ადამიანებს უხსოვარი დროიდან მოსწონდათ ტკბილეული. ტორტი ტკბილეულის იმ სიის წარმომადგენელია,რომლის წარმოშობის ზუსტი თარიღიც ყველასთვის უცნობია. ისტორიკოსები ლინგვისტებზე დაყრდნობით თვლიან, რომ პირველი ტორტი, დაახლოებით, 2000 წლის წინ იტალიაში წარმოიშვა.
ტორტის წარმოშობასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება აქვთ არქეოლოგებსაც, მათი თქმით, ტორტი პირველად საბერძნეთში გამოიგონეს, რადგან სწორედ ამ ტერიტორაზე აღმოაჩინეს მოხარშული, გატარებული მარცვლეულისგან გამომცხვარი ნამცხვრები, რომლებიც ნახატებით იყო მორთული.
აღმოსავლური კულტურის მოყვარულებს მიაჩნიათ,რომ მხოლოდ ამ იდუმალი მხარის ცნობილი კულინარები შეძლებდნენ ტორტის ასეთი რთული რეცეპტების მოფიქრებას.
ქართულ სამზარეულოზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის პიროვნება,რომელმაც უძველეს ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ტკბილეულის რეცეპტებს მოუყარა თავი.
მე-19 საუკუნეში მცხოვრები მწერალისა და საზოგადო მოღვაწის ბარბარე ჯორჯაძის წიგნში „ სრული სამზარეულო“ წარმოდგენილია მრავალნაირი ქართული ნამცხვრისა თუ დესერტის ჩამონათვალი, სამწუხაროდ, წიგნში ტკბილეულის ისეთი რეცეპტებიცაა აღნუსხული,რომელთა შესახებაც არაფერი იციან ქართველმა მზარეულებმა.
დღესდღეობით, ჩვენს დედაქალაქში საკონდიტროების ფართო არჩევანია. ტკბილეული,როგორც ქართული,ისე უცხოური ნედლეულით მზადდება. მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ზოგიერთი განსაკუთრებით პოპულარულია.
„თბილისი თაიმსი“ ტკბილეულზე საუბარს ტორტების, ნამცხვრებისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ ქართულ საკონდიტროსთან, „დოლჩე ვიტასთან“ ერთად განაგრძობს. ჩვენი სტუმარი „დოლჩე ვიტას“ მენეჯერი ქეთევან მერაბიშვილია.
როგორ შეიქმნა საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“ და როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი წარმატებები ?
– საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“ 2005 წელს დაარსდა. ამბიცია იმის, რომ იყო წარმატებული და ე.წ „ბრენდი“ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გარედან შეფუთო ის. წარმატების ფორმულა ზოგადად და ჩვენ შემთხვევაშიც არის ხარისხი, წინსვლის სურვილი, განვითარება, ასორტიმენტი, სიახლეები და კრეატიული იდეები. წლების განმავლობაში საკონდიტრომ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. შევიძინეთ და განვავითარეთ ტექნიკა დანადგარები, სამუშაო იარაღები. რამდენჯერმე დავესწარით საერთაშორისო გამოფენებს. აქტიურად ვესწრებით მასტერკლასებს და ვცდილობთ მაქსიმალურად გავიღრმავოთ ცოდნა.
ჩვენ არასდროს ვუშინდებით სიახლეებს და აქტიურად ხდება ახალი ნედლეულის გატესტვა და საფირმო ნიშნად ქცევა. ხარისხიანი ნედლეული, თანამედროვე დანადგარები, აქტიური მუშაობა, მონდომება ეს ყველაფერი განაპირობებს „დოლჩე ვიტას“ წარმატებას.
ჩვენ 2005 წლის შემდეგ, პერიოდულად გავზარდეთ თანამშრომლების რაოდენობაც, დღეს თითქმის 30 კაცია დასაქმებული და აქტიურად მიმდინარეობს გაფართოების პროცესიც.
სად მდებარეობს „დოლჩე ვიტას“ ფილიალები, როგორია ფასები და თქვენი სამომავლო გეგმები ?
– ამ ეტაპისთვის, ჩვენს მომხმარებლებს ემსახურება ვარკეთილის (ხომლელის ქუჩა 11) და ვაჟა ფშაველას 7 ნომერში მდებარე ფილიალები. ასევე ვარკეთილში გვაქვს საკონდიტრო საცხობი (ხომლელის ქუჩა 13), რომელიც წარმატებულად მუშაობს და უახლოეს მომავალში იგეგმება პურ-ფუნთუშეულის საკმაოდ სერიოზული ასორტიმენტის წარმოება.
საშუალო ფასები ჩვენთან ტორტების შემთხვევაში 10 ლარიდან – 30 ლარამდეა, ნამცხვრების ფასი, თითო ნაჭრის შემთხვევაში, 2 ლარი-2,50 ლარის ფარგლებშია. ვფიქრობთ, ფასები აბსოლუტურად ნორმალურია ყველა სეგმენტისთვის.
ჩვენთან ასევე ხდება პერსონალური შეკვეთები, რომელიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. ვფიქრობ, თბილისში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ადგილის დამკვიდრება, მით უმეტეს წარმატება – საკმაოდ რთულია. ჩვენ არასდროს გვიფიქრია კონკურენტებზე, ჩვენი მიზანია კმაყოფილი მომხმარებელი, სწორი მიმართულება ამ სფეროში და იმიჯი.
ფილიალები წარმატებით მუშაობს და ვიმედოვნებთ მომხმარებლების სურვილებს ყოველთვის გავამართლებთ. ჩვენთან ეს არ არის მხოლოდ საკვები – აქ ბევრი ესთეტიური და სახალისო თემატიკის დეკორაციები მზადდება. კეთდება კორპორატიული ტორტები, საქორწილო ტორტები,რომლებიც ექსკლუზიურად მზადდება და იქმნება აბსოლუტურად განხვავებული დიზაინები.
ჩვენი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ მოპოვებული წარმატება დიდხანს იქნეს შენარჩუნებული და წინსვლისთვის ყოველთვის მზად ვიყოთ.
ნათია კეკენაძე