„ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსთავის აზოტის ქარხნიდან კოლექტიური გათავისუფლების საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციის მიზანია შეისწავლოს, თუ რატომ გახდა კომპანია ფინანსურად წამგებიანი და რა ფაქტორების გამო აღმოჩნდა გადახდისუუნარო, რამდენად დაიცვა საწარმომ დასაქმებულთა უფლებები და გათავისუფლების პროცესში შეასრულა თუ არა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. “თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ – არჩილ კაიკაციშვილს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, თუ რამდენად არის შესაძლებელი დააკმაყოფილოს სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები.
რას ითვალისწინებს შრომის კოდექსი კოლექტიური დათხოვნის დროს?
– უპირველესყოვლისა უნდა განისაზღვროს არის თუ არა ეს შემთხვევა მასობრივი დათხოვნა. ცხადია,ქარხანაში მომხდარი გათავისუფლება კოლექტიური დათხოვნაა და შრომის კოდექსი ამ ცნებას ითვალისწინებს,. თუ გათავისუფლება მოხდა დამსაქმებლის ინიციატივით კოდექსის თანახმად ორი პირობა არსებობს:
- აუცილებელია ეს მომხდარიყო დასაქმებულისათვის ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
- თუკი კომპანია აღმოჩნდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და ვერ მოახერხა ერთთვიანი წერილობითი ცნობის გაგზავნა, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსი ითვალისწინებს სხვაგვარ რეგულაციას. შეტყობინება დათხოვნის თაობაზე უნდა გაგზავნილიყო სამი დღის ვადაში და დამსაქმებული ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს 2 თვის კომპენსაცია.
როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აღნიშნავენ, წინასწარი შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ მიუღიათ, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით იმოქმედოს და მათ გადაუხადოს კომპენსაცია.
შესაძლოა საწარმო ეკონომიკური სოციალური თუ სხვა სახის პრობლემის შექმნის გამო იძულებული გახდა, შეემცირებინა დასაქმებულთა რაოდენობა. ამ შემთხვევას კოდექსი ითვალისწინებს და დასაშვებად სცნობს მასობრივ დათხოვნას. მოსარჩელე იძულებულია, დაამტკიცოს, რომ ამ პირობებში, როდესაც საუბარია 2300–2500 დასაქმებულზე, აუცილებული არ იყო 350 პირის კოლექტიური დათხოვნა და იმსჯელოს რამდენად მიზანშეწონილია პროცენტულად ამ მაჩვენებლის (დასაქმებულთა დაახლოებით 15%-ი) სამსახურიდან გაშვება და ამართლებს თუ არა საწარმოს მიზნები გათავისუფლების საჭიროებას. თუ სასამართლოს გზით დადასტურდება, რომ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა გზა არ ჰქონდა, მაშინ საქმეს წარმატების პერსპექტივა არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში თუკი არ მოხდება დასაქმებული მუშების კომპენსაციით დაკმაყოფილება, დავას ექნება პერსპექტივა კომპენსაციის ფარგლებში.
რა ხდება მაშინ, როდესაც გათავისუფლებულები არ ეთანხმებიან გათავისუფლების ბრძანებას?
– თუ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები არ ეთანხმებიან გათავისუფლების ბრძანებას, მათ შეუძლიათ,ოფიციალურად ჩაიბარონ ბრძანება და ჩაბარებიდან 1 თვის განმავლობაში გაასაჩივრონ საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენისა და საფასურის ანაზღაურება და ბრძანების ბათილად ცნობა.
ექნება თუ არა დავას აზრი კომპენსაციის აღების შემთხვევაში?
– ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ორი სუბიექტი: საწარმო და გათავისუფლებული მუშები შეთანხმდნენ, რომ გათავისუფლება მოხდა კანონის დაცვით. კომპენსაციის მიღებით დასაქმებულები დაკარგავენ სამართალწარმოების უფლებას. იმ იურიდიული ნების გამოხატვით, რომ კომპენსაცია მიღებულია, ისინი ავტომატურად გამოდის, რომ აღიარებენ კანონის დაცულობას კოლექტიური გათავისუფლების შესახებ.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რა არის რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული ადამიანების უმთავრესი მოთხოვნა და როდემდე გაგარძელდება საპროტესტო აქციები.
გულნაზი ილურიძე ერთ–ერთია „აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებულთა შორის, როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი არ იცის, რადგან ამ დრომდე ახსნა–განმარტება არავისგან მოუსმენია.
„ზუსტად 1 კვირის წინ სამსახურში მივედი და დაბლოკილი საშვი დამხვდა, საწარმოში არ შემიშვეს. შემდეგ გავიგე, რომ გათავისუფლებული ვარ, ჩემთან ერთად ახალგაზდებიც და პენსიონერებიც დაითხოვეს, ახალმიღებული თანამშრომლებიც და ძველი მუშახელიც. რა პრინციპით მოხდა გათავისუფლება არ ვიცი. მას შემდეგ 1 კვირაა დავდივარ ქარხანაში და არავისგან არანაირი ახსნა–განმარტება არ მომისმენია. ახლა ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში 500 ლარს მოგცემთ სამი თვის განმავლობაში კომპენსაციადო. სხვები რას აპირებენ არ ვიცი, მაგრამ მე არ ვარ თანახმა ამ თანხის აღებაზე. საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა შეისყიდეს ქარხანა და ახლა ცდილობენ გაფლანგული თანხები „ამოიღონ“, ვიღაცამ თუ უკანონოდ აიღო ეს თანხები უბრალო მუშამ რა დააშავა? ხალხს სესხი აქვს აღებული, მათ რა ეშველებათ არავის ადარდებს. ჩემი მთავარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენაა. “
ნოდარ ბუნელაური ამჟამად მუშაობს „აზოტის“ ქარხანაში, თუმცა 3 თებერვალს სოლიდარობის ნიშნად ქარხნიდან დათხოვნილ თანამშრობლებთან ერთად იდგა. ის აღნიშნავს, რომ აქციაზე იმ ადამიანებს მხარდასაჭერად მივიდა, რომლებთან ერთადაც საწარმოში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და პროტესტის გრძნობა უჩნდება სამსახურიდან მათი გათავისუფლების ფორმის გამო.
„წლების განმავლობაში მუშაობდნენ ჩემი თანამშრომლები ჩემთან ერთად და ახლა გამუშვეს სახლებში. კაცი რომ 40 წელი იმუშავებს და მოულოდნელად გეტყვიან გაგისვით სამსახურიდანო უსამართლობაა აბა რა არის?! ძალიან ცუდი ფორმა შეარჩიეს თანამშრომლების დათხოვნის და აამაზეც მწყდება გული.“
რუსთავის „აზოტის“ ქარხნის ერთ–ერთი ყოფილი თანამშრომელი (სახელსა და გავრს მისი მოთხოვნით არ ვუთითებთ), „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მოხდა შვებულების პერიოდში, რისი გამოც დაირღვა მისი შრომითი უფლებები.
ჰქონდა თუ არა ქარხანას უფლება შვებულებაში მყოფი თანამშრომელი სამსახურიდან გაეშვა?
იურისტი არჩილ კაიკაციშვილი: “შვებულებაში მყოფი ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში არაერთგვაროვანი დამოკიდებეულება არსებობს. მნიშვნელოვანია მოსამართლე როგორ შეაფასებს ფაქტს. შვებულებაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება ცალსახად დაუშვებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გათავისუფლება უზრუნველყოფილია კოლექტიური დათხოვნის ფორმატში და არა ინდივიდუალური შრომითი დავა. როდესაც სასამართლოში საქმე შევა, შესაძლოა მან უპირატეს მტკიცებულებად მიიღოს ის, რომ საქმე მიმდინარეობს საწარმოს წინაშე მდგარი აუცილებელი ეკონომიკური სირთულიდან გამომდინარე კოლექტიური დათხოვნის ნაწილში და თუ კონკრეტულ პირს, რომელიც გათავისუფლების დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა უფლება დაერღვა, სხვა უფლებებთან შედარებით ეს ფაქტი შესაძლოა ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდეს.”
„აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული პირები აღნიშნავენ, რომ მათი მთვაარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენაა და მზად არიან აქცია გააგრძელონ, სანამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, 26 იანვარს ქარხნიდან რაც 330–მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მე–10 დღეა, რაც პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაცია გათავისუფლებულ მუშებთან ერთად აზოტის ქარხნის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარხნიდან თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმებოდა, მედიაში რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ადმიანისტრაცია თანახმაა, რომ კომპენსაციის სახით სამი თვის განმავლობაში 500 ლარი გადაუხადოს დათხოვნილ თანამშრომლებს.
ნანუკა მაღლაკელიძე