„კავკასიური სოჭის, ანუ ნაძვის ხის მოჭრაზე ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. ვფიქრობთ, რომ სანქციები უფრო გავამკაცროთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას“. ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს აქცია „ნუ მოჭრი, მორთე“. პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ თუ მაინც და მაინც ვინმეს აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს ცოცხალი, ქოთნებში მოვრთოთ და შემდეგ ისევ გადავრგოთ. ამ წელს ჯერ-ჯერობით ნაძვის ხის მოჭრის გამო არავინ გვყავს დაჯარიმებული, ეს დიდი მიღწევაა. სასჯელის გამკაცრებასთან ერთად აგიტაციასაც ვეწევით. არ შეიძლება ხე, რომელიც 500-დან 800 წლადე ცოცხლობს, მოვჭრათ ახალგაზრდა მდგომარეობაში და 10 დღეში გამხმარი გადავაგდოთ. ყველა ნაძვს ეძახის, თუმცა ეს არის კავკასიური სოჭი.
ზოგადად ხის ჭრის სტატისტიკაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაკლებია. ჩვენს დაქვემდებარებაში მთელი ტერიტორიის 42 % შედის. ჩვენს სააგენტოში არ შემოდის თბილისი და აჭარა. აჭარას ცალკე აქვს სატყეო სააგენტო. გამოვლენა ძნელია, თუმცა ჩვენი ტყის მცველები,ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს ებრძოლოს ამ პრობლემას,“-განაცხადა თორნიკე გვაზავამ.
მანანა ღოღობერიძე