საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ასახელებს. როგორც მინისტრმა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს საქართველოს 64 საელჩო და 9 გენერალური საკონსულო, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.
მინისტრის ინფორმაციით, უწყება აპირებს აქტიურად დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მომსახურებას.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ქართულ დიასპორასთან. როგორც წესი, ჩვენი დიპლომატები აქტიურად მართავენ შეხვედრებს დიასპორის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა ჩვენ უკეთ გავაცნობიეროთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები და ამავდროულად ვიცოდეთ, თუ როგორია თქვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამინისტროს რესურსებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ საგარეო უწყება არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას.