თბილისის უძველესი ძეგლის ათეშგას დასაცავად აქცია-პრეზენტაცია გამართა ბეთლემის პროექტის ჯგუფმა, ბეთლემის თემთან ერთად. მათ სურდათ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ცნობები ათეშგას მნიშვნელობის, ბოლო წლების სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლენილი უნიკალური ინფორმაციისა და იმ საფრთხის შესახებ, რომელიც წარმოიქმნა ათეშგას მიმდებარედ, გომის ქ.#1-ში მდებარე ნაგებობაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის გამო, რომლის ესკიზურ პორექტზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა გასცა და ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სამზარეულოს დაშენების მიზნით.
ზოროასტრული ტაძარის, ათეშგას დასაცავად ონლაინ პეტიციაც გავრცელდა, რომლის ავტორები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, თბილისის მერს დავით ნარმანიასა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორს მიმართავენ, რომ არ დაუშვან ძეგლის ვიზუალური გარემოს ხელყოფა და იზრუნონ სამომავლოდ მისი მოვლა-პატრონობისთვის.
„2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან–კვანძისა და სმაზარეულოს დაშენების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ობიექტი მდებარეობს თბილისისა რქეოლოგიური ძეგლის, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის, ათეშგას პირდაპირ, რომლის ბაქნიდანაც ხედი იშლება ქალაქზე და კერძოდ კალაზე. გომის ქ. N1-ში 2007 წელს აგებული შენობის ზედა ნიშნული უკვე სცდება აქ ადრე არსებული შენობის სახურავის ნიშნულს და იჭრება ათეშგას ბაქნიდან ისტორიულ კალაზე არსებულ ვიზუალურ კორიდორში. შესაბამისად ახლა შენობის ზედა ნიშნულის მცირედად აწევაც კი კიდევ უფრო შელახავს ამ უნკალური ძეგლის ისტორიულ გარემოს კონტექსტს და თვით ბეთლემის “კომპლექსის“ სივრცით ჰარმონიულობას.
მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს:
- არ დაუშვათ თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქ. N1-ის ზედა ნიშნულის თუნდაც ნაწილობრივ აწევა. თუ საჭიროა მოწვეულ იქნას გაფართოებული ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტთა წრე და დეტალურად იქნას განხილული არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები;
- დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა–პატრონობის, დაცვის, მონიტორიგის ადმინისტრაციულ უზრუნვეყოფაზე. განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაციული ერთეული.
- თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.“ – წერია პეტიციაში.
”თბილისის ჰამქარის” თავმჯდომარემ, ცირა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალაქი და საზოგადოება კომპრომისზე ვერ წავა, კომპრომისზე უნდა წავიდეს ქალაქის მერია, რომელმაც უნდა გააუქმოს თავისი თანხმობა ესკიზურ პროექტზე და ინვესტორი, აღიაროს, როგორც ფაქტი ის, რომ ამ ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი ძეგლი არის ათეშგა.
„ისეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, როგორიც არის ბეთლემისუბანი, ჩნდება ისედაც შეუსაბამო ნაგებობაზე ახალი მოცულობა, რომელიც არღვევს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის იმ მუხლს, სადაც წერია, რომ ძეგლს, ამ შემთხვევაში ათეშგას, აქვს ვიზულური დაცვის არეალი. ეს ვიზუალური დაცვის არეალი ილახება ამ კონკრეტული მოცულობის გაჩენით ახალ მშენებლობაზე, მაშინ, როდესაც თავად ეს ახალი ნაგებობა არის შეუსაბამო ამ უბნისთვის.“- ამბობს ცირა ელისაშვილი.
აქცია-პრეზენტაციას საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ ასეთ არეალებში გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს მიღებული.
„ეს არის კლდისუბანი კალას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი და ეს არის მე-5 საუკუნის ზოროასტრული მაზდეანური ცეცხლის ტაძარი. ამის წინ მშენებლობას მერიასა და კულტურის სამინისტროში განიხილავენ, როგორც ჩვეულებრივ დეველოპერულ პროექტს. ასე არ შეიზლება. ძალიან ფრთხილად, ზედმიწევნით ფაქიზად არის ასეთ არეალებში გადაწყვეტილება მისაღები”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძრიდან სულ რაღაც 100 მეტრში ზოროასტრული ტაძარი, ათეშგა მდებარეობს, რაც სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. დღეს ათეშგა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. 2007-2009 წლებში ICOMOS საქართველოს მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის დაფინანსებით, “ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის” პროექტის ფარგლებში მოხდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: აღდგა ათეშგასთან მისასვლელი კიბე, რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელთან არსებულ ბაქანს, მოიხსნა შენობაში არსებული მიწის ფენა და ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, აღდგა ავთენტური იატაკის დონე. ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით შენობა დროებითი სახურავით არის გადახურული.
სოფიკო ნინიკაშვილი