„მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ახალი ხედვა. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რომ საპატიმრო სასჯელი გამოვრიცხოთ ამ ტიპის ქმედების დროს და შემდეგ განვიხილოთ ალტერნატივები. უნდა ვიფიქროთ იმ გზაზე, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანა დაადგა, ეს არის მარეაბილიტირებელი ღონისძიებები და ანტი–პროპაგანდა“.ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„გვაქვს დასამთავრებელი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის ბოლო სასესიო თვეში დავიწყეთ, ეს არის წამების დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრება. ეს იყო გაეროს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. მკაცრდება სანქცია, ემატება რამდენიმე მაკვალიფიცირებელი გარემოება. გავაგრძელებთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობას. მალე დავიწყებთ მუშაობას ფარული საგამოძიებო მოსმენების შესახებ.
ეს იქნება იმ ცვლილებების გაგრძელება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. ჩვენ პირველი ამნისტიით გავათავისუფლეთ ყველა ნარკომომხმარებელი, მათ შორის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით დაკავებულებიც, რომელიც ეხება მომხმარებლებს და არა რეალიზატორებს. ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ ბედავდა კანონმდებელი,რომ მთლიანად შეხებოდა ამ მუხლს. უნდა გადავხედოთ მარიხუანას და სხვა მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების პასუხისმგებლობის საკითხს. მინდა, რომ ამ საკითხზე დისკუსიისას თავი მოვუყარო სპეციალისტებს, ექსპერტებს და საბოლოოდ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. „გირჩი თავდაპირველად ითხოვდა არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციას, არამედ ლეგალიზებას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მაშინ დაუჭირა მხარი ერთ პრინციპს, რომ ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი არ უნდა გავუშვათ ციხეში. ლეგალიზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამ ფორმით ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომელიც მზად არის რეალური ცვლილებებისთვის, არ იქნება სწორი. გირჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც კანონმდებლობას შეგნებულად არღვევს, უნდა იცოდეს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დადგება. ვიდრე კანონი არ არის შეცვლილი, მისი დარღვევის შემთხევვაში კანონი ყველას მიმართ გავრცელდება. ჯობს გადავინაცვლოთ სამუშაო ფორმატში და ნუ დავიწყებთ ასეთი ტიპის აქციებს.
იურიდიულმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, როდესაც საუბარია ორ კანდიდატზე და ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენილი ოთარ კახიძეა, მეორე მხარეს კი ასევე ოპოზიციის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ნატო ჩხეიძე, არჩევანის დროს განმსაზღვრელი არის რამდენიმე ფაქტორი. ჩემი ხმა მივეცი ნატო ჩხეიძეს იმიტომ, რომ მას საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება აქვს და ეს მნიშვნელოვანი ბენეფიტია. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისი ხედვა, ის რეპრესირებულთა ოჯახიდან არის და დიდი ხანი იბრძოდა საკუთარი უფლებების დასაცავად. კვალიფიკაცია არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთანავე ის არის ქალი და მისი არჩევის შემთხვევაში გენდერული ბალანსი უფრო დაცული იქნება. აქ არავითარი ლეგენდების ძებნა ჩვენი და „პატრიოტთა ალიანსის“ კავშირთან დაკავშირებით, არ იქნება გონივრული, ეს ღიმილისმომგვრელია“.
ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის სასამართლო პროცესზეც ისუაბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დავა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი, ხელისუფლება ამ პროცესში არ ჩარეულა და არც ჩაერევა. ბუნებრივია თუ მორიგება არ ხდება ერთ–ერთი მხარე პროცესს წააგებს. რომელი მხარეც არ უნდა იყოს დამარცხებული, ნებისმიერ შემთხვევაში პრეტენზია ხელისუფლების მიმართ იქნება გამოთქმული. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს დავა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ქიბარ ხალვაშმა ზურაბ ადეიშვილს საჩივრითჯერ კიდევ 2007 წელს მიმართა. ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე ამ ტელევიზიის, ხელისუფლება არ ჩაერევა მათ დამოუკიდებლ საქმიანობაში. ბატონი გვარამია ვერ გამოვიდა რევოლუციური სცენარის მზადებიდან, ფაქტია რომ მის მოწოდებებზე ხალხის შკრება მაინც არ ხდება“.
მანანა ღოღობერიძე