ამ ეტაპზე მე პრეზიდენტის განცხადებაში ვერაფერს სენსაციურს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყურადღებით მოისმინა პრეზიდენტის გამოსვლა.
„რა თქმა უნდა, მისი მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, არ ვიცი ვის სურს, რომ ეს წარმოაჩინოს საფრთხედ, მაგრამ ეს არის მოსახლეობის არჩევანი. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვხედავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც დიდ და მეტ პასუხისმგებლობას და უფრო ეფექტურ შესაძლებლობას, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც არის საჭირო სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ოჯახებში მეტი კეთლდღეობის შესაქმნელად. ეს არის ადამიანების მოლოდინი და არჩევანი ამ საარჩევნო პროცესში. ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მათ არჩევანს. ამ ეტაპზე მე პრეზიდენტის განცხადებაში ვერაფერს სენსაციურს ვერ ვხედავ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე შეფასებით, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გახდეს ადამიანი, რომელსაც საკონსტიტუციო სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული კუთხით.
„ამიტომ, როდესაც მოვა კონსტიტუციაზე მუშაობის დრო, ჩვენ ერთად, კონსესუსით შევიმუშავებთ ფორმატს და შევთანხმდებით ფორმატზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამაზე მუშაობა. როდესაც საუბარი ეხება მართლმსაჯულების თუ სხვა სფეროების რეფორმებს, ეს ჩვენს პროგრამაში იყო გაცხადებული, ჩვენ ამ რეფორმებს გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სხვა რესურსი, რომ იყოს წარმატებული და მოწინავე, გარდა იმისა, რომ გააკეთოს ეფექტური რეფორმები, არ აქვს.
რაც შეეხება მედიის თავისუფლების ხარისხს, მას ბოლო 4 წლის განმავლობაში დადებითად აფასებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია მედია პლურალიზმი, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მედიის თავისუფლების დაცვა, თითოეული ჟურნალისტის უფლებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.