისეთი სტატუსი, როგორიც საქართველოშია. არც სომხეთში, არც რუსეთსა და არც ევროკავშირის ქვეყნებში ეზიდურ თემს რელიგიური მოღვაწეობის განხორცილების შესაძლებლობა არ აქვს იმ სახით, როგორც საქართველოში. აქ ჩვენ გვაქვს სსიპ-ს სტატუსი, არსებობს ტაძარი, რომელიც ფუნქციონირებს და ვამაყობთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო არის ერთ-ერთი ეზიდური სასულიერი ცენტრი. თქვენ იცით, რომ ეზიდები იდევნებიან თავის ისტორიულ სამშობლოში და 2014 წელს საქართევლომ ეზიდი ლტოლვილებიც მიიღო, რაც ასევე ჩვენი ხალხისთვის დიდი მხარდაჭერაა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოში არსებულ რელიგიურ დენომინაციებთან, რა ფორმით თანამშრომლობთ მათთან, ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს?
– ყველა რელიგიურ დენომინაციასთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც რელიგიის სააგნეტო, თუ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მართავს. გარდა ამისა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საპატრიაროსთან და მასთან არსებულ ორგანიზაცია „21-ე საუკუნესთან“. მათ პროგრამებში, პროექტებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებში ჩვენი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია მართავს ხშირად საინტერესო პროექტებს, აწყობენ ბანაკებს და მათშიც ვიღებთ მონაწილეობას. ბაპტისტურმა ეკლესიამ დიდი თანადგომა გამოამჟღავნა ჩვენს მიმართ როცა ერაყიდან ეზიდი ლტოლვილები ჩამოვიდნენ საქართველოში.
ბატონო დიმიტრი, რა სახის პრობლემები აქვს დღეს ეზიდურ თემს და როგორ ფიქრობთ დაცულია რელიგიური თავისუფლება ყველა დენომინაცისთვის საქართველოში?
– ბუნებრივია ყველა რელიგიურ დენომინაციას თავისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის პრობლემები აქვთ, რის შესახებაც ვიგებთ მედიიდან და სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებიდან. თუმცა ვხედავთ რომ არის მზაობა სახელმწიფოს მხრიდან მოგვარდეს და გამოსწორდეს სიტუაცია, ამისთვის უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ქვეყნის ინტერესებშიც შედის დაცული იყოს რელიგიური თავისუფლება და მორწმუნე ადამიანების უფლებები.
ჩვენ არ საიდან არ გვაქვს დაფინანსება და შემოწირულობების ხარჯზე ვარსებობთ. ჩვენთან 5 წლის განმავლობაში ენის, რელიგიისა და ისტორიის შემსწავლელი კურსები არსებობდა, რომელშიც საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული. არის ასევე ეზიდური ხალხური ცეკვის ჯგუფი. უნდა ითქვას, რომ ორი წლის წინ კულტურის სამინისტრომ დააფინანსა საქართველოს ეზიდთა სახლთან არსებული საცეკვაო ჯგუფი „სიპანი“. ამ საქმეში ეზიდური წარმოშობის დეპუტატი, ცხონებული თამაზ ავდალიანი დაეხმარა თემს.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეზიდები, როგორც საქართველოში მხცოვრები სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოს შვილები არიან და ეს მრავალფეროვნება ამშვენებს ამ ქვეყანას. ისინი მონაწილეობას ღებულობენ ქვეყნის მშენებლობაში, არაერთი ეზიდი გმირულად დაიღუპა თავისი სამშობლოსთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ყველამ უნდა პატივი ვცეთ ჩვენგან განსვავებულ ადამიანებს, იქნება ეს რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური. ყველამ ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის.
სოფიკო ნინიკაშვილი