„საქართველოს მოქალქეებისთვის ამ უფლების მინიჭება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მოტივატორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის პასპორტები. ამაზე ქეთევან ციხელაშვილი და მისი უწყება აქტიურად მუშაობენ“. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ეთერში ისაუბრა.
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროპარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა იმისა, რომ თითოეული მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებს, ჩვენი ქვეყნისთვის ამას სერიოზული პოლიტიკური გავლენა ექნება. ევროკავშირი საქართველოს მიმართ დიდ მხარდაჭერას იჩენს, დადებითად აფასებს რეფორმებს, გვიცხადებს ღია მხარდაჭერას მრავალპარტიულ ფორმატში. ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება.
ეს გადაწყვეტილება გულიხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ყოველ 180 დღეში, 90 დღის გატარება შეეძლებათ. თუ ამ წესის დარღვევა მოხდება, ნიშნავს, რომ დაირღვა უვიზო რეჟიმის პირობები. თუ ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ჩვენი ქვეყანა სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. შესაძლოა დავკარგოთ ეს მონაპოვარი. საქართველოს მთავრობა აპირებს მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, მოქალაქეებისთვის ამ პირობების გასაცნობად.
ზუსტი რიცხვის თქმა რთულია, გვაქვს რამდენიმე პროცედურა დარჩენილი. ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და შევიდეს ძალაში. ეს დაახლოებით იქნება მარტის ბოლო, ან აპრილის დასაწყისი, როდესაც საქართველოს მოქალაქე პირველად გადაკვეთავს შენგენის ზონას,მხოლოდ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტით,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მანანა ღოღობერიძე