ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ დასაქმების პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა შეუძლებელია.
“ჩვენი ეკონომიკის მხოლოდ 10 % მუშაობს. 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი პროდუქტი. წარმოგიდგენიათ რამდენი გვაქვს გასაკეთებელი? ძალიან ბევრია განაწყენებული ჩვენზე, მათ შორის რეგიონებში ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები და ბევრი მახსენებს, გახსოვთ, როგორი აქტიური ვიყავი, მაგრამ დღესაც უმუშევარი ვარო. მინდა მათ კიდევ ერთხელ განვუმარტო (ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, თორემ ეს არ მერიდება), ყველას ერთბაშად დასაქმება თეორიულადაც კი შეუძლებელიც იყო”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მან პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობამ შეუძლებელი შეძლო.
“შეუძლებელი შევძელით, ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ჩვენი ქმედებები ევროპა-ამერიკისთვის გასაგები ყოფილიყო და შიგნით საზოგადოების მუხტი არ დაგვეკარგა. საზოგადოებას 5 წუთში უნდოდა ყველა და ყველაფერი დაგვესაჯა იგივე მეთოდებით. ამით მივიღებდით ახალ უბედურებას. ძალიან რთული პროცესი გავიარეთ. რაც ევროპა-ამერიკას სურდა, აბსოლუტურად საპირისპირო სურდა საზოგადოებას და მოვახერხეთ, რომ ორივეს მხარდაჭერა შევინარჩუნეთ. ახლა ეს პროცესი დასრულდა და ამიტომაც ჩემი წასვლა აღარ იქნება მავნებელი. აქამდე ძალიან საჭირო ვიყავი და თუ გნებავთ დავიტრაბახებ, რომ ძალიან ფაქიზად და კარგადაც ვიმუშავე. გამოგვივიდა და თან არ გავაკეთეთ იგივე, რაც წინა ხელისუფლებამ – უწესრიგობით წესრიგის დამყარება არ შეიძლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
04.09.13