„პირობები უკვე შეთანხმებულია და ისინი საქართველოსთვის წამგებიანია. რუსეთი და სომხეთი კი მომგებიან პირობებში არიან. საქართველომ მიიღო გაცილებით ნაკლები, ვიდრე ის სარგებლობდა მთელი ამ წლების განმავლობაში“. გაზპრომთან მოლაპარაკების დეტალებზე საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„რუსეთიდან სომხეთისთვის გაზის გატარების თვალსაზრისით, ამ კონკრეტულ მოცემულობაში, საქართველო უალტერნატივოა. თეორიულად შესაძლებელია სომხეთისთვის გაზის მიწოდება ირანიდან მოხდეს.თუმცა ექსპერტები ამას გამორიცხავენ. საქართველოს ამ მოლაპარაკებებში სჭირდება საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია. კარგი იქნება თუ ჩაერთვებიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტისგან ითხოვს მეტ ყურადღებას გაზპრომთან მოლაპარაკებებში. პრეზიდენტმა მოითხოვა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მოახერხებს საქართველო რისკების დაზღვევას.
ამ ტიპის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულ ფორმატში არ უნდა მიმდინარეობდეს, საქართველოს მოსახლეობა არის ბენეფიციარი, რომელიც იღებს გაზს და იხდის გადასახადს. შესაბამისად მათ ჰქონდათ უფლება ცოდნოდათ კონკრეტული პირობების შესახებ,“-განაცხადა მაია მელიქიძემ.
მანანა ღოღობერიძე