„ჩვენი მისია პარლამენტში არ იქნება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება. ბევრი თემაა, რომელზეც ვიქნებით ცხარე დისკუსიაში „ქართულ ოცნებასთან“. დღეს ეს პოლემიკა უფრო საინტერესოა მმართველ გუნდთან, ვიდრე სრულიად დისკრედიტირებულ და გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც არანაირ ძალად არ მივიჩნევ“. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„არ შემეცვლება ჩემი ხედვა და განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არავის წაურთმევია უფლება ხმამაღლა ვილაპარაკო იმ დანაშაულებზე, რასაც ისინი ჩადიოდნენ თავის დროზე. ჩვენ არ ვართ უმრავლესობა, არ გვაქვს გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა, შესაბამისად ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ყველა მტკივნეული საკითხი ჩვენი მხრიდან პარლამენტის ტრიბუნიდან გასაჯაროვდება. პარლამენტს შევთავაზებთ მნიშვნელოვან კანონპროექტებს, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
უნდა შეიცვალოს სტანდარტი, პარლამენტარების საქმიანობის სტილი. მუდმივად გვესმის საუბარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ შედეგი არ არის, აქაც ახალი სტანდარტი უნდა ჩამოყალიბდეს. ქმედითად უნდა იმუშავოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. პირდაპირ უნდა გავჭრათ გზები და ავაგოთ ხიდები აფხაზეთთან, პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ ოსებს და გავუღვივოთ ჩვენთან ურთიერთობის ინტერესი. ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა იყოს აყვანილი.
იმით კი არ უნდა ვამაყობდეთ ვინ არის პრო–დასავლელი, პრო–ამერიკელი, ჩვენ მთელ მსოფლიოში უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ქართველები ვართ. შესაბამისად ქართული, ჩვენი ინტერესების დამცველი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. როცა მე ვიყავი ქუჩაში, მაშინ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში მყოლოდა თანამოაზრეები. მე არ მქონდა ამის ფუფუნება, ამიტომ ჩვენ არასაპარლამეტო ოპოზიციას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვიქნებით ლოკომოტივი იმ ინიციატივების დაძვრაში, რომლებსაც ისინი შემოგვთავაზებენ,“–განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე