2011 წლიდან არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების თაობაზე. თუმცა აღნიშნული დოკუმენტი უფუნქციოა, ვინაიდან პრაქტიკაში არ გამოიყენება. ამჟამად მიმდინარეობს ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცება, რომელიც არაფორმალური განათლების აღიარებას მოიაზრებს. ახალი წესის დამტკიცებას სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა და ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
„თბილისი თაიმსი“ ესაუბრა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირინა წეროძეს, რომელიც აცხადებს, რომ ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებთ უკვე მოხდა არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკის პილოტირება,ხოლო 2017 წლისთვის კიდევ რამდენიმე სექტორის დამატება იგეგმება.
“არაფორმალური განათლების აღიარების გზით პროფესიული კვალიფიკაციის მისაღებად 2016 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში მოხდა ორი დარგის პილოტირება– ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ ეტაპზე გვაქვს პილოტირების შედეგები და მის საფუძველზე ვვარაუდობთ აღნიშნული მეთოდოლოგიის ადაპტირებას. 2017 წელს მოხდება პროგრამის სისტემური ამოქმედება, რათა მოხდეს პროფესიული საგანმანათლებლო კვალიფიკაციის განვითარება. ამ წლისთვის ნახსენებ ორ კვალიფიკაციასთან ერთად კიდევ რამდენიმე სექტორის დამატებაც იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული.
არსებობს ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ პროექტი უკვე მომზადებულია და მალე განხილვაც დაიწყება, მასში მოაზრებულია არაფორმალური განათლების როლი და მნიშვნელობა, ისევე, როგორც ახალ საკვალიფიკაციო ჩარჩოში, რომელზეც ქართულმა მხარემ იმუშავა ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში.”
შეგახსენებთ, რომ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის, პროფესიული დიპლომის, დიპლომის მისაღებად. კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცება და არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკის დანერგვა ჯერ ცნობილი არ არის.
რუსუდან ზაბახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. წლებია, რაც აქტიურად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და კონფერენციებში, სწავლის პერიოდში არაერთი მოდელირებისა და გაცვლითი პროგრამის მონაწლეც ყოფილა. ახლა კი დეტალურად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებას არაფორმალური გზით მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით.
რამდენად მნიშვნელოოვან როლს ასრულებს არაფორმალური განათლება კარიერულსა თუ პროფესიულ წინსვლაში და რა როლს თამაშობს ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები თვითგანვითარების მხრივ?
– დღეს საქართველოში ახალგაზრდობისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უმუშევრობის მაღალი დონეა, რაც ძალიან ბევრ სხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას უდებს სათავეს. ხშირად კი მთავარი პრობლემა არა თუ სამუშაო ადგილების ნაკლებობა, არამედ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებია. გაზრდილი კონკურენციის პირობებში დღეს თეორიულ ცოდნასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა უნარ–ჩვევები, როგორებიცაა მაგალითად: გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა და სხვა. ეს კი მუდმივად განვითარებადი უნარებია, რისი შეძენაც სწორედ არაფორმალური განათლების აქტივობებით შეგვიძლია. შეიძლება ითქვას, რომ არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნის რეალიზაციაში გვეხმარება. ერთი მხრივ, არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებს შეუძლია სამუშაო გამოცდილების არქონის გადაფარვა, მეორე მხრივ კი მათ შედეგად შეძენილი უნარები ნებისმიერ კადრს უმარტივებს ახალ სამუშაო სივრცეში მორგებას. ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად ახალგაზრდების წარმატების გასაღები სწორედ არაფორმალურ განათლებაში დევს და მისი განვითარება საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს თვითგანვითარებისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას.
თუ შეგიძლიათ, დეტალურად მესაუბროთ რამდენად განვითარებულია არაფორმალური განათლება საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში?
– მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არაფორმალური განათლება სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეშია ინტეგრირებული, რაც ზრდის მის ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისათვის, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა. საქართველოში კი არაფორმაური განათლება ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს საყოველთაო წერილობითი და სიტყვიერი თანხმობა მის მნიშვნელობაზე, რეალურად ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა მსგავს აქტივობებთან. რთული მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში, განსაკუთებით კი სასოფლო დასახლებებში, ვინაიდან ძირითადი საგანმანათლებლო ინსტიტუტები-სკოლები, უნივერსიტეტები თუ კოლეჯები ძირითადად ტექნიკური ცოდნის მიწოდებაზე არიან ორიენტირებული. არაფორმალური განათლების აქტივობებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ ორგანიზებას, შესაბამისად, სწორედ ისინი განსაზღვრავენ გეოგრაფიულ არეალს, თემატიკას და ხშირ შემთხვევაში პროექტში მონაწილეობის საფასურსაც. რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, სადაც ახალგაზრდებს უფასოდ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, თუმცა სამწუხაროდ, მსგავსი პროექტები ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი მაინც არ არის. ნაკლებად ვხვდებით შემთხევებს, როდესაც ახალგაზრდებს თვითონ აძლევენ ინიციატივის გამოხატვისა და მათი პრაქტიკული განხორციელების საშუალებას. ან თუ მათ ეძლევათ მსგავსი თავისუფლება, როგორც წესი ის წინასწარვეა ხოლმე განსაზღვრული რომელიმე თემატიკით.
არაფორმალური განათლების ეფექტურობა ყველაზე კარგად ახალგაზრდებში ჩანს, რადგან სწორედ ადრეული ასაკიდანვეა მნიშვნელოვანი ისეთი უნარების განვითარება, რომელიც მოგვიანებით დაეხმარებათ დამოუკიდებელ ცხოვრებაში, წარმატების მიღწევასა და მიღებული ცოდნის რეალიზებაში. არაფორმალური განათლების მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ის არ ზღუდავს ახალგაზრდებს აკადემიური მოსწრების მიხედვით, პირიქით ხელს უწყობს ძლიერი მხარეების გამოკვეთას იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
მაინტერესებს თქვენი, როგორც სტუდენტის შეფასება, არსებული პროგრამები, ტრენინგები, საჯარო–ლექცია თუ დებატები, რამდენად ხშირდ ტარდება და ხელიმისაწვდომია თუ არა თითოეული დაინტერესებული სტუდენტისთვის; თუ შეგიძლია, თავადაც გაგვიზიარო საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
– ჩემი აზრით, ამჟამად არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები საკმაოდ ხშირად ტარდება, ძალიან ბევრი მათგანი უფასოა, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსგავს პროექტებში როგორც წესი ერთი და იგივე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ანუ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება თვითონ სტუდენტებთან, რათა მათ გაიაზრონ ტრენინგებში, საჯარო ლექციებსა თუ დებატებში მონაწილეობის მნიშვნელობა. რაც მთავარია, აუცილებელია, რომ შესარჩევი პროცესი იყოს ყოველთვის გამჭირვალე, რაც გაზრდის სანდოობას და შესაბამისად გაიზრდება დაინტერესებულ სტუდენტთა რიცხვიც. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც ერთხელ მაინც გამოცდი მსგავს პროექტში მიღების სიამოვნებასა და სარგებელს, გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩემთვის სტუდენტობამ და საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ გააფართოვა შესაძლებლობები და პირველივე კურსიდან ვცდილობ არა მხოლოდ თვითგანვითარების გაგრძელებას, არამედ ზოგადად ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პოპულარიზაციასაც. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მსგავსი აქტივობები საქართველოს მასშტაბით ყველა სტუდენტისა და მოსწავლისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, როგორც წესი, სტუდენტი მთავარი გამოწვევის წინაშე დგება. გაააგრძელოს მაგისტრატურაში სწავლა თუ დაიწყოს სამსახურის ძიება? უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი ყოველთვის ასე მარტივად არ დგას.
სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგისტრატურის სწავლების დაბალი ხარისხია, ხოლო კერძო სასწავლებელში შეუსაბამოდ მაღალი ფასები. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ხშირად ახალგაზრდებს უარს თქმა უხდებათ აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის გაგრძელებაზე.
არაერთ პრობლემას უკავშირდება საქართველოში მუშაობის დაწყებაც. ვინაიდან ქვეყანაში, რომელშიც სამსახურს უამრავი ადამიანი ეძებს, რთულია საკუთარი პროფესიით დასაქმდე, როგორც წესი, ასეთ დროს ახალგაზრდები იძულებულნი ხდებიან, რომ პირველ ეტაპზე სამსახური დაიწყონ იქ, სადაც დიდი ძალისხმევის შედეგად შტატში აიყვანეს. სხვა დარგში დაწყებული სამსახური კი ხშირ შემთხვევაში წინაპირობაა იმისა, რომ მომავალშიც საკუთარი პროფესიისგან განსხვავებულ სექტორში იმუშავებ.
როგორ უკავშირდება წარმატების მიღწევა არაფორმალურ განათლებას და რა მნიშვნელობას იძენს საქართველოში სპეციალიზებული განათლების განვითარება, ვრცლად „თბილისი თაიმსთან“ სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ავთანდილ გერმანაშვილი ისაუბრებს, რომელიც ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ არაფორმალური განათლების მიმართულებით მოხალისედ ლიტვაში მუშაობს.
“ზოგადად არაფორმალური განათლების არსს პირველად გავეცანი, როდესაც 19 წლის ვიყავი და მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაც, პრიორიტეტებიც, აზროვნებაც რადიკალურად შეიცვალა. ხშირად მინანია, რომ უფრო ადრე რომ გამეგო რა იყო და შესაბამისად აქტიურად მომეკიდა მისთვის ხელი, ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩემთვის და პიროვნულადაც უფრო მეტად განვვითარდებოდი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ზოგადად არაფორმალური განათლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფორმალური განათლებისაგან განსხვავებით, ანუ ამ შემთხვევაში სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებისაგან განსხვავებით მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნაკლები ფორმალობებია, მაგალითად არ იწერება ნიშნები და ქულები, ნაკლებია ბარიერების რაოდენობა, და მოსწავლეს (ანუ ფიგურალურად მოსწავლე და მასწავლებელი დავარქვათ მაგრამ ისე ტრენერი და ფართისიფანთი უფრო მიესადაგება) უჩნდება სხვანაირი ემოციური განწყობაც, მოტივაციაც და სურვილიც რომ ისწავლოს და დაინტერესდეს ახალი მიმართულებებით.”
უპირველესყოვლისა არაფორმალური განათლების დადებითი მხარეც ესაა – დააინტერესოს განათლების მიღებით ახალგაზრდები და შესთავაზოს ალტერნატივა სასკოლო განათლებისაგან, აღზარდოს მათგან უფრო აქტიური მოქალაქეები და გააფართოვოს მათი თვალსაწიერი.
შემთხვევითი არ არის რომ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია არაფორმალური განათლება და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება მათი მეშვეობით სხვადასხვა გაცვლით პროექტებსა თუ ტრენინგ კურსებში. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო თუნდაც Erasmus+ პროგრამა რომელიც უკვე მრავალი წელია აფინანსებს გაცვლით პროექტებს, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი არაფორმალურ განათლებას ეხება.
რასაკვირველია, არაფორმალურ განათლებას არ აქვს პოტენციალი სრულად ჩაანაცვლოს ფორმალური, ის ვერ გახდება ალტერნატივა უნივერსიტეტისა და სკოლის, მისი გაძლიერება ფორმალური განათლების მიმცემი ინსტიტუტების პარალელურად ძალიან დაეხმარება თითოეულ ახალგაზრდას პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ახალი ნაცნობ მეგობრების შეძენაში, ინტეგრაციაში,აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის.
2013 წლიდან ჩავერთე რუსთავში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს არაფორმალური განათლების კლუბებს ახალგაზრდა და ქარიზმატულ ლიდერებთადნ ერთად რომელთა უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოხალისეა, ამ ორგანიზაციიდან მითებული გამოცდილება ძალიან ღირებული აღმოჩნდა ჩემთვის, თავდაპირველად ვესწრებოდი ესპანური ენის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანთა უფლებების კლუბებს, შემდგომ კი თავად შევქმენი ერთგვარი არაფორმალური განათლების სტრუქტურას მორგებული მათემატიკის კლუბი, რომელზეც ახალგაზრდებს მათემატიკის სასკოლო პროგრამასთან შედარებით ბევრად უფრო საინტერესო საკითხებზე ვესაუბრებოდი. ამავე ორგანიზაციაში აქტიურმა მონაწილეობამ მომცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო გაცვლით პროექტებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, და ეს პროექტებიც ბუნებრივია, არაფორმალური განათლების სტრუქტურის იყო. მათი თემატიკა ისეთ აქტუალურ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიზალიბერალიზაცია, მიგრაცია და ასე შემდეგ.
უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ჩემთვისაც სტანდარტული და ბევრი ქართველი ახალგაზრდისათვის ნაცნობი ალტერნატივა დადგა დღის წესრიგში: ან უნდა ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, ან დამეწყო სამსახურის ძებნა, რაც საქართველოში არც ისე იოლია, სიმართლე გითხრა, არც მაგისტრატურაში ჩაბარების პერსპექტივა მხიბლავდა, რადგან ცოტა არ იყოს გადაღლილი ვიყავი სწავლით და დრო მჭირდებოდა, თანაც განათლების სისტემის არცთუ სახარბიელო მდგომარეობის გამო, მაგისტრატურის სტანდარტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკმაოდ დაბალია, მე კი კერძო უნივერსიტეტში ჩაბარების მატერიალური შესაძლებლობა არ მქონდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა სხვა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გზა- წავსულიყავი მოხალისედ ევროპის რომელისამე ქვეყანაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული EVS პროექტით, რომელიც თავის მხრივ აბრევიატურაა და ევროპის მოხალისეობრივ სერვისს ნიშნავს, ავირჩიე ლიტვა, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა ძალიან მეგობრული და ქართველებთან ახლოსმდგომი თავისი მენტალობის იმ ნაწილით რომელიც მებრძოლ სულს და თავისუფლებისაკენ სწრაფვას გულისხმობს. ეს არაფორმალური განათლების მიმართულების პროექტია, რომელიც ჩემს შემთხვევაში გულისხმობს ღია ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობას. გარდა იმისა, რომ ეს პროექტი დღესაც მაძლევს შეუფასებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ცოდნას, ის დამეხმარა პიროვნულ განვითარებაში, იმდენად, რამდენადაც მაქვს განცდა რომ რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ, ჩემს გარშემო მყოფი ახალგაზრდებისათვის, რადგან ვმუშაობ პროფესიონალ youth worker (ახალგაზრდა მუშაკებთან) ერთად, იმ პირთა უმრავლესობას, რომლებთანაც ვმუშაობ, მძიმე სოციალური ფონი აქვს. სწორედ ჩვენი მათთან შეხვედრები და საუბრები სთავაზობს ალტერნატივას სკოლის შემდეგ განიტვირთონ, გაერთონ, გახდნენ უფრო მეტად სოციალურები ისაუბრონ ჩემთან უცხო ენაზე, და გაიუმჯობესონ ინგლისური, მოისმინონ სხვადასხვა პრეზენტაციები, მათ შორის საქართველოს შესახებაც და გაიღრმავონ თავისი ცოდნა, ამის პარალელურად მაქვს არაერთი მოწვევა სხვადასხვა სკოლებიდან და იქაც ვაკეთებ პრეზენტაციებს, რათა ახალგაზრდებს ვესაუბრო მოხალისეობის და არაფორმალური განათლების პრიორიტეტებზე.”
ნანუკა მაღლაკელიძე