“მოქცევაი ქართლისაის” ქრონიკების მიხედვით, პირველი საკულტო შენობა, რომელზეც ჯვარი აღიმართა, მცხეთის ებრაული სალოცავი-სინაგოგა ყოფილა. ეს სალოცავი-ბაგინი, ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა მცხეთაში, ქალაქის განაპირას მდგარა.
მის სარდაფში, რომელიც აკლდამის ფუნქციას ასრულებდა, ყოფილა დამარხული ელიას ხალენი (მოსასხამი) და ქრისტეს კვართი. თავის დროზე ამ შენობაში უცხოვრია ელიოზსაც (ახ. წ. I საუკ. პირველი ნახევარი).
ხსენებული სალოცავი – („მცირე ბაგინი“) „სამარხვოის“ სახელითაც ყოფილა ცნობილი, რადგან მასში ინახავდნენ ( მარხავდნენ) ხმარებიდან გამოსულ თორის გრაგნილებს, ღვთის სახელის შემცველ ნაწერებს, სარიტუალო საგნებს.
სწორედ ამ სინაგოგის თავზე აღუმართავთ წმინდა ნინოს და მის ებრაელ მოწაფეებს „ჯუარი ქრისტესი“.
“მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით, ქალწულმა ნინომ, როდესაც ქართლში მოვიდა, პირველად ებრაელთა სინაგოგას, ბაგინად წოდებულს, მიაკითხა, რადგან მათი ენა, არამეული, იცოდა.
„და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისასა და ვიხილე ერი უცხოი, უცხოთა ღმერთთა მსახური, ცეცხლთა და ქვათა და ძელთა თაყვანის სცემდეს; შეეურვა სულსა ჩემსა და წარწყმედსა მათსა ზედა და მოვედ ბაგინთა ჰურიათასა ენისათვს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თუე და განვიცდიდი ძალსა ამის ქუეყანისასა“ (2გვ. 334)- გადმოგვცემს „მოქცევაი ქართლისაი“.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვრას, ქართველთა განმანათლებელისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს მიცვალების დღეს აღნიშნავს. მას ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი მიუძღვის, რის გამოც ქართველებმა წმინდანად შერაცხეს.
წინდა ნინო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მინიშნებით ივერიაში ქრისტიანული რელიგიის საქადაგებლად გამოემართა. მაშინ, როცა იგი მცხეთაში მოვიდა ქვეყანა წარმართობის ტყვეობაში იყო. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. წმინდა ნინოს ლოცვით სასწაულებრივად, უეცრად ამოვარდა საშინელი ჭექა-ქუხილი და კერპები დაიმსხვრა. ამის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. ქრისტეს რჯულზე მოექცა მეფე მირიანი და დედოფალი ნანაც. ამდენად, IV საუკუნის პირველ მეოთხედში, 326 წელს წმ. ნინოს მოღვაწეობის შედეგად ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა.
წმინდანი ბოდბეში განისვენებს, მისივე სახელობის დედათა მონასტერში. წმ. ნინოს ხსენების დღეს, ტრადიციულად სინოს საკათედრო ტაძარში ვაზის ჯვრის გამობრძანება ხდება, რათა მასთან მიახლება მორწმუნეებმა შეძლონ.
წყარო: „მედიაცია და კონფლიქტების ფსიქოლოგია“, თბილისი 2014, გვ:152.
სოფიკო ნინიკაშვილი