გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1-შვეიცარია, 2-სინგაპური, 3-აშშ, 4-ჰოლანდია, 5-გერმანია, 6-შვედეთი, 7-დიდი ბრიტანეთი, 8-იაპონია, 9-ჰონგ-კონგი, 10-ფინეთი.
წლევანდელი რეიტინგი 2015-2016 წლის შედეგებისგან მცირედით განსხვავდება. ჰოლანდიამ ერთი პოზიციით გააუმჯობესა შედეგები და გერმანიის მე-4 ადგილი დაიკავა. პირველი სამეული არ შეცვლილა. ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა შვედეთის შემთხვევაშია, ქვეყანა 2015-2016 წლის ანგარიშში მე-9 პოზიციაზე იყო, ახალ ანგარიშში კი მე-6 ადგილზეა. გარდა ამისა საინტერესოა ჰონგ-კონგისა და ფინეთის ორი პოზიციით დაქვეითებაც.
ანგარიში გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ის, თუ რომელ კატეგორიებში აიღეს მაღალი ქულები საუკეთესო ათეულში შემავალმა ქვეყნებმა.
ფინეთის შემთხვევაში,ქვეყანა 1ლ ადგილს იკავებს ინსტიტუტების და ჯანრთელობისა და დაწყებითი განათლების კატეგორიებში. უმაღლესი განათლებითა და ინოვაციების დანერგვით ქვეყანა მე-2 და მე-3 ადგილს იკავებს მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის. ყველაზე ცუდი შედეგი აქვს მაკროეკონომიკურ გარემოსა(46-ე) და საბაზრო ზომების (59-ე) კატეგორიებში.
გერმანიას მაღალი ქულები აქვს მიღებული ინოვაციების, ბიზნესის კეთების სიიოლისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში. პრობლემები ჩანს ინსტიტუციებისა და სამუშაო ბაზრის ეფექტურობის კატეგორიებში.
ჰონგ-კონგი პირველ ადგილს იკავებს ინფრასტრუქტურის კატეგორიაში, მაღალი შეფასებები აქვს ფინანსური ბაზრის ეფექტურობასა და ტექნოლოგიების განვითარებაში. წინა წლებთან შედარებით პრობლემებია ჯანმრთელობისა და დაწყებითი განათლების კატეგორიაში.
იაპონია,რომელიც მერვე ადგილს იკავებს 138 ქვეყანას შორის, მოწინავეა ისეთ სფეროებში,როგორიც არის ინფრასტრუქტურა, ინოვაციები, უმაღლესი განათლება, ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მაკროეკონომიკურ გარემოში,სადაც ქვეყანა 104-ე ადგილს იკავებს.
ჰოლანდია მოწინავეა ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების, ჯანმრთელობისა და დაწყებითი განათლების კატეგორიებში. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (22-ე ადგილი) მაკროეკონომიკურ გარემოსთან ფიქსირდება.
სინგაპურს ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები აქვს არსებულ კატეგორიებში, მაგალითად ის ათეულშია უმაღლესი განათლების, ფინანსური ბაზრის განვითარების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კატეგორიებში. ერთ-ერთ პრობლემურ სფეროდ რჩება საბაზრო ზომები (იგულისხმება გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო ბაზრების მიერ ადგილობრივი ბაზრების ჩანაცვლების პროცესი).
შვედეთის მონაცემებში სინგაპურის მსგავსად არასახარბიელო შედეგებია საბაზრო ზომების კატეგორიაში. თუმცა გაუმჯობესებულია ინსტიტუტებისა და მაკროეკონომიკური გარემოს შედეგები. ტექნოლოგიური მზაობის კატეგორიაში ქვეყანა მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოში.
პირველ ადგილზე 2015-2016 წლის ანგარიშის მსგავსად, წელსაც შვეიცარიაა. ქვეყანა 12 კატეგორიიდან ხუთშია პირველ ადგილზე გასული. ათეულს მხოლოდ საბაზრო ზომების მონაცემებში სცდება და 39-ე ადგილს იკავებს. გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური გარემოსა (მე-4) და ტექნოლოგიური მზაობის (1ლი) შედეგები.
დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ანგარიშის ავტორები მიუთითებენ,რომ არსებული მონაცემები ევროკავშრიდან გასვლამდეა მიღებული. ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა ტექნოლოგიებისა და საბაზრო ზომების კატეგორიაში. ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციების სფეროშიც სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი შეფასებები აქვს. ყველაზე ცუდი შედეგი 85-ე ადგილი მაკროეკონომიკური გარემოს კატეგორიაში ფიქსირდება.
აშშ-ს მონაცემები წინა წლებთან შედარებთ, თითქმის ყველა კატეგორიაში უმჯობესდება. ის მოწინავეა საბაზრო ზომების, ინოვაციებისა და ფინანსური ბაზრის განვითარების კატეგორიებში. დიდი ბრიტანეთის და სხვათა მსგავსად მაკროეკონომიკური გარემო ამ ქვეყნის მაჩვენებლებშიც დაბალია, იგი 71-ე ადგილს იკავებს. ჯანმრთელობისა და დაწყებითი განათლების კატეგორიაში 39-ე ადგილი აქვს. ბიზნესის კეთების ყველაზე პრობლემატურ ფაქტორად კი გადასახადები და არსებული რეგულაციები მიიჩნევა.
გარდა ათეულისა, გთავაზობთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მონაცემებსაც(შეგახსენებთ რომ საქართველო რეიტინგში 59-ე ადგილზეა და წინა წლის ანგარიშის შედეგებთან შედარებით, მისი პოზიცია 7 საფეხურითაა გაუმჯობესებული):
აზერბაიჯანი – 39-ე ადგილი; რუსეთი – 43-ე ადგილი; თურქეთი – 55-ე ადგილი; სომხეთი – 79-ე ადგილი.
რეიტინგში ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება : იემენი, მავრიტანია, ჩადი, ბურუნდი, მალავი, მოზამბიკი, სიერა ლეონე, ლიბია, ვენესუელა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე