მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, ლუკიის ოლქის პათარში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე ქრისტეს შობიდან 257 წელს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად წმ. ნიკოლოზს სასწაულთმოქმედების უნარი შობიდანვე გამოუმჟღავნებია. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. გლახაკებს არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.
მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რომელთაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში.
წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მისი თაყვანისცემა ძალზე სწრაფად გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. აგებდნენ ტაძრებს წმინდანის სახელზე, მიმართავდნენ ლოცვებით, შესთხოვდნენ თანადგომასა და განკურნებას. მისი თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება.
ეპიზოდებმა წმნიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი: ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდანმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მას განუზრახავს შვილების საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. წმინდა ნიკოლოზმა ეს ამბავი შეიტყო. სამჯერ ჩუმად ესტუმრა მათ სახლს და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე იხსნა ისინი ცოდვით დაცემისგან. ღარიბმა გაარკვია თუ ვინ ეხმარებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი თხოვდა ეს ამბავი არ გაემჟღავნებია, ისტორია მაინც გავრცელდა და ამის შემდეგ “მოულოდნელი საჩუქარი” წმ. ნიკოლოზის სახელს დაუკავშირდა. მოგვიანებით იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად.
ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს, ახალი სტილით 19 დეკემბერს- წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის – წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.
შუა საუკუნეებში წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულები და ადგილობრივი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირდა. ვიქტორიანულ ეპოქაში არაერთმა ავტორმა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები თავიანთ ნაწარმოებებში ასახა. 1823 წელს დაიწერა დასავლეთში ცნობილი ლექსი “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” ან მეორენაირად “შობის წინა ღამე“. ზოგიერთი მას ჰენრი კლარკს, ზოგი კი ჰენრი ლივინგსტონ უმცროსს მიაწერს. პირველად სწორედ ამ ლექსში იქნა გამოსახული სანტა კლაუსი, რომელიც ირმებშებმული ეტლით ესტუმრება სახლებს და ბუხრის წინ დატოვებულ წინდებში ტოვებს საჩუქრებს. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სანტა კლაუსის შესახებ სრულყოფილი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე, ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჰყავს მფრინავი ირმები და შობის ღამეს ბავშვებს ბუხართან საჩუქარს უტოვებს.
სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში – მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj).
შეერთებულ შტატებში საშობაო საჩუქრების ავტორი გერმანული წარმოშობის მიგრანტების მიხედვით, კრის კრინგლე იყო. ეს სახელი დღესაც გამოიყენება, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. გერმანელების გარდა, წმინდა ნიკოლოზის ისტორიები კონტინენტზე ჰოლანდიელმა მიგრანტებმაც ჩაიტანეს. ნიუ იორკში მცხოვრები ჰოლანდიელი ახალმოსახლეები წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ყოველი წლის 6 დეკემბერს აღნიშნავდნენ. ინგლისურენოვანი მოსახლეობა მონაწილეობას მათ დღესასწაულებშიც იღებდა.
ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზს Saint Nikolaas-ს უწოდებდნენ, თუმცა სწრაფად საუბრისას ხშირად ეს სიტყვა როგორც Sinterklaas-ი აღიქმებოდა. ინგლისურენოვან მოსახელობას კი ეს სიტყვა ესმოდა როგორც სანტა კლაუსი.
მისი ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.
დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; დღეს უკვე, თანამედროვე სანტა კლაუსი, კოკა-კოლის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.
სოფიკო ნინიკაშვილი