„სამკურნალო დაწესებულებებში მარიხუანის მომხმარებლების მომართვიანობა პრაქტიკულად არ არსებობს. რეაბილიტაციური პროგრამები არ არის საჭირო. მარიხუანა არ არის კარგი, თუმცა შაქარიც არ არის კარგი. მარიხუანა თავისი ზიანით ალკოჰოლთან შედარებთ, არის 10 ათასი ერთთან“. ამის შესახებ, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში და რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვართ იმ ცხრა ქვეყანას შორის, რომლებმაც ვერ შეაჩერეს შიდსის და აივ-ის ეპიდემია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველ კვირას ახალი 15-20 შემთხვევაა, ეს არის კატასტროფა. ჩვენთან რუსეთის მსგავსად შიდსის ეპიდემია მძვინვარებს. გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც არის დაჯარიმებული, დასჯილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. 2016 წლის ივლისის მონაცემებით დაახლოებით 665 კაცი იყო გასამართლებული, მხოლოდ მოხმარებისთვის. დღეს ქვეყანაში გვყავს 21 ათასი პრობაციონერი, საიდანაც დაახლოებით 28 % სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის. ეს კატასტროფული ციფრებია.ეს მოგვიტანა ათწლიანმა რეპრესიულმა პოლიტიკამ. 70 გრამი არის დეკრმინალიზირებული, ამ დოზისთვის მომხმარებელს პატიმრობა არ ემუქრება. მიუხედავად ამისა მარიხუანის მოხმარება კატასტროფულად არ გაზრდილა“.
ზურა სიხარულიძის განმარტებას გამოეხმაურა ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძეც, რომელმაც ნარკოლოგს პროპაგანდის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ეს არის პროპაგანდა და ამას ნუ აკეთებთ. ამბობთ როგორც შაქარს ვიღებთ, ისე მიიღეთ მარიხუანაო. ეს შეიძლება ცუდად გაიგონ ახალგაზრდებმა“.
მანანა ღოღობერიძე