ახალგზრდების ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღება. არაფორმალური სწავლებისთვის სხვადასხვა ტრენინგებსა თუ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა აუცილებელი. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამგვარი განათლების მისაღებად შექმნილი ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE CLUB) არის ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც კვირაში ერთხელ, 2-3 საათით იკრიბებიან, რათა ერთად ისწავლონ და იზრუნონ თავიანთ თემზე. კლუბებს არჩეული მოხალისე SKYE კლუბის ლიდერები ხელმძღვანელობენ. ისინი სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას იყენებენ, რათა კლუბის წევრებს აქტიური მოქალაქის, ლიდერობის, შრომისუნარიანობისა და მეწარმეობის სფეროში უნარების გამომუშავებაში დაეხმარონ.
„სქაი კლუბს“ თავისი ფასილიტატორი ჰყავს, რომლის მოვალეობა მოხალისე SKYE კლუბის ლიდერების შერჩევა, მომზადება, ინსტრუქციების მიცემა და მათ მიერ ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარებასა და ახალგაზრდების კლუბის გაზრდაში მხარდაჭერაა. „თბილისი თაიმსს“ პროექტზე დეტალურად „სქაი კლუბის“ ფასილიტატორი, დავით დაიაური ესაუბრა:
მოგვიყევით „სქაი კლუბის“ შესახებ…
– „სქაი კლუბი“ წელიწად ნახევრიანი პროექტია, დროის ამ პერიოდში SKYE კლუბები ერთად მუშაობენ თემის პრობლემებისა და ბაზრის შესაძლებლობების განსაზღვრაზე და ამ გამოვლინებების საპასუხოდ შემდგომ გეგმავენ და ახორციელებენ თემის მომსახურებისა და სოციალური მეწარმეობის პროექტებს. ყოველი პროექტი უფრო და უფრო კომპლექსურია, უფრო ღრმად წვდება თემის პრობლემებს და უფრო მეტ ლიდერობას, პროექტის მართვის უნარებსა და ბიზნესის განვითარების საზრიანობას მოითხოვს. ეს პროექტები SKYE კლუბის ძირითადი სასწავლო ინსტრუმენტია და სხვადასხვა მიზანს ემსახურება:
- თემში სოციალური ცვლილებების შემოტანას;
- შეხვედრებისას ნასწავლი ახალი ცოდნისა და ცხოვრებისეული უნარების გამოყენებას.
პროექტის განხორციელების იდეა საიდან წამოვიდა, უცხოური ანალოგები თუ არსებობს?
– პროექტის განხორცილების ინიციატივა World Vision Georgia-ს მხრიდან წამოვიდა. „ვორლდ ვიჟენი“ არასამთავრობო ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან ბევრ კარგ პროექტს აფინანსებს. უშუალოდ პროგრამა World Vision-ის მიერ შემუშავებულია რუმინეთში და New Horizen Foundation-თან თანამშრომლობითაა დაფუძნებული. აღნიშნული პროექტი მსოფლიოს 18 ქვეყანაში ფუნქციონირებს, საქართველო ამჟამად მე-19 ქვეყანაა. პროექტის საქართველოში დაფუძნებაზე მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და უშუალოდ სამუშაო შეხვედრები 2016 წლის დეკემბრის პირველი რიცხვიდან.დაიწყო. ეს არის „ვორლდ ვიჟენის“ მიერ მოზიდული ფონდებით დაფინანსებული პროექტი, რომელსაც რეალიზებაში პარტნიორობას პატრიარქის ფონდი უწევს.
მონაწილეებს რა კრიტერიუმებით არჩევთ, რაიმე შეზღუდვები თუ მოქმედებს (მაგ: ასაკობრივი ზღვარი)?
– SKYE კლუბი ძირითადად 10-26 წლის ახალგაზრდებისგან შედგება.
ამ პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ყოველივე სრულიად უფასოდ მიმდინარეობს და შერჩევის პრინციპი ღიაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მსურველთა რეალური მოტივაცია და ამ პროგრამით დაინტერესებაა. პროექტში მთლიანობაში 80 ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას.
„სქაი კლუბის“ შეხვედრების ადგილი როგორ შეირჩა? პროექტი მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება თუ მის ფარგლებს გარეთაც?
– კლუბების შექმნა თავიდან მხოლოდ თბილისში მოიაზრებოდა და მისი რეგიონებში გატანა შემდგომ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პატრიარქის ფონდის დირექტორმა, ბ-ნმა ლაშა ჟვანიამ გურჯაანში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა იქ მოქმედი მამა ილიასთვის ამ პროექტის გაკეთება შეეთავაზებინა, რადგან მამა ილიას ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტის მოწყობაში გამოცდილება უკვე ჰქონდა. ასე დაემატა კიდევ ერთი კლუბი და ჩამოყალიბდა თბილისში 3 და 1 კლუბი გურჯაანში. თბილისის კლუბების შეხვედრები პატრიარქის ფონდის ოფისში იმართება.
რა არის „სქაი კლუბის“ მთავარი მიზანი, რა მოლოდინები გაქვთ?
– მიზანი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს და აღნიშნული პროგრამით სხვა რეგიონებშიც დაინტერესდნენ. „სქაი კლუბის“ (SKYE CLUB) მეშვეობით 80 ახალგაზრდა ადგილობრივი ბაზრის დინამიკას შეისწავლის და ცოდნით, უნარებით, გამოცდილებითა და კონტაქტებით აღიჭურვება, რათა დასაქმდნენ ან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროექტი ერთჯერადი სახისაა თუ მომდევნო წელსაც გაგრძელდება?
– მართალია პროექტი წელიწად ნახევრიანია, მაგრამ დიდი სურვილი და რწმენა გვაქვს, რომ მომდევნო წელსაც გაგრძელდება და აღნიშნული პროგრამის ქვეყნის სხვა რეგიონებში გავრცელებასაც მოვახერხებთ. მხოლოდ თვენახევარია რაც უშუალოდ აქტივობები დავიწყეთ და უკვე ვთვლით, რომ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. გვჯერა, ასეთი ტემპებით მოვახერხებთ და საქართველოში არსებულ ინსტიტუციებს თუ ორგანიზაციებს დავარწმუნებთ მის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში. გვსურს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებშიც მიეცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აითვისონ პროგრამის მიერ შეთავაზებული სარგებელი, რომელიც უშუალოდ მათთვის და ზოგადად იმ საზოგადოებისთვის კეთდება, რომელისთვისაც შემდგომ სარგებლის მოტანა თავად უნდა შეძლონ.
„თბილისი თაიმსი“ პროექტის მონაწილეებსაც ესაუბრა. მათ საკუთარი პოზიცია და შეფასებები პროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს.
თიკო ფარეშიშვილი: ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი გვეხმარება ახალგაზრდებს, რომ ავითვისოთ საჭირო უნარ-ჩვევები და პროექტის პერიოდში გამოვიმუშაოთ, ქცევა და დამოკიდებულება ლიდერობის, კომუნიკაციისა და სოციალური ჩართულობის, რომელიც შემდგომში ჩვენი ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის დაგვეხმარება.
მიშო ყორშია: „სქაი კლუბი“ (SKYE CLUB) მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დღევანდელ რეალობაში, რადგანაც კლუბი მორგებულია ახალგაზრდულ საჭირობებზე და ორიენტირებულია მათი სოციალური უნარჩვევების განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ კლუბის მეშვეობით უკეთ შევძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენასა და უფრო აქტიურად ჩაბმას სამოქალაქო ცხოვრებაში.
როგორც „თბილისი თაიმსთან“ საუბარში „სქაი კლუბის“ (SKYE CLUB) ლიდერებმა აღნიშნეს, მონაწილეები პირველ პროექტს თებერვლის თვეში განახორციელებენ.
ნინო ზარიძე