იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორცხავს, რომ სამინისტროს სსიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს.
კადრების შემცირების თემაზე თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ისაუბრა.
“სადაც 10%-ით შემცირების საშუალება იყო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ეს უკვე გაკეთდა. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს დიდ სსიპებ-ში. 10% იყო მინიმუმი, რომელზეც მინისტრები პრემიერ-მინისტრთან შევთანხმდით”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, უქმდება ძალიან ბევრი ვაკანსია, მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც ეს გამართლებულია.
წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაახლოებით 5 500 საჯარო მოხელეა, არა არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლება ნაკლებიც, სხვადასხვა სსიპებ-იდან მოყვნენ რეორგანიზაციაში.
“ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როცა დაიწყება, პროცესი იქნება გამჭვირვალე”,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.