„ნამდვილია ნარცისია“’– ამ ფრაზას უმეტესად ღიმილით ვამბობთ ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებსა და ნაცნობ ადამიანებზე. გვეღიმება, რომ მას საკუთარი თავი გადამეტებულად უყვარს და არ ვუღრმავდებით ამ სიყვარულის მიღმა რა იმალება. გიგრძვნიათ, რომ თქვენი ახლობელი რომელიც ადრე მუდამ მზრუნველი და მოსიყვარულე იყო, გუგლგრილ და ეგოისტ ადამიანად გადაიქცა? გიფიქრიათ, რატომ იცვლებიან ადამიანები ჩვენს თვალწინ ასე სწრაფად? ნარცისიზმის გამომწვევ მიზეზებზე, წინაპირობასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე დეტალურად „თბილისი თაიმსთან“ ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი საუბრობს.
თუ შეგიძლიათ, მესაუბრეთ რა ფენომენია ზოგადად ნარიცისიზმი, როგორ წარმოიშვება ადამიანში, არსებობს თუ არა მისი წარმოშობის ხელშემწყობი წინაპირობები?
– ნარცისიზმი ერთ-ერთი პიროვნული აშლილობაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მე კლასიკურ ნარცისიზმე ვსაუბრობ. ჯანსაღი ნარცისიზმი ყველა ადამინისთვის საჭირო და აუციებელი რამაა.
თვითონ სახელი „ნარცისი“ ძვ. ბერძნული მითიდან არის აღებული. ნარცისი იყო ბერძენი სიმპათიური ახალგაზრდა, რომელმაც ერთ–ერთი ნიმფა თავისი უარით გააღიზიანა. დასჯის მიზნით, ნიმფამ მას საკუთარი ანარეკლი შეაყვარა, რომელსაც წყალში ჩახედვის დროს ხედავდა. თავდაპირველად ის ვერ ხვდებოდა, რომ ეს აჩრდილი თავად იყო. როცა ეს გააცნობიერა და მიხვდა, რომ მას უყვარდა არარსებული ანარეკლი, დარდმა იმსხვერპლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ ნარცისიზმის არასწორი გაგებაა გავრცელებული. რომ ვკითხოთ რიგით ადამიანს ვინ არის ნარცისი? გიპასუხებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ძალიან უყვარს. ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის. რეალურად, ნარცისიზმით დაავადებული ადამიანები ათობით და ასობით ადამიანს უნგრევენ ცხოვრებას და ხშირად თვითმკვლელობამდეც კი მიჰყვთ.
მაშ რა არის ნარცისიზმი? როგორ ამოვიცნოთ იგი?
– ნარცისიზმის სიმპტომებია: 1. საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა – ელოდება, ყველამ დაინახოს და აღიაროს მისი განსაკუთრებულობა, მეფურობა, ღვთაებრიობა. 2. საკუთარ უნიკალურობაში დარწმუნებულობა და რწმენა, რომ მხოლოდ მისნაირი განსაკუთრებული ადამიანები გაუგებენ; – მუდმივად ცდილობს „ასეთი“ კავშირები დაამყაროს. მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებთან ეძებს კავშირებს. 3. გარშემომყოფებისგან მოითხოვს გადამეტებულ თაყვანისცემასა და აღფრთოვანებას. 4. დარწმუნებულია განსაკუთრებული უფლებების ქონაში. 5. შურიანობა; – სხვისი წარმატება არ უხარია; 6. ძალაუფლების გადამეტებული შეგრძნება; – ყოველთვის მართალია, ყველაფრის უფლება აქვს, ყველაფერში უნიკალურია. 6. ემპათიის (თანაგანცდის) უუნარობა; – არ შეუძლია თავი სხვის ადგილას დააყენოს, სხვის განცდებს ვერ იგებს, შესაბამისად ვერ გრძნობს როგორ სტკენს ხშირად სხვას. 7. მანიპულაცია და ექსპლუატაცია; – საკუთარი მიზნების მისაღწევად ხშირად მიმართავს მანიპულაციის ტექნიკებს და არც ადამიანების ექსპლუატაციას ერიდება. არ გააჩნია სინდისი! არასდროსაა დამნაშავე. ყოველთვის სხვისი ბრალია! 8. ზიზღი და ამპარტავნება სხვების მიმართ; ვინც მასზე რაღაცით დაბლა დგას (მისი გაგებით) ზევიდან უყურებს. თუ ვინმე მასზე მაღლა დგას, იმის მაგივრად თვითონ მიუახლოვდეს მის დონეს, საკუთარ და საკუთარ დონეზე ქვემოთ მის ჩამოგდებას ცდილობს. იწყებს ასეთი ადამიანების მორალიზებას, სასწრაფოდ პოულობს მათ ნაკლოვანებებს და ამგვარად იწყნარებს თავის ეგოს. გამოდის, ის მაინც ყველაზე „მაგარია!“
აღსანიშნავია, რომ ამ 9 სიმპტომიდან მინიმუმ 5 უნდა ახასიათებდეს ადამიანს, ნარცისი რომ ვუწოდოთ. ეს გასათვალისწინებელია!
ოგორ წარმოიშვება ადამიანში, არსებობს თუ არა მისი წარმოშობის ხელშემწყობი წინაპირობები?
– რა თქმა უნდა, ნარცისებად არ იბადებიან. არ ხდება ისე, რომ ბავშვი დიაბადება და, „უიი ნარცისი დაიბადა.“ ეს თვისება აღზრდის პერიოდში ყალიბდება. მთლიანი პასუხისმგებლობა ამ პიროვნულ აშლილობაზე ნარცისის მშობლებს (ზოგადად ადამიანებს, რომლებმაც აღზარდეს) აკისრიათ. როგორც წესი, ასეთ ბავშვს მშობლები ან მშობელი (ხშირად დედა) გადამეტებულ მოთხოვნებს უყენებს და ხშირად აიგნორებს თვითონ ბავშვის მოთხოვნილებებს, ვერ ხედავს რეალურ შვილს. ასეთი ბავშვი საუკეთესო უნდა იყოს! „იყავი საუკეთესო და მეყვარები! შენით რომ ვიამაყო, საუკეთესო უნდა იყო!“ – დაახლოებით ასე ჟღერს მშობლების მოთხოვნები შვილის მიმართ.
ნარცისიზმის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევების შეფასებებში უნდა ვეძიოთ. რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, მშობელი აფასებს. „10 -იანი მიიღე? კარგი ბიჭი ხარ. 8-იანი მიიღე? – ცუდი!“ შედეგად ბავშვი უკვე თითონ ხდება შემფასებებლი. სულ პატარა მიღწეულ წარმატებაზეც კი ხდება შეფასება: – „მე კარგი ვარ!“. ასეთი ბავშვის შემდგომი ცხოვრება სულ წარმატების მიღწევისკენ სწრაფვა იქნება. ასეთ ადამიანს ისევე სჭირდება წარმატებები ცხოვრებაში, როგორც ჟანგბადი. წარმატების გარეშე ის თავს უვარგისად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეფასებითი დმაოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვრცელდება. ის ყველას ასე აფასებს და ხშირად, როგორც ძვირადღირებულ აქსესუარებს, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის პიროვნებათშორის ურთიერთობებში.
კიდევ ერთი საკვანძო მიზეზი დედის მხრიდან სიყვარულისა და მზრუნველობის დეფიციტია. ასეთ მშობლები ხშირად ვერ იღებენ შვილებს ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან. სულ ცდილობენ მიაწერონ რაღაც ისეთი თვისება, რაც რეალობას არ შეესაბამება. თუკი ბავშვი „იმედს უცრუებს“ ესეთ მშობელს, მშობელი სჯის მას თავისი გულგრილობით (ხშირად ებუტება, აღარ ელაპარაკება და ა.შ.). შედეგად ბავშვი ასკვნის, რომ დედას არ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. ამიტომ რაღაც უნდა ვიღონო, რომ შემიყვაროს. თუნდაც უარი ვთქვა ჩემს რეალურ „მეზე“. სიყვარულის დეფიციტის კომპენსირებას ნარცისი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს. ცდილობს ეს სიცარიელე რაღაცით შეავსოს, ამიტომ ქმნის თავის „მეს“ (არარეალისტურ მეს), რომელიც არის სამყაროს ცენტრი, უნიკალური და უბრალოდ შეუძლებელია ვინმეს არ უყვარდეს.
შესაძლოა თუ არა, რომ ნარცისი ადამაინები ჩვენ გვერდით იყვნენ და არ ვიცოდეთ, არსებობს თუ არა მითითებები, როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი?
– მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გამოხატული ნარცისი პროცენტულად ნამდვილად ცოტა გვხვდება (სადღაც 3-4%), მისი ზეგავლენა გარემოზე ძალიან დიდი და ხშირად დამღუპველია. როგორ უნდა ამოვიცნოთ? რაც უფრო მკვეთრად გამოხატულია ნარცისიზმი, მით უფრ მარტივია მისი ამოცნობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ნარცისი სოციალურად მისაღები ნიღბის უკან იმალება, ამიტომ რაღაც პერიოდი მას შეუძლია ისეთ ადამიანად მოგაჩვენოთ თავი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის რეალურ სახესთან. ნარცისები ძალიან ჭკვიანები, ინტელექტუალურად კარგად განვითარებული, ხშირად წარმატებული ადამიანები არიან. ამიტომ მათთვის ჩვენი გაბითურება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. იყოს ისეთი, როგორიც შენ გინდა, მისთვის პრობლემა არ არის. ამაში ბავშვობიდან გამოწვრთნილია. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია. თვითონვე მობეზრდება თამაში და როცა ნიღაბს ჩამოიხსნის, თქვენ უკვე მის ხაფანგში იქნებით. ამ ხაფანგიდან გამოღწევა კი დამიჯერეთ ძალიან ძნელია.
ყველაზე მარტივი გზა როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს გარშემო ნარცისია ჩვენს შეგრძნებებზე დაკვირვებაა. ეძებეთ თქვენში დაუკმაყოფილებლობა! ნარცისი მხოლოდ იღებს, გაცემა არ შეუძლია. თუ გასცემს მხოლოდ იმიტომ, რომ ათმაგად მიიღოს. ასე რომ, ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში მუდმივად შეიგრძნობთ დაუკმაყოფილებლობას. არ დახუჭოთ ამაზე თვალი. ასევე საგულისხმოა,თუკი ამ ბოლო დროს მიიჩნევთ, რომ რაღაც ისე ვერ გაქვთ. აქამდე მეტნაკლებად ყველაფერი გაკმაყოფილებდათ საკუთარ თავში, ახლა სულ მინუსებს ეძებთ, თითქოს ბევრი რაღაც გაკლიათ… „ე.წ ნარცისი ადამიანი თქვენს თვითშეფასებას ანგრევს!
დეტალურად რომ მესაუბროთ, რა ნეგატიური და პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ ნარცის პიროვნებებს ჩვენს ცხოვრებაზე, განწყობებსა და ურთიერთობებზე?
– ძალიან ბევრის საუბარი შეიძლება იმ ნეგატიურ გავლენებზე, რაც ნარცისთან ურთიერთობას ახლავს თან. შევეცდები საკვანძო საკითხებს შევეხო.
უკვე აღვნიშნე, რომ ნარცისი არ ერიდება ადამიანებით მანიპულირებას, მათ ისე იყენებს, როგორც ნივთებს და როცა აღარ სჭირდება მოისვრის (როგორც გაფუჭებულ საათს). ნარცისისთვის მთავარი საკუთარი მიზნის (მიზნების) მიღწევაა. თუკი გავითვალისწინებთ მის უსინდისობას, დანაშაულის გრძნობის არქონას და მაღალ ინტელექტს, უკეთ მივხვდებით თუ როგორი სახიფათო შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი ჩვენთვის.
ნარცისი 4 საბაზისო საყრდენს გვინგრევს:
- თვითობის სურათს გვიმახინჯებს; – ჩვენ წარმოდგენას ჩვენს პიროვნებაზე. ვინ ვარ მე? როგორი ვარ მე? რას ვაკეთებ? რა მიყვარს? რა არა? ჩემი ფასეულობები… ანუ ყველაფერი, რაც ჩემს „მეს“ წარმოადგენს. ნარცისთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ნელ-ნელა უფასურდება და შედეგად ჩვენი თვითშეფასება ზარალდება.
- რეალობას ამახინჯებს; – ობიექტური რეალობა ხდება სუბიექტური (ნარცისის რეალობა). თავს გვახვევს რეალობის მისეულ ხედვას. იმდენად სჯერა თავისი გამოგონილი რეალობისა, ჩვენც გვაჯერებს. შეიძლება ღალატზეც დაიჭიროთ, მაგრამ ისეთ ისტორიას შეთხზავს, მას დაუჯერებთ. ნარცისი პათოლოგიური მატყუარაა. ისე იტყუება, ხშირად თითონაც ვერ ვხვდება.
- პიროვნული საზღვრების შესახებ წარმოდგენას ამახინჯებს; რაც აქამდე დაუშვებელი გეგონათ, მასთან დაშვებული ხდება. არ აინტერესებს რა შეიძლება ჩვენთან და რა არა. ამიტომ ღამის 3 საათზე შეიძლება მოგაკითხოთ და მასთან ერთად წასვლა მოგთხოვოთ. თქვენს უარზე ათას მაგალითს მოგიყვანთ როგორი ჩვეულებრივი ამბავია ღამის 3 საათზე მეგობარს, შეყვარებულს გაყვე სასეირნოდ.
- ურთიერთობებზე წარმოდგენას ამახინჯებს; – თუკი მასთან შეხვედრამდე თვლიდით, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში ორივე ადამიანს აკისრია გარკვეული პასუხისმგებლობა, ორივე აადამიანი გასცემს და იღებს და ეს ყველაფერი მეტნაკლებად დაბალანსებული უნდა იყოს, ნარცისთან ურთიერთობაში ხდება ისე, რომ თქვენ მხოლოდ გასცემთ, მხოლოდ თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას, მხოლოდ თქვენ ცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას… და რაც მთავარია, ეს სწორად მიგაჩნიათ. თითქოსდა ეს ასეც უნდა იყოს.
ნარცისის მსხვერპლი რომ გახდეთ, საკმარისია უბრალოდ აგირჩიოთ, დაგამტკიცოთ მან რაღაც როლზე. მაგალითად შეყვარებულის! ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეც მოხდეს. მე უკვე ვახსენე ნიღაბი, ნიღბები, რომელთა გამოყენებაც ფანტასტიურად გამოსდის ნარცისს.
ურთიერთობის დასაწყისში იქნება მზრუნველი, ყურადღებიანი, კეთილშობილი ყველა იმ თვისებით აღსავსე, რომელსაც თქვენ აფასებთ ადამიანში. მოგეჩენებათ, რომ ჯეკპოტი მოიგეთ, მაგრამ მხოლოდ მოგეჩვენებათ, რადგან ამ ეტაპს აუცილებლად მოჰყვება იმედგაცრუების ეტაპი. როგორც კი თავის ხაფანგში გაგაბამთ ნელ-ნელა დაიწყებს „ცივი შხაპის“ გამოყენებას. პირობითად ასე შეიძლება ვუწოდოთ ნარცისის იდეალური ნიღბიდან დროდადრო გამოჭყეტვის მომენტებს. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტად იქნება ეს იმედგაცრუების მომენტები, მით მეტად იგრძნობთ ტკივილის. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ 1) თქვენ არ ამოგეწურებათ მოთმინების ფიალა და არ წახვალთ; 2) სანამ თვითონ ნარცისი არ გამოგიყენებთ ბოლომდე, არ გაგწურავთ, როგორც ლიმონს დ არ მოგისვრით, როგორც გამოუსადეგარ ნივთს.
აღსანიშნავია, რომ თავიდან მსხვერპლს ნარცისი აიდეალებს, მიაწერს ყველა შესაძლო დადებით თვისებას, შემდეგ კი ნელ-ნელა მის გაუფასურებას იწყებს. გაიდეალებას, თითქოსდა უპირობო სიყვარულს მიჩვეული მსხვერპლი ვერ ხვდება რა ხდება, მიზეზს საკუთარ თავში ეძებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა! ის არაფერ შუაში არაა, ის ისეთივეა, როგორიც ურთერთობის დასაწყისში იყო. უბრალოდ ნარცისი მას ვერ ხედავდა, ვერც ახლა ხედავს. ნარცისს სიყვარული არ შეუძლია. მას მსხვერპლის მხოლოდ გარეგანი მომხიბვლელობა აინტერესებს და იზიდავს (გარეგნობა, კარიერა, მანქანა, სახლი, ფული, გვარიშვილობა…). საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ნარცისი სხვას მაიწერს იმ თვისებებს, რაც თვითონ მას ახასიათებს. ფსიქოლოგიაში ამ თავდაცვით ქცევას პროექცია ეწოდება. მაგალითად, ყველა აღვირახსნილი ჰგონია, მაშინ როცა თვითონ არის ასეთი, ვიღაცას სიყვარულის უუნარობაში ადანაშაულებს, არადა თვითონ არ შეუძლია სიყვარული და ა. შ.
ნარცისთან წლების ურთიერთობა ადამიანზე დამანგრეველად მოქმედებს. ადამიანები თვითშეფასებასთან ერთად კარგავენ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას. ყველაფერი რაც აქამდე გააჩნდათ, აღარ არსებობს. ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და ხანდახან სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ. ყველას ვურჩევ დაფიქრდეს რამდენად უღირს ასეთ ადამიანთან ურთერთობა. დამიჯერეთ, თქვენ მას ვერ შეცვლით! ვერც ისეთად დაბრუნებას შეძლებთ, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო, რადგან ის, ვინც გაიცანით და შეგიყვარდათ, რეალობაში არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. ყველაზე რთულია გაახილო თვალები და რეალობას შეხედო, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ. თუკი ასეთ ადამიანთან ხართ ურთიერთობაში, უნდა დაინახოთ, გაიზაროთ და შემდეგ გააკეთოთ ყველაზე რთული არჩევანი; – ან რჩებით ასეთ ადამიანთან, ან მიდიხართ. არჩევანი თქვენზეა. თუ რჩებით, ნუღარ იქნებით ილუზიებში, რომ ის შეიცვლება. ეს არ მოხდება. მოგიწევთ მიიღოთ ისეთი, როგორიც არის და რაც ყველაზე რთული იქნება, ყველანაირად უნდა შეეცადოთ გადარჩეთ, უბრალოდ გადარჩეთ. რაც შეეხება წამოსვლას, ყველაზე გონიერი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ერთადერთი გზაა ბოლომდე განიკურნო იმ ტრამვისგან, რასაც ასეთი ადამიანი გაყენებს (ფსიქოლოგიაში ამ ტრამვას „ნარცისული ტრამვის“ სახელწოდებით მოვიხსენიებთ), ხელახლა იპოვნო საკუთარი თავი და გქონდეს ურთიერთობები, რომლებიც ბედნიერებას განიჭებენ და არა ტანჯვას. აქვე გაფრთხილებთ, რომ ნარცისიგან წამოსვლა მარტივი არ არის. ის ყველაფერს იღონებს, რომ „გემრიელი ლუკმა“ მასთან დარჩეს. თავიდან დადგამს სპექტაკლს, დაგპირდებათ ყველაფერს, იტირებს კიდეც და მუხლის ჩოქებზეც ივლის… (ხშირად მსხვერპლი ტყუვდება და მეორე, მესამე, მეოთხე შანსს აძლევს. შედეგად კი უარეს დღეში აღმოჩნდება. რადგან ნარცისი თავის მსხვერპლს არასდროს პატიობს მისგან წასვლის მცდელობას, სულ ცხვირში ადენს მომენტებს, როცა ნარცისს მის შემოსარიგებლად „დამამცირებელი“, „დამაკნინებელი“ქცევების განხორციელება მოუწია), ეს თუ არ გაჭრის, გადავა მუქარაზე, შანტაჟზე, ხანდახან დევნაზე, გაგივრცელებთ ყველა შესაძლო ბინძურ ჭორს და მოკლედ რომ ვთქვათ, მტრად გამოგაცხადებთ. ასეთ დროს მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გულგრილობა. ყველაზე კარგი გამოსავალია იგნორი. შეეცადეთ მოუჭრათ თქვენთან მოსავლელი ყველა გზა. მალევე შეწყვეტს თქვენს „დაბომბვას“, რადგან მიხვდება, რომ თქვენგან სარგებელი აღარ არის. ნარცისს ყველასგან სჭირდება რაღაც, „ნარცისული რესურსი“, ის ამით იკვებება, ამიტომ როგორც კი შეწყვეტთ თქვენი რესურსებით მის “გამოკვებას”, მაშინვე ახლის ძებნას დაიწყებას.
გახსოვდეთ, ნარცისთან ურთიერთობა გზაა არსაით! თქვენ ბევრად მეტის ღირსი ხართ!
რაც შეეხება პოზიტიურ გავლენას, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ნარცისთან ურთიერთობის დროს პოზოტიური პრაქტიკულად არაფერი ხდება. თუმცა ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს ასეთი ურთიერთობა მასზე. შეიძლება ბოლომდე დაანგრიოს, შეიძლება გააძლიეროს. მთავარია მომხდარის როგორ ასიმიალციას მოახდენს მსხვერპლი. თუკი მე შევძლებ ნარცისთან ურთიერთობა, როგორც ცხოვრების ღირებული გამოცდილება დავინახო, შედეგი ჩემი პიროვნული ზრდა იქნება და შესაბამისად ნარცისის ზეგავლენა ჩემზე გარკვეულწილად პოზიტიური იქნება.
ასევე, თუ ეს ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ და გაგამხნევებთ, გეტყვით, რომ ნარცისები საურთიერთოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ირჩევენ!
ნარცისისზმის აშკარა გამოვლენის დროს როგორ მოვახერხოთ მათთან ურთიერთობა ისე, რომ არ შევვიწროვდეთ, თქვენი, როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაციები რომ მითხარათ, მათი გავლენისგან თავის დასაცავად როგორ ვიმოქმედოთ?
– რაც შეიძლება ფორმალური ურთიერთობა დაიჭირეთ. კარგად მონიშნეთ თქვენი პიროვნული საზღვრები, ანუ რა შეიძლება თქვენთან, რა არა! იყავით ოფიციალურები, მოერიდეთ საკუთარ გრძნობებზე, ემოციებზე საუბარს. როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენს პიროვნებას ეხება საუბარი, მაშინვე გაერიდეთ. გახსოვდეთ, რომ ნარცისი თქვენი ემოციებით იკვებება (ნეგატიურით თუ პოზიტიურით), ნუ მისცემთ მას ამის ბედნიერებას. როგორც კი ნარცისი იგრძნობს, რომ თქვენგან „საკვებს“ ვერ მიიღებს, თვითონვე მოგშორდებათ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!
ნანუკა მაღლაკელიძე