აივ არის აბრევიატურა და იშიფრება, როგორც ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი- შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას ვირუსის შეჭრის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო შიდსი აივ ინფექციის ბოლო სტადიაა.
ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი. საქართველოში 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201- გარდაიცვალა. 2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა.
საქართველოში გამოვლენილი აივ ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით:
2002 წელს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი შეიქმნა. გლობალური ფონდი საქართველოს 2003 წლიდან აფინანსებს, თუმცა ის ახლა ჩვენი ქვეყნიდან ეტაპობრივად გადის.
თუ რატომ გადის გლობალური ფონდი საქართველოდან და ფონდის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო თუ მოახერხებს ხარისხიანი მედიკამენტების ისევ შეღავათიან ფასებში მიღებას, აღნინულზე „თბილისი თაიმსთან“ გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან სტვილიამ ისაუბრა.
ქეთევან სტვილია: „ჩვენს რეგიონიში შიცის გავრცელების მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი და ამიტომ გლობალური ფონდის დახმარება ეტაპობრივად მცირდება. გასვლაზე კი საუბარია 2019 წლიდან. ქვეყანას, სავარაუდოდ, 2020 წლამდე შემცირებული დაფინანსება მაინც ექნება.
მედიკამენტების შეძენის მიმართულებით ჩვენმა მთავრობამ გლობალურ ფონდთან იმუშავა. მათ ვთხოვეთ, რომ შესაძლებლობა მოეცათ გამოგვეყენებინა იგივე მექანიზმი. ამას უწოდებენ გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმს. ის გლობალურ ფონდს აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც მუშაობს. ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ ცალკეული ქვეყნისთვის კი არ ხდება მედიკამენტების შესყიდვა, არამედ ქვეყნებისთვის ერთად, მთლიანად, რაც ფასის მნიშვნელოვან ეკონომიას იწვევს. ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება ჩვენ კვლავ გვაქვს. შარშან სახელმწიფო სახსრებით რომ ვიყიდეთ პირველი რიგის მედიკამენტები, ვისარგებლეთ ისევ ამ შეღავათიანი მექანიზმით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს.“
საზოგადოებისთვის აუცილებელია იფორმირება იმ პროგრამების არსებობსაზე რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ და პრევენციისთვის.
„თბილისი თაიმსს“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტმა გეგმებზე და პრგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა:
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებებს ემსახურება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით დამტკიცებული „აივ ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა, ასევე აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის ღონისძიებები გათვალისწინებულია ამავე დადგენილებით დამტკიცებულ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა“ და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამებში.
„აივ ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 7,246.40 ათას ლარს.
გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლისთვის გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (ნიმე-ბი) შორის ზიანის შემცირების (შპრიცისა და ნემსის პროგრამა და მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა) პროგრამების მეშვეობით.
ასევე:
აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის კომპონენტი გულისხმობს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულებისათვის მეორე რიგის აივ მედიკამენტების შეძენას, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მხარდაჭერას ( როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე) , მათ შორის მონიტორინგისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების შეძენას, შიდსის სამკურნალო მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების მხარდაჭერას. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთსა და აფხაზეთში.
პენიტენციალურ სისტემაში პროგრამის ფარგელბში ხორციელდება პატიმართა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ–ზე, თანასწორთა განათლება (მეთოდი, რომლის საშუალებითაც თანასწორი ადამიანები, უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს) , აივ ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა, სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგი, აივ ტესტირების ხარისხის ლაბორატორიული ხარისხის მონიტორინგი, საინფორმაციო მასალების და კონდომების დისტრიბუცია.
აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს პაციენტების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას თვითდახმარების ცენტრების ბაზაზე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ასევე მათ სოციალურ რეაბილიტაციას არტ თერაპიის, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების გზით და სხვა პროგრამები.
რა გეგმები აქვს სახელმწიფოს 2017 წლისთვის აივ ინფექციის მკურნალობის მხრივ?
2017 წელს დაგეგმილია როგორც პირველი (100%), ისე მეორე რიგის (25%) აივ მედიკამენტების შესყიდვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ნინო მაზიაშვილი