„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს, რომელიც დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაციას ეხება და, ზოგადად, იმ ინიციატივებს, რომლებიც დედოლარიზაციისკენ არის მიმართული.
აფბას ანალიტიკოსის განცხადებით, მთავრობის ახალი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამო, მოსახლეობას დააწვა.
„ბოლო დროს, ლარის გაუფასურების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა იმ მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა, რომლებსაც ფინანსური ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული. ლარის დევალვაციამ საგრძნობლად შეამცირა მათი განკარგვადი შემოსავალი და, შესაბამისად, დედოლარიზაციის საკითხი დღესდღეობით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომელიც 2015 წლამდე დოლარში აღებული კრედიტების ლარში დენომინირებას გულისხმობს, ერთმნიშვნელოვნად, შეამსუბუქებს მოსახლეობისთვის ფინანსური ვალდებულებების მომსახურებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეიძლება დადებითად შეფასდეს იმდენად, რამდენადაც მთავრობამ თავის თავზე აიღო ის „დარტყმა“, რომელიც მოქალაქეებზე მოდიოდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა შეამცირებს დოლარზე მოთხოვნას, რაც ლარის დასტაბილურების კუთხით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ანალიტიკოსმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმ ინიციატივებზე, რომელიც დედოლარიზაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება. გვიდიანის აზრით, პრემიერის მიერ, ამ კუთხით გაჟღერებული ინიციატივები, არსებითი შედეგების მომტანი იქნება.
„ზოგადად, დოლარიზებული ქვეყნის მთავარ ნაკლოვანებად დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის არქონა ითვლება. გარდა ამისა, დოლარიზაციის მაღალმა მაჩვენებელმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ საკმაოდ მტკივნეულად მიიღო ვალუტის კურსის რყევები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს დოლარიზაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლო პერიოდში დედოლარიზაციის კუთხით, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა დოლარში დენომინირებულ დეპოზიტებზე დარეზერვების კოეფიციენტის გაზრდა და ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ამავე კოეფიციენტი კლება, თუმცა მიუხედავად ამისა, დავინახეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებით მანიპულირებამ შედეგი ვერ გამოიღო.
რა თქმა უნდა, არსებულმა ვითარებამ ცხადყო, რომ დოლარიზაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაცილებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. შესაბამისად, ვთვლი, რომ პრემიერის ინიციატივა, რომელიც უცხოურ ვალუტაში გასაცემ კრედიტებზე ლიმიტების დაწესებას ითვალისწინებს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და, ეტაპობრივად, მოხდება დოლარიზაციის კოეფიციენტის კლება. კონკრეტულად, აღნიშნული მიდგომა მკვეთრად შეამცირებს დოლარზე მოთხოვნას და ხელს შეუწყობს ლარიზაციის შეუქცევადი პროცესის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საცალო დაკრედიტებაში 100.000 ლარიანი ლიმიტის დაწესება, პირველ რიგში დაიცავს ყველაზე მოწყვლად სექტორს, რომლებზეც ნეგატიურად მოქმედებდა დოლარიზაციით გამოწვეული სავალუტო რისკები. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ინიციატივების კრიტიკოსების აზრით, ასეთი ლიმიტის დაწესება ყველაზე ნეგატიურად მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, იმდენად, რამდენადაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ დედოლარიზაცია არ ნიშნავს ბაზრიდან დოლარის გაქრობას და, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ლიმიტის დაწესება ვერ გახდება ბიზნესის შევიწროების მიზეზი“, – განაცხადა გვიდიანმა.