ქ. დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.
კონფერენციას ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობამ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)ჩათვლით, ხოლო შემდეგ უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯერი ქაილი, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ელჩი დუშან მათულაი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოს განყოფილების დირექტორი ოუენ ო’ლირი და წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტომ არნოლდი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის, საგარეო უწყების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.