„მთავარ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია, ორი ქართული ფილმი მონაწილეობს. ესენია რუსუდან გლურჯიძის და ნინო ბასილიას ფილმები. ქართული კინო ნელ–ნელა იბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო კინო რუკაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის სათანადო ფინანსური დახმარება“. თბილისის მე–17 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა ნინო ანჯაფარიძე ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „გვიანი შუა დღის“ ეთერში ისაუბრა.
“ფესტივალს მარგარეტე ფონტროტას ფილმი „როზა ლუქსემბურგი“ გახსნის, ის გამორჩეული რეჟისორი ქალია, მსოფლიო კინოში ცნობილია წამყვან ფემინისტად. ის გერმანული კინოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ისტორიის გაანალიზება. „როზა ლუქსემბურგი“ არ არის ახალი ფილმი, მაგრამ ჩვენი წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა არის პოლიტიკა და ეს ფილმიც ცნობილ პოლიტიკოს ქალზეა.
ვცდილობთ ყველა გემოვნების მაყურებელი დავაკმაყოფილოთ, ევროპულის გარდა ფილმები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ისრაელიდან. ახალგაზრდა რეჟისორების არაპოპულარული სახელები ქმნიან მომავალ კინოს.
ტრადიციულად იქნება ინდუსტრიული დღეები. ახალგაზრდა კინემატოგრაფების პროფესიული ჩამოყალიბებისთვის იქნება მასტერკლასები. ცნობილი ექსპერტები, პროდიუსერები და ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის გზის გაკვლევა ევროპულ კინო ფონდებში. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე გვექნება პროექტის პრეზენტაცია „გადაიღე საქართველოში.““–განაცხადა ნინო ანჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე