„არ მინდოდა საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი ისეთი პროდუქციით, რომელიც გამოიწვევდა სხვასთან გაიგივებას, ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გამეორებას. მინდოდა რაიმე განსხვავებული ტექნიკით, შედარებით ახლის შექმნა.“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას დიზაინერი ნინო ჯანიძე.
ნინო ხელნაკეთი სამკაულების ბრენდის „ჯანინის“ შემქმნელია. „ორიგინალური და რაც მთავარია ინდივიდუალური „- ასე შეაფასეს „თბილისი მოლში“ გამართულ შოუ-რუმზე „ჯანინის“ კოლექცია.
ნინო ჯანიძე პროფესიით ჟურნალისტია, ამ ეტაპზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს, ხელნაკეთი ნივთების შექმნა კი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო.
აქსესუარების შექმნის პროცესზე, ფასებსა და სხვა საინტერესო დეტალებზე „თბილისი თაიმსის“ მკითხველს დიზაინერი, ნინო ჯანიძე მოუყვება.
რატომ გადაწყვიტეთ ბრენდი „ჯანინის“ შექმნა, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ამ სფეროთი, რამდენი ხანია დაკავებული ხართ მსგავსი ნივთების შექმნით?
– “JANINI” ფართო საზოგადოების წინაშე სულ რამოდენიმე თვის წინ წარსდგა, თუმცა ვფიქრობ მის შექმნას საფუძველი ჩემს ღრმა ბავშვობაში ჩაეყარა. საკმაოდ პატარა ასაკიდან ვქარგავ, ვქსოვ. იყო დრო როდესაც ბისერებით ვაწყობდი ქამრებს, თიხისგან ვამზადებდი სხვადასხვა აქსესუარს. ამიტომ ხელნაკეთი ნივთების შექმნა ჩემთვის არ არის ახალი და არ დაწყებულა დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს, რადიკალურად სხვა საქმეს ვემსახურები და არანაირი განათლება არ მიმიღია დიზაინის განხრით, ქვეცნობიერი მაინც ყოველთვის მკარნახობდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ამ სფეროში და ადრე თუ გვიან საზოგადოებას გავაცნობდი ჩემს ნაკეთობებს.
ბრენდის შექმნის პირველ ეტაპს,როგორ გაიხსენებთ, რა სირთულეები შეგხვდათ?
– მოგეხსენებათ დღეს ხელნაკეთი აქსესუარები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით მოდურია მასიური საყურეები და არჩევანიც საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე არ მინდოდა საზოგადოების წინაშე წარვმსდგარიყავი ისეთი პროდუქციით, რომელიც გამოიწვევდა სხვასთან გაიგივებას, ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გამეორებას. მინდოდა რაიმე განსხვავებული ტექნიკით, შედარებით ახლის შექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლის ინდივიდუალიზმს გაუსვამდა ხაზს და ამასთანავე ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა კონკურენტებს.
სწორედ ამ ძიების პროცესში დავიწყე მუშაობა სუტაჟის თასმაზე. თავდაპირველად ჩემთვის შევქმენი რამდენიმე გულსაბნევი, რომელმაც გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და მოჰყვა მეგობრების დაჟინებული თხოვნა, რომ აუცილებლად გაეცნო ფართო საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ მიიღებდა მომხმარებელი რადიკალურად განსხვავებული ტექნიკით დამზადებულ სამკაულებს. როცა კონკურენცია დიდია, ცხადია არ არის მარტივი სახელის მოხვეჭა და ღირსეული ადგილის დაკავება. თუმცა ასეთ პირობებში გაცილებით საინტერესოა მუშაობა და ისევ და ისევ განსხვავებულობით და ინდივიდუალური დიზაინით შევძელით საზოგადოების დიდი მოწონების დამსახურება.
აქსესუარების შექმნის პროცესზე რომ მოგვიყვეთ, როგორ იწყება ყველაფერი…
– ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემ მიერ შექმნილი თითოეული სამკაული “ცოცხალია”, რადგან მე მასში მთელ ჩემს ენერგიას და დადებით ემოციებს ვაქსოვ.
წინასწარ არასოდეს ვქმნი ესკიზს, სამკაულის დიზაინი უშუალოდ მზადების პროცესში იკვეთება. მაშინაც კი როცა უკვე არსებული მოდელის სხვა ფერებში დამზადება მომინდომებია, ფანტაზიას მაინც სხვაგან მივყავარ და საბოლოოდ სრულიად სხვა დიზაინს ვიღებ.
იმდენად მეჩქარება ბევრი განსხვავებული მოდელის შექმნა, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ სამკაულზე არ მაქვს შეკვეთა, საკუთარი სურვილით უკვე არსებულ მოდელს არასოდეს ვამეორებ.
ვფიქრობ, რაც უფრო რთულია სამკაულის დიზაინი მით მეტი შინაარსის და ემოციის მატარებელია ის.
როგორია ფასები, რა შემადგენლობისაა ნივთები?
– ამ ეტაპზე “JANINI” მომხმარებელს საყურეებისა და გულსაბნევების ფართო არჩევანს სთავაზობს, თუმცა დიდია მოთხოვნა სამაჯურებზეც, ყელსაბამებზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას. რაც შეეხება ფასებს 80 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს.
თბილისი მოლში თქვენი ახალი კოლექცია იყო გამოფენილი,როგორ შეაფასებთ ამ დღეს, გამოხმაურებებს ?
– დიახ, თბილისი მოლი ორი კვირის მანძილზე მასპინძლობდა თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ შოურიმს, სადაც ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან ერთად წარმოდგენილი იყო “JANINI”-ს სამკაულები. ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული ნაბიჯი. ასე მოკლე დროში და ამხელა კონკურენციის ფონზე, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი აქ მოხვედრა. ამიტომ მიხარია, რომ ამ ყველაფერს წარმატებით გავართით თავი. თუმცა ვფიქრობ, რომ ნამდვილ წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე გზაა გასავლელი.
ნათია კეკენაძე