საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში იმყოფება, სადაც განაგრძობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.
ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა. მას ვნუკოვოს აეროპორტში თბილი დახვედრა მოუწყვეს მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმა და იქ იმყოფებოდნენ ასევე კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).
პირევლი შეხვედრა რუსეთის საპატრიარქოს რეზიდენციაში გამაიმართა, სადაც სულიერი ლიდერები ერთმანეთს მიესალმნენ და ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის არსებული მეგობრული, ღია ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ასეთი თბილი ურთიერთთანამშრომლობა შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დონეზე რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ილია მეორე – „ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.”
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა. კირილემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს ვიზიტი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პატრიარქი კირილე – “ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის. თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფიაც გადახლართულია თქვენს ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი იმ სასიხარულო და სამწუხარო მოვლენის მომსწრენი ვართ, რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ხალხების ცხოვრებაში მოხდა. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის იყო კეთილი, გულწრფელი, ნდობით სავსე და ღია. ვფიქრობ ეს გავლენას ახდენდა იმაზეც, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებობს კეთილი კავშირები.… მე ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში .”
20 ნოემბერს, როგორც რეგლამენტით იყო გათვალისწინებული მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღება გაიმართა.
უწმიდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში. დელეგაცია მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს. დაგეგმილია ქართული დიასპორასთან შეხვედრა, მანამდე კი გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
ინფორმაციისთვის: რუსეთის პატრიარქი კირილე (ვლადიმერ) გუნდიაევი 1946 წლის 20 ნოემბერს, ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა ლენინგრადის სასულეირო სემინარიასა და აკადემიაში. 1969 წლის 3 ნოემბერს იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა კირილე. 7 აპრილს აკურთხეს ბერდიაკვნად, ხოლო 1 ივნისს _ მღვდელმონოზვნად. 1971წლის 12 სექტემბერს დაადგინეს არქიმანდრიტად. 1971-1974 წლებში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა). 1976 წლის 14 მარტს არქიმანდრიტი კირილი გამოირჩიეს ვიბორგის ეპისკოპოსად და ლენინგრადის დიოცეზის ვიკარად. 1977წლის 2 სექტემბერს აიყვანეს მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1984წლიდან პატრიარქად იტრონიზაციამდე იყო სმოლენსკისა და კალინინგრადის (1986წლიდან) მღვდელმთავარი. 1989წლის 13 ნოემბერს აირჩიეს სინოდის მუდმივ წევრად და ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად. 1991 წლის 25 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2009 წლის 27 იანვარს რუსეთის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ მიტროპოლიტი კირილე გამოირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად. მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია 2009 წლის 1 თებერვალს შესრულდა. პატრიარქი კირილე უშუალოდ ხელმძღვანელობს არაერთ სინოდალურ კომიტეტს, არის ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საპატიო პროფესორი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა და 700-მდე პუბლიკაციისა, დაჯილდოებულია თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი ორდენით, ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი.
სოფიკო ნინიკაშვილი