„დღეისთვის საქართველომ ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია და ბევრი მაჩვენებლით პირველ ადგილზე აღმოჩნდა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისა და ბიზნესმენებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს კუმირი და ოცნებაა. აშშ უნდა ამაყობდეს ასეთი მეგობრითა და პარტნიორობით. მსურს, რომ ასეთი ლიდერი ჩემს ქვეყანასაც ჰყავდეს! მაგრამ დღეს ეს მხოლოდ ოცნებაა, და ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილს გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობები თვითონ ამერიკაში ამერიკის კეთილდღეობისთვის“.
ეს შეფასება დონალდ ტრამპმა 2012 წელს საქართველოში ვიზიტით მყოფნისას გააკეთა. ის მაშინ საქართველოს იმჟამინდელ მოქმედ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა. თუმცა, თავად ჯერ არ იყო აშშ პრეზიდენტი და მშენებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. სწორედ ამ მისიით იმყოფებოდა მაშინ დონალდ ტრამპი საქართველოში. საინტერესოა რამდენად გულწრფერლი იყო მაშინ საქართველოს პრეზიდენტის შეფასების დროს ბიზნესმენი. შესაბამისად, საინტერესოა როგორ დაიგეგმა ეს ვიზიტი საქართველოში და რა იყო მისი კულუარული აქცენტები, რომელიც ჩვენთვის ცხადი ალბათ არასდროს გახდება. გულწრფელობის საკითხი აქტუალურია, ვინაიდან, მოგეხსენებათ ასევე, როგორც ბოლო დღეებში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მისული მიხეილ სააკაშვილი სტუმართათვის განკუთვნილ სივრცეში არ შეუშვეს. აღნიშნულ საკითხზე განმარტება მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა. არადა, იყო დრო, დონალდ ტრამპიც ოცნებობდა ქართულად.
The Tbilisi Times