დღეს, 28 ნოემბერს მართლმადიდებელთათვის კალენდრის მიხედვით უკანასკნელი მრავალდღიანი შობის მარხვა დაიწყო, რომელიც ორმოც დღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულით სრულდება.
„დღეს იწყება შობის მარხვა. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მარხვა არის დიდი ძალა და ღმერთმა მშვიდობიანი შობა–ახალი წელი გაგვითენოს! მარხვის მნიშვნელობა სახარებაში დამოწმებულია თავად მაცხოვრის სიტყვებით, რომელიც ბრძანებს, რომ ეშმაკი ლოცვითა და მარხვით განიდევნება. ამიტომაც მართებს ყოველ ჩვენგანს მარხვა და ლოცვა, რათა უფლის შეწევნით ვძლიოთ ბოროტს,“-ამბობს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
შობის მარხვა უძველესი დროიდან მომდინარეობს. ის თავად უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ახალი აღთქმის ეკლესიაში. მას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. საშობაო მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზის მიღება შეეძლებათ. ზოგადად, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.
„ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს. კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი. მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.
მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.
მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით. მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა; მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე; მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა – ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან. თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა, არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით. მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა.
მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. და, რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის.
ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს.“- წმიდა იოანე ოქროპირი „სიტყვა მარხვის შესახებ“
წყარო: orthodoxy.ge
სოფიკო ნინიკაშვილი