„უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“– ეს წარწერა ქვის იმ ფილაზე იკითხება, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს და რომელიც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომელიც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ქრონიკაში მოხსენიებულია როგორც „მარიამწმიდა ეკლესია“, აშენებული VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის შვილის – დაჩი უჯარმელის მეფობის დროს.
საისტორიო წყაროებში „მარიამ-წმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიება. აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ტაძარი ერთადერთი იყო საქართველოში, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ ეძახდნენ.
ანჩისხატის ტაძარი თბილისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. მისი დღევანდელი სახელწოდება დაკავშირებულია 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან. ეს ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მის წარწერაში ნათქვამია: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათიასა სა საუკუნესა მოიჭედა ხე (ლი)თა ბექასითა… “ ხატი შემკულია ვედრების კომპოზიციით.
ანჩისხატის ეკლესია ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ბურჯების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად. მის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ცალკე სადგომები. ერთი მათგანი წარმოადგენს სამკვეთლოს, მეორე – სადიაკვნოს. მხატვრული გადაწყვეტით ბოლნისის სიონის მსგავსია. დასავლეთი ფასადის წყობაში ჩადგმული „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიციის ფრაგმენტიანი რელიეფი. მასზე შერჩენილია ე.წ. ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის ძლიერ დაზიანებული გამოსახულებები.
რესტავრაციისას, საკურთხეველში, საუკუნის მხატვრობის ქვეშ აღმოჩნდა XVII ს-ის ფრესკების ნაშთი „მოციქულთ ზიარების“ სცენით. აფსიდის შუბლზე „ძირი იესოსი“-ქრისტეს გენეალოგია არის გამოხატული. სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო.
გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა.
1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. აქ საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.
სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს, რომელიც 1958-64 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად მოაშორეს. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავეს ტაძარიც. მოიხსნა მხატვრობის ნაწილი შიდა კედელზე.
სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც XVII საუკუნეში ჰქონდა.
პირველად თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა „ანჩისხატის უბანში“ შედიოდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას, ახლანდელი შავთელის ქუჩას ჯერ წყლისკარის, XVII საუკუნეში ანჩისხატის, ხოლო XIX საუკუნეში მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა. ანჩისხატის უბანი ქართველ წარჩინებულთა სამოსახლო იყო. ტაძრის სამხრეთით მეფის სასახლე იყო აგებული.
დღეს ანჩისხატის ტაძარში დაცული „ქონებიდან“, ძვირფასი ნივთებიდან, სამწუხაროდ, აღარაფერია დარჩენილი, ნაწილი თბილისის აოხრების დროს 1795 წ. განადგურდა, რაც გადარჩა კი გაიყიდა.
ანჩისხატის კარედი მარგალიტებისა და ძვირფასი ქვებისაგან გაძარცვულია. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის საეკლესიო კრების ოქმის მიხედვით, ხელითუქმნელი ანჩისხატის აღწერისას ამ ძვირფას თვალთა უმრავლესობა ადგილზე იყო. ტაძარში, ძირითადად, ახლად დაწერილი ხატებია, ხოლო ტაძრის მთავარი სიწმინდე — ანჩისხატი, იგივე „პირიუფლისა“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ანჩისხატის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ევდემოსის საფლავია. ჩრდილოეთ-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა განისვენებს მეფე არჩილის ასული, ბატონიშვილი მარიამი. ამბიონის მარცხნივ დაკრძალულია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი, მარჯვნივ კედელთან გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი.
სოფიკო ნინიკაშვილი