ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა ჩატარდა, რომლეშიც ტრადიციულად მონაწილეობდნენ ევანგელურ-ბაპტისტური, სომხური სამოციქულო და რომის კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები. როგორც „თბილისი თაიმსის“ ლუთერული ეკლესიიდან აცნობეს 2017 წლის ერთობლივი ლოცვის თემაა: „ქრისტეს სიყვარული შერიგებისკენ გვიბიძგებს“ (2 კორ 5,14-20). გთავაზობთ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წევრის შამილ სომხიშვილის მოხსენებას ეკუმენური ლოცვის შესახებ:
“20 იანვარს თბილისის ლუთერულ შერიგების ეკლესიაში ჩატარდა ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა. ამ წელს არ იყო ჩვენი რიგი, მაგრამ რეფორმაციის 500 წლისთავის ზეიმის გამო ეს ლოცვა ჩატარდა ჩვენს ტაძარში. ჩვენთან ერთად ამ ლოცვაში მონაწილეობა მიიღეს ევანგელურ-ბაპტისტური, სომხური სამოციქულო და რომის კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლებმა. როგორც ყოველთვის მასში მონაწილეობას არ იღებდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
ღვთისმსახურების დროს, თითოეული ეკლესიის მსახური მონაწილეობდა „ცოდვების კედლის“ აგებაში, ყოველ აგურზე დაწერილი იყო ერთ-ერთი ცოდვა. ეს კედელი იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ გვყოფს ცოდვები ღმერთისგან და ერთმანეთისგან. ცოდვების აღიარების შემდეგ მსახურებმა „დაანგრიეს“ კედელი და ამ აგურებისგან შექმნეს ჯვარი, რაც აღნიშნავს ჩვენს შერიგებას და ერთიანობას ქრისტეში.
ქადაგებას კითხულობდა ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი. საუბარი იყო იმაზე რომ საეკლესიო რეფორმაცია არ არის ის, რაც დაიწყო და დასრულდა 500 წლის წინ, რეფორმაცია – ეს არის პროცესი, რომელსაც არა აქვს დასასრული, და ჩვენში მუდმივად უნდა ხდებოდეს ცვლილებები და განახლებები. ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ, რომ გავხდეთ ერთნაირები, რადგანაც ჩვენ სწორედ იმით ვფასობთ, რომ განსხვავებულები ვართ – განსხვავებული ტრადიციებით და შესაძლებლობებით ღვთის განსადიდებლად.
ძალიან მახარებს, რომ ახლა XXI საუკუნეში, სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლები საუბრობენ მშვიდად, ომების და სამსჯავროების გარეშე, როგორც ეს იყო 500 წლის წინ. ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი, პირიქით ჩვენ ვთანამშრომლობთ და ერთად ვლოცულობთ, მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის.“-აღნიშნა შამილ სომხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული მთელ მსოფლიოში 18–25 იანვარს აღინიშნება. ქრისტიანთა ერთად ლოცვის პირველი ინიციატივა 1800 წელს ანგლიკანთა და პროტესტანტთა შორის დაიბადა, მაგრამ მაშინ იგი არ იქნა ფართოდ გაზიარებული.
ოფიციალურად ამ წამოწყებას 1910 წელს ედინბურგის ეკუმენურ კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი, სადაც მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ მიეღწიათ ერთიანობისთვის ისე, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი თვითმყოფადობა.
საქართველოში უკვე წლებია ტარდება ეკუმენური მსახურება.
სოფიკო ნინიკაშვილი