საქართველოს დედაქალაქი ტაძართა სიმრავლით გამოირჩევა. თბილისში, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ, ასევე არაქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებსაც შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანია-წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ტაძარი რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადმოსცა.
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძარი 1864 წელს აშენდა, იგი არასდროს დახურულა და დღემდე ფუნქციონირებს.
უნდა ითქვას, რომ მშენებლობა, როგორც რუსეთის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილი თანხის, ასევე მორწმუნეთა პირადი შემოწირულობებით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა.
1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრით მინაშნებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა. ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭე და ქვის კიბე აღიმართა.
ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის და წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის. მეორე ტრაპეზი 1990 წელს, საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში, რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ II-ის მირონცხების საპატივსაცემოდ დაარსდა. ეკლესიის ტერიტორიაზე სამლოცველო მდებარეობს, რომელიც 1869 წელს, გლამაზდინების ოჯახის მიერ აიგო.
წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი მრავალმხრივ გამორჩეულია. გასულ საუკუნეში, კომუნისტების დევნის შედეგად გლინის უდაბნოდან გამოქცეული მღვდელმსახურები, სწორედ ამ ტაძარს აფარებდნენ თავს. ერთ-ერთი მათგანი იყო- მეუფე ზინოვი, მან ამ ეკლესიაში თავშესაფარი მიიღო და აქვე გახდა მიტროპოლიტი. და რაც ყველაზე საგულისხმოა, სწორედ წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მანვე აღკვეცა ილია შიოლაშვილი, აწ უკვე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ბერად.
როგორც ტაძრის მღვდელმსახურმა, ანტონი გულიაშვილმა, „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, ტაძარში მოღვაწე ყველა სასულიერო პირი კათალიკოს-პატრიარქს ემორჩილება. მრევლი საკმაოდ ჰყავთ, არიან როგორც რუსი, ასევე ქართველი მორწმუნეები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეკლესიაში მისულ ყველა მშიერსა თუ უპოვარს ეხმარებიან და აპურებენ.
და ბოლოს, არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ გავიხსენოთ სქემარქიმანდრიტი მამა ვიტალი (სიდორენკო). ბერი, რომელიც გარდაცვალების შემდგომაც აღავლენს სასწაულებს.
1992 წლის 5 დეკემბერს, ილია II-ის კურთხევით, მამა ვიტალი სწორედ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. მას ანდრეძად დაუბარებია: „მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო.“ მართლაც, რუსი ბერის საფლავზე, რომელსაც ქართველები და საქართველო ძლიერ უყვარდა, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მრავალი სასწაულის მომსწრენიც ხდებიან.
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია ყოველ დღე ღიაა და მორწმუნეებს ელის.
ნინო ზარიძე