„მსუქანი ბავშვი არ ნიშნავს ჯანმრთელ ბავშვს. თუმცა ქართველებში რატომღაც მიღებულია, რომ ბავშვი მსუქანი უნდა იყოს. სიმსუქნე არის ეპიდემია, რომელიც შესაძლოა ადრეული ბავშვობის ასაკში დაიწყოს. ის ძალიან ბევრი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, მათ შორის არის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი“. ბავშვებში წონის მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „გვიანი შუა დღის“ ეთერში ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია დედის კვება ორსულობის დროს. ამ დროს ქალის მიდგომა საკვებისადმი მომავალში ბავშვზე აისახება. ამას ეპიგენეტიკა ჰქვია და კვლევები აჩვენებს, რომ გარდატეხის ასაკში ბავშვის საგემოვნო თვისებები დაახლეობით ისეთივეა, როგორც მისი მშობლის ორსულობის დროს. როგორც სიმაღლეში, ასევე წონაში ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი არის პირველი წელი. ერთი წლის შემდეგ ტემპი იკლებს და შემდეგი ნახტომი არის გარდატეხის წელი, როდესაც არაკანონზომიერია და ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს როგორც სიმაღლის, ასევე წონის მატება.
ბავშვის უჭმელობა ხშირად მშობლების ზედმეტ ყურადღებასთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. მთავარი პრობლემები იწყება ძუძუთი კვების დროს, როდესაც დედას ჰგონია, რომ ბავშვს თითქოს არ ჰყოფნის. ძუძუთი კვება არის მოთხოვნილების მიხედვით, როდესაც ბავშვს შია, ან წყურია. ხშირად ის ტირის იმიტომ, რომ მხოლოდ წყურვილი დაიკმაყოფილოს და არა შიმშილი. თუ წყურია ბუნებრივია დიდი რაოდენობით ვერ შეჭამს. შესაძლოა ერთი კვების დროს მან ჭამოს 30 მილი ლიტრი, თუმცა მეორედ ამას აუცილებლად აინაზღაურებს. მიიჩნევა, რომ თვის განმავლობაში ბავშვმა, რომელიც ძუძუთი იკვებება 500 გრამზე ნაკლები არ უნდა მოიმატოს. 6 თვის მერე ეს ნამატი 400 გრამზე ჩამოდის. კარგი მაჩვენებელი არის ასევე შარდვის სიხშირე. თუ 24 საათში ბავშვის შარდვა არის 6 და მეტი, დედა შეიძლება იყოს მშვიდად, რომ მას საკვები ჰყოფნის,“–განაცხადა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.
მანანა ღოღობერიძე