აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ოფიციალურად 2008 წელს დარეგისტრირდა, როგორც რელიგიურ-კულტურული ორგანიზაცია. მისი მიზანია საზოგადოებისათვის ისლამის სწორი ინტერპრეტაციით მიწოდება, მუსლიმთა ცნობიერების ამაღლება და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ზრუნვა. ეს ორგანიზაცია სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ბაპტისტურ-ევანგელურ ეკლესიასთან, იეზიდ თემთან, ისლამის შიიტურ მიმდინარეობის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობს.
ე.წ. მოხეს საკითხი, მუსლიმი თემის წინაშე ჩადენილი რელიგიური სიძულვილით მოტივრებული დანაშაულების არასათანადო გამოძიება, პრობლემები, რომელსაც მუსლიმი ახალგაზრდები აწყდებიან სასწავლო დაწესებულებებში თუ საზოგადოებაში, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
როდის შეიქმნა „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, რა იყო მისი დაფუძნების მიზეზი და რა საქმიანობას ეწევა ის?
-„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსლიმებმა დაარსეს 2001 წელს.მან არარეგისტრირებული ორგანიზაციის სახით დაიწყო ფუნქციონირება. 2008 წლის ოქტომბერში გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსით, როგორც რელიგიურ-კულტურული ორგანიზაცია. მისი მიზანია საქართველოში მცხოვრები მუსლიმების ცნობიერების ამაღლება და განათლებაზე ხელის შეწყობა, ასევე ისლამის სწორი ინტერპრეტაცია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისადმი. მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ახორციელებს რელიგიური საქმიანობებს.
რა ტიპის ორგანიზაციაა? აერთიანებს თუ არა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, როგორც სუნიტებს, ისე შიიტებს, თუ ერთ-ერთი მათგანის ინტერესებს იცავს?
-„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიური ორგანიზაციაა და ფარავს მთელ საქართველოს. ატარებს ღონისძიებებს და იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა რელიგიურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
რა სახის თანამშრომლობა აქვს ქართველ მუსლიმთა კავშირს სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან? ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს, მუშაობთ თუ არა ერთობლივად?
– ზოგადად მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს წარმომადგენლობითი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც „საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ ერქმევა. რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მუსლიმი მრევლის ინტერესების დაცვა და მათი წარმოდგენა სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო არენაზე. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ეს სამმართველო მაქსიმალურ კონტროლს და ჩარევას განიცდის სახელმწიფოს მხრიდან. სამმართველო თითქმის რელიგიის საკითხთა სააგენტოს ფილიალად იქცა. მუსლიმებს არ გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ წინამძღვრები. ხშირად სამმართველოს წარმომადგენლებს სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად უწევს განახორციელოს მუსლიმი მრევლის ნების საწინააღმდეგო ქმედებები. ეს კარგად გამოჩნდა „მოხეს მეჩეთის კომისიის“ გადაწყვეტილების მიღების დროსაც. აქედან გამომდინარე, ხშირად მუსლიმი მრევლის კრიტიკის საგანიც ხდება. ჩვენი საქმიანობა პრაქტიკულად ემსახურება მუსლიმთა სამმართველოს რეალურად ჩამოყალიბებას. რაც ფაქტიურად თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაცაა.
რის ხარჯზე არსებობს „ქართველ მუსლიმთა კავშირი“?
– ქართველ მუსლიმთა კავშირი, შეუპოვარი, მებრძოლი, საქართველოს დემოკრატიაში წვლილის შეტანის მსურველი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მუსლიმთა თანადგომის ხარჯზე არსებობს.
ბატონო ტარიელ, როგორ შეაფასებდით 2016 წელს რელიგიის თავისუფლების კუთხით? რამდენად დაცული იყო მუსლიმთა უფლებები ჩვენს ქვეყნაში? ატარებდა თუ არა სახელმწიფო, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ქმედით ნაბიჯებს იმ პრობლემათა მოსაგვარებლად თუ დასასტაბილურებლად, რომელიც დგას მუსლიმთა წინაშე?
– მუსლიმების წინაშე არსებული პრობლემები არა თუ დასტაბილურდა 2016 წელს, არამედ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო და კრიტიკულ სტადიაში გადავიდა. ამის დასტურია მარტის თვეში ადიგენში განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, ადიგენში მუსლიმმა თემმა სასაფლაოსათვის მიწის გამოყოფა თხოვა სახელმწიფოს, ვინაიდან რელიგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია მუსლიმები და ქრისტიანები (ან ნებისმიერი სხვა რელიგიური მრწამსის პირი) ერთ სასაფლაოზე განისვენებდნენ. ჩვენდა გასაკვირად სახელმწიფომ პოზიტიურად გადაჭრა ეს საკითხი, თუმცა მუსლიმებისათვის მიწის გამოყოფის წინააღმდეგ ამჯერად ადგილობრივი ქრისტიანები გამოვიდნენ, რომლებიც თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ იყვნენ წახალისებული. ამ საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა. გამოძიება დაიწყო, თუმცა არასწორი კვალიფიკაციით და რაც მთავარია, ამ საქმეზე დღესაც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.
მეორე საკითხი, რომელიც 2016 წელს კიდევ უფრო გამწვავდა არის მოხის მეჩეთის საკითხი. მეჩეთის თემით პროვოცირება წარმატებით მოახერხა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და დღეს შედეგად გვაქვს მოხეში ორ ნაწილად, მუსლიმებად და ქრისტიანებად, დაყოფილი სოფელი, სადაც სიტუაციის დაძაბვა ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი.
2016 წელ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ შეაგროვა 12000-ზე მეტი ხელმოწერა ახალი მეჩეთისათვის მშენებლობის მოთხოვნით და გადაუგზავნა იგი სახელისუფლებო ორგანოებს, ასევე გამართა რამდენიმე მშიდობიანი დემონსტრაცია აჭარის მთავრობის წინ. მუსლიმთა მოთხოვნებს არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია, შესაბამისად, სახელმწიფოს გულგრილობისა და უგულველყოფის პოლიტიკამ მუსლიმების მიმართ, წელს დეკლარირებული ხასიათი მიიღო.
სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტი და მექანიზმები, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლება რეალიზებული და სათანადოდ დაცული იყოს, თუმცა არ გააჩნია პოლიტიკური ნება. სწორედ ეს იწვევს რელიგიური ხასიათის კონფლიქტებსა და უთანხმოებებს, რომლებიც ასევე პოლიტიკური ნების გამო არ იწურება და არ სრულდება.
უკვე წლებია მოუგვარებელია მოხეს საკითხი. ე.წ. მოხეს კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, როგორც სასულიერო, ისე სოფელში მცხოვრებნი ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ, რომელიც მისაღებია მუსლიმთა სამმართველოსათვის, თუმცა თქვენი და ადგილობრი მუსლიმთათვის მიუღებელი. თქვენი აზრით რა განმუხტავს ვითარებას იმ ფონზე, რომ არც ერთი მხარე სადავო შენობაზე პოზიციას არ თმობს ?
– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საინტერესო ის კი არ არის რაზე შეთანხმდა ე.წ „მოხის კომისია“ ან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ვინაიდან, მოგეხსენებათ ორივე ორგანო სახელმწიფოსგან არის კონტროლირებული და შესაბამისად არა უმცირესობის, არამედ უმრავლსეობის ინტერესებს ლობირებს. რაც შეეხება, მოხელ მუსლიმებს, მათ არავინ ეკითხებათ თუ როგორ წარმოუდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოხეში ერთადერთ პრობლემად მხოლოდ სალოცავი სივრცის უკმარისობაში ხედავს, მაშინ როცა კონფლიქტის ფონზე კარგად გამოჩნდა არანაკლებ სიღრმისეული და მასშტაბური პრობლემა – სრული გაუცხოება მუსლიმებსა და სახელმწიფოს შორის, მუსლიმების მეორეხარისხოვნად აღქმა საკუთარ სახელმწიფოში, უიმედობა და უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ.
მაშინ როცა „მოხის კომისია“ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით არის დაკავებული, დღეს მოხელი მუსლიმები თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ლოცულობენ საკულტო შენობის წინ და აფიქსირებენ მათ შეურყეველ პოზიციას, რომ მეჩეთი ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე ისტორიულ მემკვიდრეს უნდა დაუბრუნდეს.
სოფელ მოხეში ვითარება ხელოვნურადაა დაძაბული, შენობა ნამდვილად მუსლიმური მეჩეთია და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულთან. შენობის არქიტექტურა და რელიგიური ატრიბუტიკა ცალსახად მის მუსლიმურ წარმომავლობას მიანიშნებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა ეს აღიაროს და გადასცეს მუსლიმ თემს.
გარდა მოხეს საკითხისა, რა გამოწვევების წინაშე დღეს დგას მუსლიმი თემი?
– მუსლიმი თემის წინაშე ჩადენილი რელიგიური სიძულვილით მოტივრებული დანაშაულები სათანადოდ არ არის გამოძიებული, რაც დაუცველობის განცდას ქმნის თემში. მოგეხსენებათ, მუსლიმების წინაშე ჩადენილი დანაშაულების არასწორად კვალიფიცირება (რელიგიის მოტივისგან დაცლა) და გამოძიების გაჭიანურება ახალისებს რელიგიურ სიძულვილს და ამ მოტივით ჩადენილ ქმედებებს.
მუსლიმ მოსწავლეებს პრობემები ექმნებათ სკოლაში, ისინი ხდებიან ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის მსხვერპლნი ბაღებშიც. მუსლიმებს პრობლემები ექმნება საზღვრის კვეთისას, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. თავსაფრიანი ქალები არიან არაპირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამუშაო ადგილას და ქუჩაშიც კი, შესაბამისად, მათ ჩამოუყალიბდათ სკეპტიკური განცდა დასაქმებასთან დაკავშირებით. აჭარაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, საჯარო სამსახურში მუსლიმებს არ ჰყავთ თავიანთი ინტერესების დამცველები და ლობისტები.
ბატონო ტარიელ, რამდენიმე დღის წინ რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვდით. რა გახდა თქვენი ამ განცხადების მიზეზი?
– რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო თავისი საქმიანობით გახდა მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ხელისუფლების სახელით საუბრობს და შექმნა ბარიერი ხელისუფლებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდების მხრივ, რაც,ხშირად, მათ მიერ არასწორი გადაწყვეტილების საფუძველიც ხდება. მაგალითად, ბათუმში, 2014 წელს, მუსლიმი წინამძღვრების მიმართ ძალადობრივად განხორციელებული ქმედება, თითქოს მუსლიმი წინამძღვრები თავიანთი სურვილით ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების ალტერნატივად ითხოვენ რეზიდენციის შენობას და ე.წ. მედრესეს. რის საფუძველზეც ხელისუფლებამ მართლაც გადასცა ეს შენობები სამმართველოს. თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა ხელმოწერებმა ცხადყო, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნა გრძელდება. სააგენტო კი ამ ქმედებით შეეცადა მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა. ბევრი სხვა მაგალითებიც არსებობს: მოხეს კომისიის შექმნა, სასაფლაოების გადაცემის საკითხი ადიგენის რაიონში და ა.შ. ყველგან ჩანს სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელის ნეგატიური როლი, რომელიც უფრო მეტად ძაბავს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აღნიშნული ორგანო არათუ კეთილის მომტანია ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მისი ქმედებები არა სახელმწიფოებრივია, არადემოკრატიულია, რაც უფრო მეტად აშორებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფოსაგან.
რა სახის თანამშრომლობა გაქვთ სხვა რელიგიურ დენომინაციებთან ? ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს და რამდენად ნაყოფიერად შეაფასებდით ამ მხრივ ქართველ მუსლიმთა კავშირის საქმიანობას?
– ქართველ მუსლიმთა კავშირი წევრია სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსი. ორგანიზაცია ურთიერთობს და თანამშრომლობს ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ბაპტისტურ-ევანგელურ ეკლესიასთან, იეზიდ თემთან, ისლამის შიიტური მიმდინარეობის ორგანიზაციებთან, მართლმადიდებლებთან. ერთობლივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, აწყობს საზაფხულო, საბავშვო ბანაკებს, ერთობლივ ტრენინგებს ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
და ბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ტოლერანტული გარემო ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესდეს?
– ვფიქრობ, ტოლერანტული გარემოს ხელისშემწყობი, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს და ყველანაირად ცდილობდეს სხვადსხვა ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათ წახალისებასა და გაძლიერებას, ვინაიდან, ეს დადებითი ეფექტის მომტანია, როგორც სახელწიფოსათვის და მისი ყველა მოქალაქისთვის, ასევე ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და იმიჯის გაძლიერება წინ წაწევს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, კონკრეტულად კი ევროინტეგრაციის პროცესში.
ვინაიდან სახელმწიფოს პრიორიტეტი უმცირესობებზე ზრუნვას არ წარმოადგენს და ტოლერანტობასაც, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებას მხოლოდ ვერბალურ დონეზე აღიარებს, სრული პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადადის. სწორედ მოქალაქეებმა, სხვადასხვა ჩაგრულმა ჯგუფებმა აქტივიზმისა და სოლიდარობის დახმარებით უნდა დავანახოთ ქვეყანას, რომ უმცირესობა შეიძლება ციფრობრივად უმრავლესობა იყოს და მათი ლეგიტიმაციის საფუძველიც ეჭქვეშ დადგეს.
ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების გავრცელება. ამ კუთხით „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდების განათლების საკითხში, ვინაიდან მტკიცედ გვწამს, რომ განათლება ძალაუფლებაა და განათლებულ ადამიანს ვერაფერი და ვერავინ დააჩოქებს.
სოფიკო ნინიკაშვილი