ცოტას თუ სმენია თბილისის შიიტური მეჩეთის შესახებ, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი იყო და სხვა მრავალ შენობასთან ერთად „საბჭოთა აღმშენებლობამ“ იმსხვერპლა. ამ მეჩეთის შესახებ შემორჩენილი წერილობითი წყაროები მცირეა, თუმცა მის არსებობას ძველი თბილისის არაერთი ფოტო ადასტურებს.
თბილისი თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა არაბთა მძლავრობის ქვეშ და შემდგომშიც დიდი იყო ისლამური კულტურის გავლენა ქალაქის ყოფასა და არქიტექტურაზე. სხვადასხვა ცნობით, ჩვენს დედაქალაქში შვიდი მეჩეთი არსებობდა, რომელთაგან მხოლოდ ჯუმა მეჩეთია შემორჩენილი.
თბილისის მეჩეთებს შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა 1522-1524 წლებში, მის მიერვე დანგრეული ეკლესიის ადგილზე, ააგო. მოგვიანებით, შაჰ–აბასის შემოსევისას (1606 წ.) მეჩეთი გააფართოეს და მეტად ლამაზი მინარეთით დააგვირგვინეს, რის გამოც მუსლიმთა სალოცავი შაჰ–აბასის სახელსაც ატარებდა.
“თბილისი თაიმსი” გთავაზობთ თბილისის შიიტური მეჩეთის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საინტერეოს ისტორიას მოიცავს…
1522 წელს შაჰი ისმაილი ქართლისაკენ წამოვიდა. შაჰი მოითხოვდა, რომ ქართლის მეფე მასთან გამოცხადებულიყო და მაჰმადიანობა მიეღო, რაზეც დავით X არ თანხმდებოდა. თელეთთან პირველსავე შეტაკებაში ქართველებმა ირანელთა რაზმები დაამარცხეს და გააქციეს. მტრის სარდლობამ გაქცეულები უკან მოაბრუნა. მტრის სიმრავლემ სძლია ქართველთა ჯარს და შაჰი თბილისს მიადგა. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მისი ბედი ღალატმა გადაწყვიტა. ყიზილბაშთა მიერ მოსყიდულმა ციხისთავმა ქალაქი მტერს გადასცა. შაჰის ჯარმა თბილისი ააოხრა, ეკლესიები გაძარცვა და შემდეგ გადაწვა, ავლაბრის ხიდის ყურთან მეჩეთი ააგო, თბილისის ციხეში კი თავისი გარნიზონი ჩააყენა – წერს ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში“.
რატომ დაერქვა ცისფერი მეჩეთი?
ცნობილია, რომ მეჩეთს უჩვეულოდ დაბალი მინარეთი ჰქონდა. გავრცელებული ვერსიით, ქართველებმა სპარსელებს არ დაანებეს, რომ ის სიონის ჯვარზე მაღალი ყოფილიყო. მეჩეთის გუმბათი და მინარეთის კოშკი ცისფერი შორენკეცებით -ქაშანაურიანი ჭრელი აგურით – იყო მოპირკეთებული, რის გამოც „ცისფერ მეჩეთსაც“ უწოდებდნენ.
ალექსანდრე ელისაშვილი წიგნში „როგორ შეიცვალა თბილისი“ წერს, რომ შიიტური მეჩეთი მეტეხის კლდის გადმოღმა, მტკვრის კალაპოტზე იყო ამოყვანილი. მეჩეთი, როგორც ჩანს, თვალში არ მოუვიდა საბჭოთა საქართველოს მმართველს, კანდიდ ჩარკვიანს და 1952 წელს მისი დანგრევა ბრძანა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არაერთმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა პროტესტი ძეგლის განადგურებასთან დაკავშირებით, თუმცა სტალინის რეჟიმის დროს, პროტესტი ამაო გამოდგა.
1953 წელს მეტეხის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეჩეთის ნანგრევების გაწმენდისას აღმოჩნდა განძი. აქედან 411 მონეტა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა, ორ-ორი ერმიტაჟსა და პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სამი კი – მოსკოვის ისტორიულ მუზეუმს. მოგვიანებით განძს, იმავე ადგილას ნაპოვნი, ამირა ალი იბნ ჯაფარის 12 მონეტაც შეემატა (ჯალაღანია 1979, 65-66).
საბჭოთა მმართველის პოზიცია – „არქიტექტურას ამით ბევრი არაფერი დააკლდება“
კანდიდ ჩარკვიანი თავის მოგონებებში წერდა: „როცა 1958 წელს საქართველოში დავბრუნდი, პროფესორმა სარგის კაკაბაძემ პირველი შეხვედრისთანავე მეჩეთის აღება მისაყვედურა. შემდეგაც დროდადრო გავიგონებ ხოლმე წუხილს მუსლიმანთა ამ საკულტო ნაგებობის ბედის გამო. უნდა გამოვტყდე, ჩვენ მაშინ არ მიგვაჩნდა, რომ ეს ნახევრად მიწაში ჩაფლული უმნიშვნელო ზომის ნაგებობა, თავისი მყვირალა ფერებით, ქალაქისათვის დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. ახალ ხიდს ფართო მისასვლელები ესაჭიროებოდა. მისი განლაგება, მდინარისა და ადგილის რელიეფის გამო, ზუსტად იყო ფიქსირებული და გადაწევა რომელიმე მიმართულებით არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ხიდის მიმდებარე რამდენიმე ძველი შენობის აღება. მათ რიცხვში მეჩეთიც მოჰყვა. სხვანაირად არ ხერხდებოდა და ამ დანაკარგს უნდა შევრიგებოდით, მით უმეტეს, რომ მუსლიმთა დიდ მსოფლიო არქიტექტურას ამით ბევრი არაფერი დააკლდება.“
„დღეს რომ ამ უბნის რეკონსტრუქცია დაგვეწყო, ძველი კომპლექსის დიდი ნაწილი გადარჩებოდა“…
ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ მეტეხთან ძველად ერთმანეთის მახლობლად ორი ხიდი უნდა ყოფილიყო, რის საბაბსაც „აბო თბილელის მარტვილობაში“ ნახსენები სიტყვები „ხიდთა ქალაქისთა“ აძლევდა. აქ უძველესი ხიდის ბურჯზე ჯვარიც უნდა ყოფილიყო აღმართული.
1805 წლიდან, მტკვარზე ოდნავ ქვევით, მეორე არასაიმედო ხიდი მოქმედებდა. ზედას „ავლაბრის ხიდს“, ხოლო ქვედას „მეტეხის ხიდს“ უწოდებდნენ. ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი (ურემი, ფაეტონი) გადიოდა, მეტეხის ხიდზე მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები მოძრაობდნენ. რკინაბეტონის ხიდის მშენებლობის გამო ორივე ხიდი დაშალეს, რამაც ძველი თბილისის ერთ–ერთი კოლორიტული უბანიც იმსხვერპლა. საცხოვრებლის გარდა დაინგრა მტკვრის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ქარვასლები და ე.წ. „შაჰ–აბასის“ მეჩეთი, მოპირკეთებული მაიოლიკით. “ეჭვს გარეშეა, დღეს რომ ამ უბნის რეკონსტრუქცია დაგვეწყო, ძველი კომპლექსის დიდი ნაწილი გადარჩებოდა“ (თენგიზ კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, 1985).
შიიტური მეჩეთი კათოლოკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ჩანაწერებში
შიიტურ მეჩეთს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც თავის მოგონებებში ახსენებს. 1917 წელს ეგზარქოსმა პლატონმა თეოლოგები და სამღვდელოება მიიწვია იმის განსახილველად, თუ როგორ ესწავლებინათ საღვთო სჯული. კალისტრატე ცინცაძე წერს, რომ შუა სემესტრში, როცა სასწავლო პროგრამა უკვე შედგენილი იყო, ამგვარი კრების მოწვევის საჭიროება არ იდგა.
უეცრად ეგზარქოსი დაინტერესდა, ნამდვილად იყო თუ არა წმინდა ნინოს სასწავლებელში პატარა სალოცავი მუსლიმებისთვის. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მიუგო, რომ ეს სალოცავი ინსტიტუტის დაფუძნების დღიდან არსებობდა და აქ მუსლიმი ინსტიტუტელები სხვა მოწაფეებთან ერთად ლოცულობდნენ. დიალოგი ეგზარქოსსა და პატრიარქს შორის გაგრძელდა:
– მერედა, თქვენ, მამებს, ეს ნორმალურ ამბად მიგაჩნიათ? – იკითხა ეგზარქოსმა.
– რა არის აქ არანორმალური: ადამიანები ხომ ღმერთს ლოცვას აღუვლენენ, თანაც ერთასა და იმავეს, თავიანთი შეგნების, ცოდნისა და განვითარების შესაბამისად. – უპასუხა პატრიარქმა.
– მერედა ასე ახლოს მართლმადიდებელ ტაძართან?!
– მაშინ ან სიონის ტაძარი დახურეთ, ან შიიტების მეჩეთი. ისინი ხომ თითქმის უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე სასწავლებლის ეკლესია და მეჩეთი?!
– ჰო, მაგრამ ერთ ჭერქვეშ რომ არიან?!
– ტაძარი და მეჩეთიც აკი ერთ ცარგვალის ქვეშაა. ხოლო თუ ვინმეს სახურავი აცბუნებს, შეიძლება მეჩეთი სრულად გადავიტანოთ სხვა სახურავქვეშ, მით უმეტეს სასწავლებლის ეზოში ბევრი შენობა და სახურავია!
კათოლიკოს პატრიარქი მიიჩნევს, რომ თბილისში თურქების შესაძლო შემოჭრამ ეგზარქოსი „მეჩეთის წინააღმდეგ აღანთო… მოახლოებული რევოლუცია კი აიძულებს ეძიოს საზოგადოება, გაექცეს სიმარტოვეს.“
გაზეთი „ივერია“ ნოვრუზ ბაირამობის შესახებ
გაზაფხულის დადგომისთანავე, მლოცველები დილით მეტეხის ხიდთან, ისმაილის მეჩეთში იკრიბებოდნენ და ლოცვის შემდეგ, ამქრის დროშებითა და ზურნის თანხლებით მიემართებოდნენ სოლოლაკისკენ, სადაც სპარსეთის საკონსულო მდებარეობდა. 1886 წელს გაზეთ „ივერიის“ 55-ე გამოშვება იუწყება, რომ კონსულთან შეხვედრის შემდეგ, ლამაზად მორთული და მომღიმარი მუსლიმები მუშტაიდის ან ბოტანიკური ბაღისკენ მიემართებოდნენ. ამ დღეს კონკის ვაგონები ხალხით იყო გაჭედილი. ახალი წლის ზეიმი კი სამი დღე გრძელდებოდა (თეიმურაზ ბერიძე „ძველი თბილისის სურათები“).
„აბა, სადმე თუ არიან თბილისის სულები. აბა, თუ ვიპოვით“ – აკა მორჩილაძე
შიიტური მეჩეთის გუმბათისა და მინარეთის ცისფერი შორენკეცები ხელოვნების მუზეუმში ინახება. ასევე გადარჩა მიმბარი, რომელიც ამჟამად ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე სუნიტურ მეჩეთში დგას. მიმბარი, სხვაგვარად ჰუთბე, ხის კათედრაა ზედ მიდგმული კიბით, რომელიც მიჰრაბის მარჯვენა მხარესაა მოთავსებული და საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს. ეს ძველი ხისგან ნაკვეთი მიმბარი, რომელიც ცისფერი მეჩეთიდან შემორჩა, დიდი ფასეულობაა თბილისის ერთადერთი მეჩეთისთვის, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად განაგრძობენ ლოცვას.
მარიამ ქალებაშვილი