საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
“კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენ თაობაში, ჩვენ რეალობაში თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული.დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ დროშისთვის. დღეს არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლენიც დაეცნენ ამ ბრძოლაში. დღეს აქ არიან იმათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შეწირა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანებიც, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა.დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც გადაიბარებს დროშას და მომავალ თაობებში, საუკუნეებით გამტკიცებულ ჩვენს სახემწიფოს გააგრძელებს. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას გისურვებთ, რომ გვქონოდეთ ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს და დროშას. ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოებისას.
ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი;
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.
მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია – შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.