2017 წელი ქვეყანაში ახალი რეგულაციებით დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. განსხვავებული სურათია ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებზეც ფასი შემცირდა. გარემოსდამცველები ამ ცვლილებას მიესალმებიან. რეგულაციები შეეხო თამბაქოს ინდუსტრიასაც.
„თბილისი თაიმსი“ განბაჟებისა და თამბაქოს აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ ავტომობილების განბაჟების ახალ რეგულაციებსა და ტარიფებს,რომლებიც ძალაში 2017 წლიდან შევიდა?
– მართალია ცალკეული ბიზნეს ჯგუფები ამ ინიციატივით შეიძლება დაზარალდნენ, თუმცა მთლიანობაში მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების განბაჟების გართულებაში მე პრობლემებს ვერ ვხედავ. თუმცა, აუცილებელია, რომ კერძო ავტომობილების შეძენის გაძვირების პარალელურად, ადეკვატურად განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაუარესებთ ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო პირობებს: გავუძვირებთ ცხოვრებას და არ შევთავაზებთ ალტერნატივას…
ამასთან ერთად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მომენტზე, რომ ავტომობილების ვარგისიანობას არა მხოლოდ მისი ასაკი, არამედ სხვა პარამეტრებიც განსაზღვრავს. ჩვენს შემთხვევაში აქცენტი აღებულია მხოლოდ მანქანის ასაკზე, არადა ბევრი ცნობილი ბრენდის (მაგ.: მერსედესი, ლექსუსი, ტოიოტა) “დაბერებული” ავტომობილი, მათი გამძლეობით, კომფორტით და ეკოლოგიურობით ბევრად სჯობნის შედარებით ახალ, თუმცა “მეორეხარისხოვან” ავტომობილებს (მაგ.: ჟიგული, ვოლგა, ლადა და სხვ.).
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, რეგულაციები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკინვეული იქნება მოსახლეობისთვის მთავრობის ახალი გადაწყვეტილება?
– გარკვეულ სირთულეებს ეს შექმნის, თუმცა არა ისეთს, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეირყეს, როგორც ამას ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები წარმოაჩენენ. ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო იყო, თუმცა გარკვეული დეტალები გასაუმჯობესებელია და დასახვეწი, რაც დროთა განმავლობაში სავარაუდოდ დარეგულირდება.
ახალი რეგულაციები შეეხეო თამბაქოსაც, როგორ შეაფასებთ გადასახადის ადმინისტრირებას,რამდენად სწორად ხდება და თქვენი შეფასებით, როგორ იმოქმედებს ფასების ზრდა კომპანიებზე, ბიუჯეტსა და მომხმარებლებზე?
– აბსოლუტურად მივესალმები თამბაქოს აქციზზე ფასების გაზრდას, რადგანაც მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებაში არავითარ სარგებელს არ ვხედავ. ამასთან ერთად, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაუაზრებლად ხდება ნიკოტინ-დამოკიდებული. ამავდროულად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც გააგრძელებს სიგარეტების მოხმარებას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებს არათუ შეამცირებს, არამედ შესაძლოა გაზარდოს კიდევაც.
ავტომობილების და სიგარეტის აქციზების გაზრდისაგან განსხვავებით, მე ვერ მივესალმები ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს, მათ შორის სურსათზე ფასების გაძვირების ჭრილშიც.
მითუმეტეს როდესაც მოსალოდნელია ნავთობზე ფასების მომდევნო ზრდა, ხოლო მისი შემცირება საერთაშორისო ბაზარზე არაადეკვატურად იყო ასახული ქართულ რეალობაში და მოსახლეობამ თუ ბიზნესმა შესაბამისად, ვერ იხეირა მათთვის ამ პოზიტიური მოვლენით.
ნათია კეკენაძე