„გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები ცინიზმის მწვერვალია, ამომრჩეველს და მოქალაქეებს მიმართავს დაივიწყეთ თქვენი პრობლემებიო. დაივიწყეთ ის,რომ ცხოვრება გირთულდებათ, ნაკლები შემოსავალი გაქვთ და ფასები გიძვირდებათო“. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ხარვეზებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის ცინიკური სიცრუე. რა ეკონომიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს კვირიკაშვილს, როგორი არაკომპეტენტურიც არ უნდა იყოს, უნდა უთხრას, რომ ჩვენ გადაგიჭრით პრობლემებს. ამის ნაცვლად მოსახლეობას უთხრა, რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ დოლარის კურსზე ყურებაო, მაშინ როცა ყოველ წამს ძვირდება ცხოვრება. პირველადი მოხმარების საგნებში, სამედიცინო სფეროში მოხდა გაძვირება. მან მეორე მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებაც გააკეთა. თურმე ოპოზიციის მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა.
ასეთი გაჭირვების დროს რომ კიდევ გადასახადების გაზრდას იწყებ, ეს არის უპასუხისმგებლობა. ეს არ არის რადიკალური რეფორმები, ეს არის მავნებლური ხარჯვა. იმის გაგრძელება, რასაც აკეთებდნენ ოთხი წლის განმავლობაში. ოპოზიციის როლია მაქსიმალურად პოლიტიკური ფასი დაუსვან ხელისუფლებას, როცა ისინი უპასუხსიმგებლოდ იქცევიან. ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული გეგმა. არ ვეხებით არც ჯანდაცვას, არც პოლიციას, არც განათლებას, არც ჯარს. მინიმალური გაკრეჭვა ამ ბიუროკრატიული მავნებლური ხარჯების, საკმარისი იყო იმისთვის, რომ არც აქციზის გადასახადი გაზრდილიყო, მათ შორის არც მანქანების იმპორტზე, ამავე დროს საშემოსავლო გადასახადის შემცირება და პენსიის ზრდა იყო შესაძლებელი,“–განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანანა ღოღობერიძე