ადამიანები ბავშვობიდანვე რაღაცის ან ვიღაცის მიმართ დამოკიდებულები არიან. თავდაპირველად, დამოკიდებულების ობიექტები მშობლები ხდებიან, შემდგომ კი, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე მათი შეცვლა ხდება. ბავშვობაში მშობლისადმი დამოკიდებულება ნორმალურ ფაქტად აღიქმება, ზრდასრულ ასაკში კი, დამოკდიებულება შესაძლოა პათოლოგიადაც ჩაითვალოს. დღეს ადამიანი მრავალ რამეზე დამოკიდეული შეიძლება იყოს – სოცილური ქსელი, აზარტული თამაშები, მატერიალიზმი, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლეთაც ხშირად ნებით თუ უნებლიეთ ვეჯაჭვებით.
დამოკიდებულების გამომწვევი გარემო ფაქტორებისა და მისი სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრა.
რა ფაქტორებით არის დამოკიდებულება განპირობებული? ადამიანები მატერიალურსა ან სულიერზე დამოკიდებულები როგორ ხდებიან?
– დამოკიდებულების დაავადება ძალიან ფართე სპექტრს მოიცავს.
არის სამი ძირითადი მიმართულება:
- ბიოლოგიური (კვებითი აშლილობები, ბულემია-ანურექსია);
- ქიმიური (ალკოჰოლი, თამბაქო, ფსიქოაქტიური ნივთიერებები და სხვ.);
- ქცევითი (აზარტომანია, ობსესიურ -კომპულსიური აშლილობანი, გემბლინგი, კომპიუტერომანია, შოპოგოლიზმი, სექსუალური და სხვ.)
გამომწვევი ფაქტორებია: გენეტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური.
გენეტიკური – შესწავლილია ზოგიერთი გენის სტრუქტურული თავისებურებები, რომლებიც სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის მიმოქცევაში მონაწილეობენ, გარდა ამისა, იკვლევენ ადიქტების (დამოკიდებულები) ოჯახის წევრებს და ხშირ შემთხვევაში რომელიმე მშობელს მსგავსი ქცევა აქვს. აქვე შეიძლება ვისაუბროთ ნეიროქიმიურ, ფიზიოლოგიურ მორფოფუნქციურ ფაქტორებზე.
სოციალური – იგულისხმება მიკროსოციალური , (ოჯახის ტიპი, ურთიერთობების პატერნი, ღირებულებები), ასევე მაკროსოციალური, ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკური მდგომარეობა, ამა თუ იმ საშუალებების ხელმისაწვდომობა, ლეგალურობა.
ფსიქოლოგიური – პიროვნული თავისებურებები და ფსიქოლოგიური კომფორტის მისაღწევი დომინანტური ფაქტორები. ზოგ შემთხვევაში სქესთანაც არის დაკავშირებული (მაგ. კლეპტომანია, შოპოგოლიზმით უფრო ქალები არიან დაავადებულები, თუმცა მამაკაცებშიც გვხვდება და სხვ.
დღევანდელ რეალობაში, ადამიანების უმრავლესობა სოციალურ ქსელზე დამოკიდებულია, ეს რით შეიძლება ავხსნათ?
– სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება დღევანდელობით, ტექნიკური პროგრესისა და ინფორმაციის მოპოვების სისწრაფით, ასევე რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დეფიციტითაა განპირობებული. არსებობს პათოლოგიური დამოკიდებულება, რომლის მიზეზები შეიძლება დაბალი თვითშეფასება, ქრონიკული დეპრესია, კონფლიქტური ქცევა, ქცევის კონტროლის მოშლა და სხვა ფაქტორები იყოს.
მატერიალიზმზე, მატერიალურ საგნებზე დამოკიდებულების ფაქტები გახშირებულია. მაგ: ჩვენს ქვეყანაში ადამიანები აიფონის ტექნიკის შესაძენად ყველა ღონეს ხმარობენ, თუნდაც ეს შენაძენი სამომავლოდ ვალების დადების გარანტი გახდეს. ამ ფაქტს რით ახსნით? ეს მიბაძველობითაა განპირობებული თუ აქაც დამოკიდებულების ერთ-ერთ სახესხვაობასთან გვაქვს საქმე?
– მსგავსი ქცევა ყოველთვის იყო, ეს არის ერთის მხრივ მიბაძვა და მეორე მხრივ, სოციალური „სტატუსის„ განმსაზღვრელია. ანუ, ვისაც მსგავსი ნივთი აქვს, ის „მაღალ საზოგადოებას“ ეკუთვნის. ამის საფუძველში არასრულფასოვნების კომპლექსია.
რას გვეტყვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ?
– აზარტი არის ენერგეტიკა, მის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს. გააჩნია რა კალაპოტში აღმოჩნდება. აზარტომანია არის დაავადება, როდესაც ადამიანს უჩნდება დაუძლეველი და აკვიატებული ლტოლვა თამაშისა. აზარტომანისთვის დამახასიათებელია ინფანტილურობა (თამაში ბავშვის ქცევაა), დაბალი თვითშეფასება.
აზარტული მოთამაშეების ორი ტიპი არსებობს:
- მოქმედი მოთამაშე (შედეგზე ორიენტირებული, რისკიანი, მაღალი ინტელექტი, სწრაფვა დომინირებისადმი, ნარცისიზმი და სხვ.);
- მოთამაშეები, რომლებიც რეალობას გაურბიან. (პროცესზე ორიენტირებულები, მნიშვნელოვანია არა რამდენს „მოიგებს“, არამედ თამაშის მეშვეობით ყოველდღიურ პრობლემებს რამდენ ხანს შეუძლია გაერიდოს).
ხშირია შვილების მშობლებზე დამოკიდებულების შემთხვევები. ეს ნორმალური რომელ ასაკამდეა და ზღვარს როდის სცდება? აღზრდისას ხომ არ არის რაიმე შეცდომა დაშვებული?
– მშობლები უნდა ცდილობდნენ ბავშვებში ინიციატივა გააღვიძონ და ყველა ასაკობრივ პერიოდში, მათ შესაბამისისი არჩევანის გაკეთების თავისუფლება მისცენ.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები პიროვნებებს, მაგ: ცნობილ სახეეებს აიდეალებენ და შემდგომ მათზე დამოკიდებულნი ხდებიან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გულშემატკივრებს თავიანთი კუმირის გარდაცვალების შემდეგ თავი მოუკლავთ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ამ შემთხვევაში საქმე რასთან გვაქვს?
– ადამიანისთვის ავტორიტეტის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს ბავშვობაში იდეალიზაციის მოთხოვნილებას მშობელი უნდა უკმაყოფილებდეს, თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ის ავტორიტეტებს სხვა დროს და სხვა ადგილას ეძებს და ზოგჯერ პათოლოგიურად ეჯაჭვება მათ.
სად გადის ზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის?
– ღმერთი სიყვარული არს, და მას ფასეულობათა იერარქიულ სისტემაში ყველაზე მაღალი ადგილი უჭირავს. ყველაფერი სხვა რაც უფლის ადგილს იკავებს, (ეს იქნება ნებისმიერი ადამიანი, ნივთი თუ საქმიანობა) შესაძლებელია პათოლოგიური მიჯაჭვულობის ობიექტად იქცეს.
ნინო ზარიძე