თიხის ხელნაკეთი აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. საინტერსოდ ინტერპრეტირებულ და ინოვაციურ ნივთებს, თიხაზე პრინტიც შეემატა. სასურველი ფოტოებს პრინტის ტექნიკით მარიამ ჟიჟიაშვილი ათავსებს. მისი თქმით, ყველაზე პოპულარული საქართველოში გუსტავ კლიმტის „კოცნაა“, რაც შეეხება სხვა შეკვეთებს, უმეტესობას შინაარსი სიყვარულით, მონატრებითა და ბედნიერებითაა სავსე.
მარიამის სურვილია საკუთარი სახელოსნოს შექმნა. ის ჭიქა ჩაისთან და ძველებურ ბუხართან ერთად ეპატიჟება ყველას, ვისაც აქსესუარის დამზადებაში თანამონაწილეობა სურს. „მაგდალლენასთან“ ფასები 8 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს, აქსესუარების უპირატესობებისა და თიხის ნივთების პოპულარობის შესახებ „თბილისი თაიმსს“ მარიამ ჟიჟიაშვილი ესაუბრება.
როგორია „მაგდალლენას“ შექმნის ისტორია, რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობით დაკავება და რატომ „მაგდალლენა“?
– ზუსტად ერთი წლის წინ, ინტერნეტში შემთხვევით ვნახე თიხის აქსესუარი, რომელიც ძალიან მომეწონა და მომინდა მეცადა მეც, რაიმეს შექმნა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი რომ ასეთი ხელმისაწვდომი იყო ის თიხა, რომელსაც ვიყენებ.
ერთ დღესაც, რომელიღაც საკანცელარიო მაღაზიაში შემთხვევით აღმოვაჩინე თიხა და დავიწყე ჩემთვის, რაღაც ფიგურების გამოყვანა, შემდეგ გუაშით ვცადე მასზე დახატვა, რითაც აღფრთოვანდნენ ჩემი მეგობრები, შემდეგ წამოვიდა იდეა,რომ რატომ მარტო საკუთარი თავისთვის, როცა შეიძლებოდა სხვების გახარება?! დაიწყო შეკვეთებიც, შემდეგ გვერდიც შევქმენი და ასე გრძელდება დღემდე, გვერდს უკვე 25000-ზე მეტი მოწონება აქვს და დღითიდღე მეტი ადამიანი ინტერესდება ჩემი ნამუშევრებით.
რაც შეეხება სახელს „მაგდალლენა“, ერთ საათში მოვიფიქრე ალბათ, მარიამი მქვია მეც და ეს მარიამ მაგდალინელისადმი მოწიწების გამო დავარქვი.
თიხის აქსესუარები ძალიან პოპულარულია საქართველოში, ამ კონკურენციის პირობებში,როგორ შეაფასებთ თქვენს მოღვაწეობას და რა არის ის ძირითადი განმასხვავებელი უპირატესობები,რის გამოც სწორედ თქვენთან უნდა შეიძინონ და შეუკვეთონ ნივთები?
– გეთანხმებით, საკმაო კონკურენციაა ამ სფეროში, უპირატესობის არვიცი, ალბათ ინტერნეტ-რეკლამა, რომელიც ხშირად ტრიალებს ფეისბუქზე და გეტყვით რასაც ნამუშევრებით მოხიბული ადამიანები ამბობენ, რომ სუფთადაა დამუშავებული თიხა და აკურატულად შესრულებული ნახატები, რაც შეიძლება განასხვავებდეს სხვებისაგან. და კიდევ ჩემთვის ახალი ტექნიკა ვცადე. პრინტი თიხაზე ძალიან პოპულარული გახდა, ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს საყვარელი მხატვრის ნამუშევარი იქონიონ გულსაკიდად და არა მხოლოდ მხატვრის, ნებისმიერი გამოსახულების დამუშავება შეიძლება ამ ტექნიკით და შემდეგ გულსაკიდად, ბროშად დამზადება.
როგორია ფასები და ძირითადად,რა შინაარსის/დატვირთვის ნივთებს უკვეთავენ მომხმარებლები?
– ფასები ვფიქრობ, ხელნაკეთის კვალობაზე საკმაოდ ხელმისაწვდომია, 8-9 ლარიდან 15-16 ლარამდე ძირითადად, მქონია განსხვავებული შეკვეთებიც, 25 ლარი მაქსიმუმ თითოეული ნამუშევრიდს ფასი.
ყველაზე პოპულარულია კლიმტის კოცნა, რომელიც პრინტის ტექნიკითაა დამზადებული, ალბათ 100-ზე მეტი მოდელია ასეთი გაყიდული და კიდევ ორსული გოგონა, რომელიც ასევე პრინტის ტექნიკითაა დამზადებული.
კიდევ ერთი პოპულარული ნამუშევარია გუაშით შესრულებული გოგონა და ბიჭი გვირილებით, მარტო ამ ნამუშევრის ფოტოს აქვს 10 000 -ზე მეტი მოწონება.
შინაარსს რაც შეეხება ძირითადად სასიყვარულო ტექსტები თუ ეტიუდებია ნამუშევრებში, ადამიანები ამ ნამუშევრებით ერთმანეთს უზიარებენ მონატრებას, სიყვარულს და ისეთ მომენტებს, რაც მხოლოდ მათ აკავშირებს და აბედნიერებს.
ყველაზე საინტერესო შეკვეთების შესახებ რომ გვიამბოთ?
– პაწაწუნა სახლუკებია ალბათ ყველაზე სასიამოვნო ამ წუთას რაც მახსენდება, დათოვლილი ერთი ციდა ბედნიერებები, აი ისეთი რომ შეხედავ და სულში მყუდროვდება. ერთი გოგონა გავახარე ასეთი სახლუკებით.
როგორ გესახებათ თქვენი ბიზნესის სამომავლო განვითარება?
– ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლებით, ძალიან მინდა პატარა სახელოსნოს გაკეთება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დაათვალიერონ, შეიძინონ და თავად გახდნენ მონაწილე ამ პროცესის, თავად შეძლონ სასურველი ნამუშევრების შექმნა ჭიქა ჩაისთან და ძველებურ ბუხართან ერთად.
ნათია კეკენაძე