ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ამნისტიაზე საუბარი არ არის და უახლოეს მომავალში არც იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძის დღევანდელი შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ვიცე პრემიერი აღნიშნავს, ეკონომიკურ ამნისტიას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე გააჩნია.
კვირიკაშვილის განმარტებით, დავების საბჭო აქტიურად განიხილავს მოქალაქეთა განაცხადებს და ის, რომ გადაწყვეტილებების 68 პროცენტი გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ არის მიღებული, ამნისტიასთან ახლოა.
“ამ მოდელში დაცულია სამართლიანობის პრინციპები, რომელიც საშუალებას იძლევა განაცხადები ინდივიდუალურ საწყისებზე განვიხილოთ. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ: იმ ფონზე, როდესაც მოხდა ინფრასტრუქტურული პორტფელის გადასინჯვა და გადავადდა კაპიტალური ხარჯები, თუნდაც უმნიშვნელო ზრდაც კი ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღი ეკონომიკის განვითარება სერიოზული ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ძალიან კარგი შედეგები გვექნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის არანაირი ნიშანი არ არის, თუმცა ეს მთავრობას კმაყოფილების პოზიციაში არ აყენებს.
“იყო ხარვეზები მართვაში და ეს ხარვეზები სწორდება. მათი დიდი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული დადებითი ტენდენციები გამოიკვეთება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
03.09.13