„ჩემი პროგრამის პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები. ოლიმპიური კომიტეტის შენობა არ არის ადაპტირებული, შშმ სპორტსმენები ისევე უნდა იყვნენ დაფასებულნი, როგორც სხვა სპორტსმენები არიან“. საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ოლიმპიურ კომიტეტში არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„პირველი რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, არის ერთი დიდი ყინულის დარბაზი, ფიგურული სრიალისთვის და ჰოკეისთვის. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ სპორტულ-სამედიცინო დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე. მით უმეტეს რომ, საუცხოო სპორტული ექიმები გვყავს.
არჩევნებში ჩართვის დღიდან დარწმუნებული ვარ, რომ მე გავიმარჯვებ. მქონდა კონსულტაციები სპორტულ ფედერაციებთან, გამოჩენილ სპორტსმენებთან და ვეტერანებთან. მათი უმრავლესობა მხარს მიჭერს და გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. არ არსებობს სახელმწიფო კანდიდატი და არანაირი გარე ძალების ჩარევა არ მოხდება. ყველაფერი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ეს მხოლოდ სპორტული სამყაროს მიღწევა არ არის.2012 წლამდე იყო სულ სახელმწიფო კანდიდატი, იყო ზეწოლა. დღევანდელმა საარჩევო გარემომ მომცა ბიძგი, რომ კენჭი მეყარა. პოლიტიკურმა და მენეჯერულმა გამოცდილებამაც მიბიძგა.
ყველა უჩივის კომუნიკაციის ნაკლებობას ოლიმპიურ კომიტეტსა და ფედერაციებს შორის. მთავარი უნდა იყოს სპორტული ფედერაცია, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება და ჩვენგან, ასევე სამინისტროსგან, პარლამენტისგან უნდ აჰქონდეთ მაქსიმალური მხარდაჭერა. ფედერაციას უნდა შევუქმნათ ისეთი პირობა, რომ 4 წელიწადში გვყავდეს სრულფასოვანი სპორტსმენი, რომელიც იბრძოლებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებისთვის. ჩვენ სპორტული მენეჯერობის ნაკლებობა გვაქვს. რეგიონები უფრო ჩართულნი უნდა იყვნენ ფედერაციის ცხოვრებაში. მე და ჩემს გუნდს მიგვაჩნია, რომ ყველაფრის უკეთესად გაკეთება შგვიძლია. ხვალ ყველაფერი კარგად არ იქნება, წინსვლა იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ. 2020 ში მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ. რეგიონალურ კომიტეტებს ფედერაციასთან უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური კონტაქტი. მხოლოდ წარმატებული სპორტსმენის მისალმების და ბანკეტისთვის არ უნდა არსებობდნენ, რეგიონული კომიტეტი ჩართული უნდა იყოს თავისი რეგიონის სპორტსმენის ცხოვრებაში. დაწყებული ფინანსური უზრუნველყოფით, ასევე მწვრთნელის შერჩევით.
როდესაც მოქმედი სპორტსმენი ამთავრებს თავის გამოსვლას, ის მეორე დღიდან ხდება ვეტერანი სპორტსმენი. მან უნდა დაინახოს, რომ მისი წინამორბედი არის დაფასებული. ყველაზე მთავარია სურვილი. სახელმწიფო აძლევს მათ პენსიას, თანხა გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხას იღებენ ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან. თანხების მოძიება უნდა მოხდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხვადასხვა ფონდისგან. ამის მაგალითია რაგბი. რომ არა ის ინვესტიციები, რაც თავის დროზე გაკეთდა რაგბში, რომ არა აშენებული სტადიონები, რაგბი ასეთი წარმატებული სპორტის სახეობა ვერ იქნებოდა“-განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე