საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამოქმედო გეგმა გაწერილია თემატურად და ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმების მიმართულებით პროექტების განხორციელებას.
ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის დაფინანსება ძირითადად ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ. თუმცა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების სრული დაფინანსება შესაძლებელია ასევე დონორი ქვეყნების მიერ გაწეული კონტრიბუციით.
პრეზენტაციას ესწრება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.
ამასთან, პრეზენტაციებს მართავენ ევროპის საბჭოს ოფისის კოორდინატორები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ პროექტების მნიშვნელობაზე, ხოლო საგარეო უწყებების წარმომადგენლები ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტებზე საუბრობენ.