„მაკროეკონომიკურ ციფრებზე კი არა, ადამიანების მაცივრებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ცარიელია. ამას რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, უცხოური რეიტინგებით და მაკროეკონომიკური პარამეტრებით პასუხობ, არ არის ადეკვატური“. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მდინარაძე და ჯაში საუბრობენ ეკონომიკის თემებზე, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან ამ სფეროში, როგორც ჩანს უძაღლო ქვეყანაში კატებიც იყეფებიან. ამას შურაცხყოფისთვის არ ვამბობ. გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია მისი განცხადებები. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა შეეცადოს, რომ ოპტიმისტური განწყობები შექმნას საზოგადოებაში, მაგრამ ამას უხარისხოდ აკეთებს. მას მხრებზე აქვს დიდი პასუხისმგებლობა და მესმის, თუმცა ეს თამაში არ არის. კვირიკაშვილის რიტორიკაში იყო რამდენიმე შეცდომა, რაც შემდეგ სხვებმაც გაიმეორეს.
დევალვაციის სწრაფი ტემპები ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში ავკრიბეთ და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი ხდებოდა ჩვენს მეზობლებთან და სავაჭრო პარტნიორებთან. სანამ რამეს იტყვიან ჩაიხედონ სტატისტიკაში. დევალვაცია სხვა ქვეყნებში მოხდა წინა წლებში, მაგრამ ბოლო ორი სამი თვე, საქართველოსნაირი უბედურება არსად არ ხდება. დევალვაციის საგარეო ფაქტორებზე გადაბრალება რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. საბოლოოდ მთავრობის გეგმა ეონომიკურ გამოწვევებს ვერ აზღვევს. ეს ხელისუფლება არ არის მზად, რომ რადიკალური ცვლილებები გაატაროს. ქვეყანას ნახტომისებური განვითარება სჭირდება და არა კოსმეტიკური. გეგმა არის კოსმეტიკური იმ გამოწვევებთან, რის წინაშეც ვდგავართ. თუ რეალური ეკონომიკური სექტორის განვითარება გვინდა, ამას სხვა ზომები სჭირდება“.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ეკონომიკური გუნდის მინისტრებზე, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უპასუხა:
„პერსონალურ ჭრილში ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მათ დაფრთიანებაში პირდაპირი მონაწილეობა მაქვს მიღებული, მათ აქვთ პოტენციალი და კვალიფიკაცია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ არ აქვთ უნარი მიიღონ მასშტაბური, რადიკალური, ადეკვატური გადაწყვეტილებები“.
მანანა ღოღობერიძე