„დიდად ახალის შთაბეჭდილება გუნდმა ვერ დატოვა. ძირითად პოსტებზე კადრები შენარჩუნებულია, სადაც იყო საზოგადოების წუხილი, რომ იქნებ რამე ეშველოს, არაფერი მოხდა. მთავრობას ერთი წამითაც არ უფიქრია ცვლილებებზე“. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.
„ერთადერთი თვალსაჩინო ცვლილება შეეხო ეკონომიკის სფეროს. ითქვა, რომ ამ გუნდს აქვს უნარი გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც მათ დროს წარმოიშვა, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. თუმცა ყველა მთავრობას უნდა მიეცეს გარკვეული დრო, 100 დღე მაინც, რომ პირველადი შედეგი აჩვენოს. განათლების და კულტურის მინისტრები რახან არ იცვლება ეს ნიშნავს, რომ ავაფეთქებთ, მოვსპობთ, დავცინებთ საკუთარ კულტურას და მთელ მსოფლიოს გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიის დონით. ამ გუნდში დატოვეს ის მინისტრი, რომელმაც ერთ დღეში მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი ააფეთქა, მაგრამ არაუშავს, მთავარია ის ინვესტორი იყოს კარგად და მომღერლებმა იმღერონ. აგვიხსნეს, რომ ლარის გაუფასურება არის კარგი და ეკონომიკის განვითარების ნიშანია.
ამ მთავრობამ უნდა აჩვენოს რამდენად თავისუფალია ის. მთავარი კითხვა არის პრემიერ–მინისტრი ნამდვილია თუ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პრემიერია. კვირიკაშვილმა ბევრი რამ თქვა და ვერ განახორციელა, აშკარაა, რომ ვიღაც არ ეთანხმება. ეს ვიღაც შეიძლება იყოს ივანიშვილი, შეიძლება არა. ეს არის საკითხი გათავისუფლდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკისგან, პოლიტიკა ივანიშვილსგან. თუ გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილი პრემიერი არ არის, ამ ცვლილებებს აზრი არ აქვს და თუ ნამდვილია მოცემულ დროში შეძლებს განავითაროს ოთხ პუნქტიანი გეგმა. ეს გუნდი არ არის დაკომპლექტებული პოლიტიკოსებით. „ქართულ ოცნებაში“ერთი ორი პოლიტიკოსია და ისინიც არ არიან იმ ხარისხის, რომ პროცესები წაიყვანონ. ყველა წვრილმანზე ეძებენ დასაყრდენს და ეს დასაყრდენი მათთვის არის ბიძინა ივანიშვილი.
ოთხ პუნქტიან გეგმაში განათლება გამოცხადებულია მთავარ პრიორიტეტად, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს უბრალოდ სიტყვებია. არც ფინანსური თვალსაზრისით არ ჩანს რომ განათლება იძენს რაიმე ტიპის მნიშვნელობას. მინისტრის საუბრებიც კი მიმართულია ჰუმანიტარული განათლების წინააღმდეგ. ეს არის მიზანმიმართული ანტიპროპაგანდა, ქართული ღირსების შემცველი ყველა ტექსტის წინააღმდეგ. ყველა ეს ქილიკი საზეპიროებზე, ქართულ ლიტერატურაზე, მოდის იმ ხალხისგან, რომლებმაც უბრალოდ ვერ ისწავლეს ლიტერატურა,“–განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე