სათამაშოები მცირეწლოვანი ბავშვებით შემდგარი ოჯახის განუყრელი ატრიბუტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს რომელსაც უწევს ამა თუ იმ სათამაშოებთან ურთიერთობა იყოს ჯანსაღი, ხარისხიანი, უვნებელი რადგან არ აღმოჩნდეს ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ. დღეს უამრავი სათამაშო იყიდება, მომრავლდა ე.წ. ბრენდ მაღაზიები და დიდი ბაზრობები სადაც გვთავაზობენ სხვადასხვა საღებავებით თუ აქსესუარებით გაწყობილ სათამაშოებს. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია ამოიცნოს ჯანმრთელობისთვის არა მავნე სათამაშო….
ახლახანს, სათამაშოების ხარისხზე კვლევა – “საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” ჩაატარა.
როგორც კვლევიდან დადგინდა, ბრენდ მაღაზიებში ნაყიდი სათამაშოების უმრავლესობაში დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება, დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.
იმის გასარკვევად, კონტროლდება თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების ხარისხი და რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები, საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის momxmarebeli.ge პროგრამის ხელმძღვანელ, ლია თოდუას ვესაუბრეთ.
დღეს არსებული სათამაშოები ნორმებს რამდენად აკმაყოფილებს, მათი გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებლების (ბავშვების) ჯანმრთელობა დაცულია?
– დღევანდელი რეალობით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტი ნორმა, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ საქართველოში არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში სათამაშოების არანაირი კონტროლი არ ხდება. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, უცხოური სათამაშოების შემცველი ნივთიერებებისა და ქართული სათამაშოების შემცველი ნივთიერებების ერთმანეთთან შედარებაა. ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ევროპაში, ისევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოშიც. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების ჯანმრთელობა, ფაქტობრივად, დაუცველია, საქართველოში, ამ მხრივ, საფრთხის ამარიდებელი არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
რა ფასიანი სათამაშოების ყიდვაა რეკომენდირებული? როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ხარისხი ფასზეა დამოკიდებული?
– ხარისხი ფასზე არანაირად არაა დამოკიდებული, მეწარმეები ხშირად იაფასიან სათამაშოს დიდ ფასს ადებენ და ძვირიანად ასაღებენ, შესაბამისად, ფასის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ.
თქვენი ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საზიანო სათამაშოები სად იყიდება, ე.წ. ბაზრობებზე თუ არის შესაძლებელი ჯანმრთელობისთვის არა მავნე სათამაშოს შეძენა, ან პირიქით უხარისხო სათამაშოები ბრენდ მაღაზიებში რამდენად გვხდება?
– ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოყენებული ყველა სათამაშო ე.წ. ბრენდ მაღაზიებში იყო შეძენილი, მაგრამ 10 დან 9 მავნე ნივთიერებების შემცველი აღმოჩნდა.
ფოტო: momxmarebeli.ge
ხარისხიანი სათამაშო უხარისხოსგან როგორ გავარჩიოთ? თქვენი რეკომენდაცია….
– წესით ხარისხიან სათამაშოებს ეტიკეტი ახლავთ, მაგრამ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეტიკეტსაც აყალბებენ და სათამაშოს ხარისხიანობის გარანტია ამ მხრივაც არ გვაქვს.
მეორადი სათამაშოების შესახებ რას გვეტყვით, მათი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანო რამდენადაა?
– ჯერ-ჯერობით მეორადი სათამაშოების შესახებ ვერაფერს გეტვით, რადგანაც კვლევა არ ჩაგვიტარებია.
განვითარებულ ქვეყნებში რა მდგომარეობაა, მსგავს პრობლემას როგორ ებრძვიან, მათი ბერკეტები რაში მდგომარეობს?
– ევოპულ ქვეყნებში სათამაშოების ხარისხის დასადგენი კონკრეტული ნორმები არსებობს და ამ ნორმებს ყველანაირად იცავენ. დადგენილია ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, შესაბამისად, ყოველივე ხშირად კონტროლდება, დარღვევის შემთხვევაში სანქციის სახით პირობითი ჯარიმებიც მოქმედებს. ასე რომ, განვითარებულ ქვეყნებში ამ მხრივაც გაცილებით კარგი მდგომარეობაა.
ნინო ზარიძე