“მართლა ყველას მოსალოცად გვაქვს საქმე, რადგან ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა დაძლეული. მომავალი ზაფხულისთვის ეს პრობლემა ყველანაირი პესიმისტური პროგნოზითაც დადებითად უნდა იყოს გადაწყვეტილი . დღევანდელი მოცემულობით ამის კითხვის ნიშნები არ არსებობს”. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, “ტვ პირველზე”, გადაცემა “რვიანის” ეთერში ისაუბრა.
” ხშირად გვიწევს თქმა, რომ მოვიდა დრო ვისარგებლოთ შეღავათით, ყველაფერი გავაკეთეთ შედეგისთვის, შევასრულეთ წინაპირობები. ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მაინც წელს, დეკემბერში ეს საკითხი არ არის ბოლომდე მიყვანილი. ფიზიკურად ყველა ბარიერი გადალახულია და მხოლოდ პროცედურული ნაბიჯები დარჩა. მაინც რთულია თქმა რა დროს მოანდომებს ამ პროცედურული ნაბიჯების გავლას და საფინიშო ხაზამდე მისვლას ევროკავშირი. ეს ძალიან რთული ინსტიტუტია, ბევრი სტრუქტურაა ჩართული და საბოლოო შედეგის გაფორმებას დრო სჭირდება. ეს არა მარტო მოხდება, ძალიან მალე მოხდება. ჩვენ გვინდა უფრო მალეც იყოს მოგვარებული და ამის შანსები ჯერ კიდევ არსებობს. მომავალი კვირის საპარლამენტო სესიაზე ალბათ ეს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, თუმცა მომავალი წლის დასაწყისში განხილვა აუცილებლად მოხდება.
ევროკავშირი შეჩერების მექანიზით კიდევ ერთი, ძლიერი მიგრანტების ახალი ტალღისგან თავის დაცვას ცდილობს. საქართველოს შემთხვევა ჩვენი მოსახლეობის მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, დიდ საფრთხეს ევროკავშირს არ უქმნის. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დადგება მაშინვე, რაც ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ. ევროკომისია განახორციელებს მონიტორინგს, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს და წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მიმართ შეჩერების მექანიზმი გაძლიერდება.
ჩვენ გვყავს ღირსეული პარტნიორები, მთელი დღე ვიღებთ მოლოცვის შეტყობინებებს. ვიზის გამარტივება არ არის ჩვენი გეგმების პიკი, ამბიციების მწვერვალი, გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს. ევროკავშირი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სტანდარტი დაუკავშირდეს იმ სტანდარტს, რომელიც ევროკავშირის სივრცეშია მიღებული. არ ვერიდებით იმის თქმას, რომ ჩვენს მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ,”-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მანანა ღოღობერიძე