სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.
საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უწმინდესის გამგზავრება გერმანიაში ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა სამი დღის წინ ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა „ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესის გამწვავება“, რამაც გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა. არ არის გამორიცხული გერმანიაში პატრიარქს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს. ბერლინში დარჩენის დროც დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდება უწმინდესს.
ცისანა შარტავა: “პატრიარქის თვითგრძნობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას კარგია. ექიმის ენით რომ ვთქვათ, მას ჩივილები არ აქვს, მაგრამ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დეკემბერში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოიკვეთა ნაღველკენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება. მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ ჩათავდა, მაგრამ სამი დღის წინ იყო ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის ეპიზოდი. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ.”
სრულიად საქრათველოს კათოლიკოსს-პატრიარქს თან გაყვა ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი. უწმინდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
სოფიკო ნინიკაშვილი