„სერიოზულად ვღელავ რუსეთთან ურთიერთობებზე. ტრამპს სურვილი ექნება პუტინთან შეთანხმებებს მიაღწიოს. ეს იქნება საშინელება ამერიკისთვის და ვინც შეთანხმებას მიაღწევს, ყველა იმ ქვეყნისთვისაც. ისინი ამ გარიგების მსხვერპლი გახდებიან“. ამერიკისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობების მოსალოდნელ დეტალებზე და ახალ პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს როლზე, ანალიტიკოსმა, ჟურნალ „ეკონომისტის“ მთავარმა რედაქტორმა ედუარდ ლუკასმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„უკვე ბევრი რამ დაზარალდა. ის მიმართულება, რომლითაც საარჩევნო კამპანია წარიმართა, ძალიან ცუდი იყო შეერთებული შტატების იმიჯისთვის. იმედი მაქვს, რომ ტრამპის პოლიტიკა მეტი პასუხისმგებლობით იქნება სავსე. რეალობა კარგი გაკვეთილია და ვფიქრობ ის აღმოაჩენს, რომ ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე ეგონა. ის დამოკიდებული იქნება მრჩევლებზე, რომლებსაც კარგად ესმით როგორ მუშაობს ვაშინგტონი და მსოფლიო.
არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ევროპას საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდა რუსულ გაზთან დამოკიდებულების მიმართ. ევროპამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, ათი წლის წინ რომ წარმოუდგენელი იყო. ამის შედეგად გაზპრომმა თავის პოლიტიკაში ცვლილებები განახორციელა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის ენერგეტიკული მომავლის შესახებ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველო და სახრეთით მიმავალი მილსადენები. ეს ის თემაა, რომელსაც ტრამპიც აღმოაჩენს. თუ ის გადაწყვეტს, რომ საქართველო უნდა დავივიწყოთ, გაზისა და ნავთობის ამერიკული კომპანიები შეახსენებენ მას, რომ მათ ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული და ეს ადგილი მნიშვნელოვანია.
მიხარია საქართველო–თურქეთის სარკინიგზო კავშირის გეგმა და ურთიერთობების ახალი ეტაპი ჩინეთთან. მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის, როდესაც რესტორანში შევდივარ ვაშინგტონში თუ ლონდონში, ქართულ ღვინოს ვითხოვ, თუმცა ყველგან არ აქვთ. ბედნიერი ვიქნები თუ უფრო მეტ რესტორანში იქნება თქვენი ღვინო. საქართველოში ეკოტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს,“–განაცხადა ედუარდ ლუკასმა.
მანანა ღოღობერიძე